ევროპარლამენტმა ციფრული კოვიდსერტიფიკატების შემოღების ინიციატივას მხარი დაუჭირა
თამთა ჩაჩანიძე
09.06.2021

ევროპარლამენტმა ციფრული კოვიდსერტიფიკატების შემოღების ინიციატივას მხარი დაუჭირა, რომელიც ძალაში პირველი ივლისიდან შევა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კი საქართველოში აცრილი ადამიანები ევროპაში ჩვეულებრივ იმოგზაურებენ, რადგან ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ მიიღებენ მოქალაქეებს, რომლებიც ჯანმო-ს მიერ რეგისტრირებული ვაქცინებით იქნებიან აცრილნი.

"საქართველოში აცრილი ადამიანები ევროპაში ჩვეულებრივ იმოგზაურებენ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა.მისივე თქმით, ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ მიიღებენ მოქალაქეებს, რომლებიც ჯანმო-ს მიერ რეგისტრირებული ვაქცინებით იქნებიან აცრილნი.

ამბობს, რომ სრულად ვაქცინირებული მოქალაქეები საქართველოშიც უპრობლემოდ შემოვლენ.

„თუმცა ვაქცინაციის მიუხედავად, ევროპის ქვეყნები დიდ ყურადღებას აქცევენ ნეგატიურ PCR-ტესტს", - აღნიშნა NCDC-ის ხელმძღვანელმა.

ევროპარლამენტმა ციფრული კოვიდსერტიფიკატების შემოღების ინიციატივას მხარი დაუჭირა, რომელიც ძალაში 2021 წლის 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში და მოქმედების ვადა 12 თვე ექნება. პლენარულ სესიაზე ციფრულ კოვიდსერტიფიკაციებთან დაკავშირებულ რეგულაციებს მხარი 543 -მა კანონმდებელმა დაუჭირა, 93 - წინააღმდეგი წავიდა, 46-მა კი - თავი შეიკავა.ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ინიციატივა ახლა ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

ევროკავშირის ქვეყნის ხელისუფლების მიერ კოვიდსერტიფიკატის გაცემა უფასოდ მოხდება ქაღალდის დოკუმენტის ან ციფრული სახით. დოკუმენტში დამოწმებული იქნება, რომ პირი ვაქცინირებულია, ან კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს ან ვირუსი გადაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ კოვიდსერტიფიკატი არ არის თავისუფალი გადაადგილების წინაპირობა და არ განიხილება, როგორც სამოგზაურო დოკუმენტი.

ევროკავშირის ნებისმიერმა ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროკავშირის სხვა ქვეყნის მიერ გაცემული ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აცრილების კოვიდსერტიფიკატები. ამასთან, ინდივიდუალურად წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, აღიარებენ თუ არა ისინი ამა თუ იმ ქვეყანაში ეროვნულო დონეზე, ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საგანგებო გამოყენების მიზნით დამკტიცებული ვაქცინებით აცრილების სერთიფიკატებს.

„ამასთან დაკავშირებით დეტალები არ ვიცი, მაგრამ რაზეც გვილაპარაკია ის იყო, რომ იქ სამი ვარიანტი იყო, თუმცა საბოლოოდ რა მიიღეს, არ ვიცი. უნდა ყოფილიყო, 48 საათით ადრე ტესტი, ან ვაქცინირების, ან იმუნიტეტის დამადასტურებელი, კოვიდგადატანილის ანალიზი. ჯერჯერობით ისედაც ჩვენ დაშვებული არ ვართ, თუ რამე საქმე არ გვაქვს. ტურისტული მიზნებით, თუ არ ვცდები, ჯერჯერობით ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა გვიშვებს" - ამის შესახებ „რეზონანსთან" ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ და ექსპერტმა აკაკი ზოიძემ ისაუბრა.

მოსალოდნელია თუ არა კორონავირუსის მეოთხე ტალღა და როგორი შეიძლება იყოს ის, ამ საკითხზე საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ ყოველთვიურად 600-700 ათასი ადამიანი აიცრება, მაშინ, დიდი ალბათობით, ეპიდსიტუაციის გართულების და ძლიერი მეოთხე ტალღის საშიშროება ნაკლები იქნება.

ვერავინ ვერ გამორიცხავს ამას. იმ ინსტიტუტის პროგნოზირებით, რომელსაც ვეყრდნობით, აღნიშნულია, რომ შესაძლებელია ევროპაში, მათ შორის საქართველოში აგვისტოს ბოლოს, შემოდგომის დასაწყისში იყოს მეთხე ტალღა. ზაფხულში ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება, რა რაოდენობით მოსახლეობას ავცრით, როგორი მოცვა გვექნება. მეოთხე ტალღის, ზოგადად ეპიდვითარების გაუარესების ალბათობა გაცილებით მეტი იქნება, რაც უფრო ნაკლები ადამიანი იქნება აცრილი.

„ოფიციალურად ქვეყანაში 350 ათასი ადამიანია ინფიცირებული, ვისაც ლაბორატორიულად აქვს დადასტურებული, სხვადასხვა გათვლებით, ევროპაში შეფასებითი მაჩვენებლით 38% არის, ჩვენთან კი 33% ინფიცირებულია. დაახლოებით, მილიონამდე ადამიანს ქვეყანაში ასიმპტომურად, ან სიმპტომურად გადატანილი აქვს ინფექცია. აქედან გამომდინარე, ვისაც გადატანილი აქვს, უვითარდება ბუნებრივი იმუნიტეტი.

„მესამე ტალღა ისეთი დამანგრეველი რომ არ გვქონდა, როგორც მეორე, ამის განმაპირობებელი იყო ის, რომ გარკვეულ რაოდენობას ჰქონდა იმუნიტეტი, მაგრამ ახლა, ბუნებრივთან ერთად, აცრით გამოწვეული იმუნიტეტი უნდა დავამატოთ. ჩვენ გვინდა ყოველთვიურად 600-700 ათასი ადამიანი აიცრას, მინიმუმ 500 ათასი, მაშინ, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით, ეპიდსიტუაციის გართულების და ძლიერი მეოთხე ტალღის საშიშროება ნაკლები იქნება ",- აღნიშნავს გამყრელიძე.

საკითხზე არის თუა არა ეპიდსიტუაციის გართულების საფრთხე ისე, რომ შემოდგომით ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა მივიღოთ, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ თუ რეგულაციების დაცვა ვერ შევძელით, საფრთხე ყოველთვის იქნება. თუმცა, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა მდგომარეობის გართულების შანსი გაცილებით ნაკლები იყოს, ვიდრე 2020 წლის შემოდგომა- ზამთარში იყო.

„საფრთხე ყოველთვის იქნება, თუ რეგულაციების დაცვა ვერ შევძელით, თუმცა ახლა საფრთხე ნაკლებია, ვიდრე შარშან იყო. იმედია ადგილობრივი არჩევნები არ იქნება ამ მხრივ ისეთი შედეგის მომტანი, რაც საპარლამენტო არჩევნები იყო - როცა პრაქტიკულად რეგულაციები არ დავიცავით და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა პოლიტიკურ პროცესებს შევწირეთ.

„ახლა კორონავირუსი გაცილებით მეტს აქვს გადატანილი, აქვთ ბუნებრივი იმუნიტეტი და დიდ ქალაქებში - თბილისი იქნება, ბათუმი, თუ ქუთაისი, მოქალაქეების ერთ მესამედს აქვს გადატანილი. სექტემბრამდეც იმედი მაქვს, რომ ერთი 20%-ის აცრა მაინც მოხდება და თუ ასე გამოვიდა, რომ ყოველ მეორეს, ან ბუნებრივი, ან აცრის შედეგად განვითარებული იმუნიტეტი ექნება, მაშინ მდგომარეობის გართულების შანსი გაცილებით შემცირებული იქნება.

„იმიტომ, რომ ყოველი მეორე ადამიანი ვირუსის გადაცემის ჯაჭვს შეაჩერებს, ეს ამ კუთხით პროგნოზი დამაიმედებელია, თუმცა, ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ რეგულაციები არ დავიცვათ და მთავარია, რომ ამ ინფორმაციის საფუძველზე მობილიზება და იმ მოქალაქეების დარწმუნება უნდა მოვახდინო, რომლებიც ჯერ კიდევ ყოყმანობენ გაიკეთონ თუ არა აცრა," - განაცხადა ზოიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსზე მოსახლეობის იმუნური ფენის კვლევას იწყებს. კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი ქვეყნის მაშტაბით ჩატარდება.კვლევის საგანი იქნება, რამდენად აქვს მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×