ხატია ბერიძე
23.11.2021

ორშაბათს პოლონეთში უკანონოდ შესვლის მცდელობაზე ბელარუსის საზღვართან საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ბოლო ორი თვის განმავობაში კი პოლონეთის საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაზე ჯამში სულ 3 ქართველია დაკავებული. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით საყურადღებოა ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე ამჟამად მიმდინარე მიგრანტთა კრიზისის ფონზე. საიდან მოხვდნენ ქართველები საზღვარზე და რა დიპლომატიური პრობლემები შეიძლება შეუქმნას ამ ინციდენტებმა საქართველოს?

ნოემბერში, ევროკავშირის ქვეყნებისკენ მიმავალი მიგრანტების ჯგუფების გამო სიტუაცია დაიძაბა ბელარუსსა და მის მოსაზღვრე ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით კი პოლონეთთან. ბელარუსიდან მომავალი მიგრანტების ჯგუფი პოლონეთის საზღვრის გარღვევას ამჟამადაც ცდილობენ.

ევროკავშირი მიგრანტების კრიზისს ბელარუსისა და რუსეთის ერთობლივი ჰიბრიდული ომის ნაწილად განიხილავს. ევროკავშირის მიერ ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესების განხილვას ლუკაშენკოს მუქარა მოჰყვა, რომ საპასუხოდ ის ევროპის ქვეყნებს ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს. ევროკავშირი პოლონეთის საზღვართან არსებულ მიგრანტთა კრიზისს ლუკაშენკოს მინსკზე დაწესებული სანქციების პასუხად მიიჩნევს, რასაც ბელარუსის პრეზიდენტი უარყოფს.

ევროკავშირმა გასულ დღეებში ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა. ასევე, გადაწყდა მიგრანტებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა და ამისთვის თანხების გამოყოფა.

პოლონეთის ხელისუფლების ცნობით, ბელარუსის საზღვარზე მდგომარეობა ისევ მძიმეა. მიგრანტთა ბანაკების გაწმენდის შემდეგ, როდესაც ბელარუსის ხელისუფლებამ საზღვართან მყოფი მიგრანტების ჯგუფი დიდ საწყობში გადაიყვანა და ასობით ერაყელი სამშობლოში დააბრუნა, რამდენიმე საათში მინსკმა ასობით მიგრანტი საზღვართან ისევ გადაიყვანა და საზღვრის არალეგალური გადაკვეთა კვლავ წაახალისა.

პოლონეთის მესაზღვრეების წარმომადგენლის თქმით, ხუთშაბათს სარამოსთვის ბელარუსის ჩართულობით საზღვარზე მიგრანტთა რაოდენობა 500-მდე გაიზარდა. კვირას კი საზღვრის უკაონოდ გადაკვეთა 346-ჯერ სცადეს. პოლონეთის სასაზღვრო პოლიცია განცხადებაში წერს, რომ მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარებისთვის 3 მოქალაქე დააკავეს, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. ბოლო 2 თვის განმავლობაში მსგავსი ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.

„რონდელის ფონდის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ,,რეზონაანსთან" საუბრისას პოლონეთის საზღვარზე ქართველ მოქალაქეებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მათი რაოდენობა ბელარუსის საზღვარზე არც ისე ბევრია, რომ საქართველოს რაიმე უხერხული მდგომარეობა შეექმას.

„საქართველოდან ბელარუსში ფრენები ჩვეულებრი ხორციელდება ამ ფაქტის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ბელარუსის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებიც გამოჩდნენ. არც ის არის გასაკვირი, რომ საქართველოს მოქალაქეც ცდილობდა პოლონეთის საზღვრის გადაკვეთას, რადგან ევროპაში საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე ჰკვეთს საზღვარს უკანონოდ და ესეც ალბათ ერთერთი იყო. ევროპაში უკანონოდ ჩასული ქართველების რაოდენობა რამდენიმე ათასს შეადგენს.

,,რაც შეეხება იმ საკითხს, შეიძლება თუ არა საქართველოს მოქალაქეების ყოფნამ ბელარუსის საზღვართან რაიმე უხერხულობა შეუქმნას ქვეყანას, ეს გამორიცხულია, რადგან იქ არ იქნება დიდი რაოდენობით ქართველი, რაც მოსაოდნელ უხერხული მდგომარეობის საფუძველს არ გვიქმნის", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×