თეონა ვეშაგური
23.11.2021

ოკუპირებული აფხაზეთის ახალი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის" პრიორიტეტად ასახელებს რუსეთთან თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და ქართული მხარის მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებას. კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ არძნბა სავარაუდოდ მომავალში დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობასაც დაიკავებს და მისი სახით კრემლმა როგორც იქნა იპოვა აფხაზური წარმომავლობის პოლიტიკოსი, რომელიც აფხაზეთში რუსულ პოლიტიკას გაატარებს.

ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი საუბრობს და აცხადებს, რომ ქართულ მხარეს ავიწყდება ის პრიორიტეტული საკითხები რომლებიც რეგიონში მიმდინარეობს.

როგორც არძინბამ „აფხაზეთის ტელევიზიას" განუცხადა, თბილისთან ურთიერთობებში პრიორიტეტია „საქართველოს მხრიდან აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღიარება". მისივე თქმით, ჟენევის დისკუსია რჩება ერთადერთ მრავალმხრივ ფორმატად, რომელზეც აფხაზეთს წარმომადგენლობა ჰყავს და ამ მნიშვნელოვან მოედანზე მკაფიო პრიორიტეტი აქვთ - „ეს არის საქართველოს მხრიდან სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღიარება და ძალის არგამოყენების შესახებ ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერა".

ამასთან, არძინბამ თქვა, რომ ეს რთული და გრძელი გზაა, წინააღმდეგობები იქნება და მიზანს იოლად ვერ მიაღწევენ, მაგრამ დაჟინებით გააგრძელებენ ამ მიმართულებით სვლას.

პაატა ზაქარეიშვილი არძინბას რუს პოლიტიკოს უწოდებს და აცხადებს, რომ მას მხოლოდ გვარი აქვს აფხაზური. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება სერიოზულ შეცდომას უშვებს, როდესაც უარს ამბობს აფხაზურ მხარესთან პირდაპირ კონტაქტსა და მოლაპარაკებაზე.

„საუბედუროდ, არ არსებობს ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, ამიტომ ამ ურთიერთობებში ვერც ვერაფერი შეიცვლება. 2016 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება" დაერჩა მარტო - ის დაუბრუნდა „ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს - რომ არ არსებობს არავითარი აფხაზური მხარე და ჩვენ უნდა ველაპარაკოთ მხოლოდ რუსეთს. რაც არ უნდა ილაპარაკოს სოხუმმა, ქართული მხარისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ის მიბმულია მხოლოდ რუსეთზე.

„ეს არის ყველაზე დიდი დანაშაულებრივი შეცდომა, რასაც ქართული მხარე „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობიდან მოყოლებული აკეთებს. ამ ფონზე აშკარად ჩანს, რომ მაქსიმალურად ხდება აფხაზური პოლიტიკის რუსიფიცირება.

„არძინბას მხოლოდ გვარი აქვს აფხაზური. ის შესაძლოა ყოფილიყო პეტროვი ან ივანოვი, მნიშვნელობა არ აქვს. ის არის რუსი პოლიტიკოსი, რომელიც დაახლოებით ქართულ-აქფხაზური კონფლიქტის დროს დაიბადა. თუ არ ვცდები, დაბადებულია 1990 წელს, კონფლიქტი კი 1989 წლიდან მოდის. ის ამ დროს დაიბადა და გაიზარდა რუსეთში. როგორც პოლიტიკოსი, სწორედ პუტინისა და რუსეთის პატრიარქის კარზე ჩამოყალიბდა.

„არძინბა დღევანდელი თანამედროვე რუსული იმპერიული პროდუქტია, მას მხოლოდ გვარი აქვს აფხაზური. როგორც იქნა რუსეთმა იპოვა კადრი, რომელიც მის პოლიტიკას განახორციელებს, არა აფხაზურს, რაც ახლა მიდის, არამედ რუსულ პოლიტიკას აფხაზური ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

იგი საქართველოსთვის სერიოზულ გამოწვევად თვლის აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს, რაზეც ნაკლებად ამახვილებს ყურადრებას მმართველი პარტია.

„აფხაზეთში მიმდინარე პროცესები სერიოზული გამოწვევაა საქართველოსთვის, თუ საერთოდ ფიქრობენ ამაზე. მაგრამ ახლა საქართველო ფიქრობს მხოლოდ იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს სააკაშვილის შიმშილობის შემდგომი პროცესი. ამ ფონზე შეუმჩნეველი რჩება საკმაოდ სერიოზული გამოწვევები.

„როგორც ჩანს, ინალ არძინბა მომავალში აფხაზეთის პრეზიდენტი გახდება. შესაბამისად, უფრო მეტად გაატარებს რუსულ პოლიტიკასაც. ეს ადამიანი ხედავს, რომ აფხაზეთის დამოუიდებლობას შანსები არ აქვს და ნელ-ნელა უფრო მეტ დისტანცირებას მოახდენს ქართულ-აფხაზური კონტექსტიდან. მითუმეტეს, რომ ის შავი ზღვის კონტექსტზე და ნატოზეც საუბრობს, ანუ ის მოქმედებს რუსეთის ინტერესების მიხედვით.

„შავ ზღვაში არის ნატოს წამყვანი სახელმწიფო თურქეთი. ეს არ არის რიგითი სახელმწიფო, მაგრამ, შავ ზღვაზე ორი რიგითი სახელმწიფოა - ნატოს წევრი ბულგარეთი და რუმინეთი და კიდევ ორი ქვეყანა, რომელიც ნატოსკენ მიისწრაფის - საქართველო და უკრაინა. ამ ფონზე კი მხოლოდ რუსეთი რჩება, რომელიც ნატოს საწინააღმდეგო პოზიციაზე დგას.

„ახლა ვხედავთ, რომ დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც იმ პოზიციას ემხრობა, რომელიც აქვს რუსეთს. არძინბა დარწმუნებულია, რომ რუსულ მხარეს აფხაზეთის საერთაშორისო აღიარება ვერ წარმოუდგენია და ამიტომ მას სურს მოახდინოს ისეთივე ანექსია, როგორიც ყირიმის შემთხვევაში.

„ყირიმი, კრასნოდარის მხარე, რომელიც რუსეთისაა და აფხაზეთი, რომელიც ოკუპირებულია და მისი ანექსირება მიმდინარეობს, საკმაოდ დიდი ტერიტორიებია. სავარაუდოდ, ისინი ნატოს კონტექსტზე იქნებიან დაპირისპირებულები. ჩვენი დოყლაპია ხელისუფლება კი ამ პროცესებს ყურადღებას არ აქცევს და ელოდება როდის დასდებს პატივს რუსეთი და დაელაპარაკება, რაც არ მოხდება.

„ვკარგავთ როგორც ხალხს, ასევე გეოპოლიტიკურ კონტრექსტს შავ ზღვაზე და კავკასიაზე. ქართულმა მხარემ უნდა გაითავისოს, რომ ის არა არის მხოლოდ „ქართული ოცნება", ვინც პარტიულ ინტერესებზე ფიქრობს. თუ ამას გაითავისებს, უნდა მიიღოს თამამი გადაწყვეტილება და დაიწყოს დიალოგი აფხაზურ მხარესთან.

„მაგრამ, უკვე ძალიან გვიანაა. აფხაზები ქართული მხარის პოზიციას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ელოდებოდნენ, თუმცა, როდესაც ხელი მოეწერა რუსულ-აფხაზურ დოკუმენტს აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ, შეწყდა ამაზე საუბარი.

„ახლა კი მათ თავიანთი საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდან ამოიღეს ქართულ მხარესთან დიალოგის საჭიროებასთან დაკავშირებული საკითხები. დღეს არძინბა აცხადებს, რომ მხოლოდ ჟენევაა მოლაპარაკებების მოედანი, როდესაც წინა დოკუმენტში აღნიშნული იყო მოლაპარაკებების სხვა ფორმატებიც.

„ზალკანიანმა მათ დასცინა. თქვა, რომ მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტი რუსული პროექტია. ახლა რას იტყვის? ჯერ კიდევ ერთი წლის წინ სურდათ აფხაზებს გადაერჩინათ თავიანთი დამოუკიდებელი პოლიტიკა. სურდათ ქართულ მხარესთან დიალოგი და დოკუმენტშიც ჩაწერეს ეს. მაგრამ მიხვდნენ, რომ ქართველები დაუნახავები არიან და ვერ ხედავენ რა ხდება აფხაზების თავს.

„ამის შემდეგ ძალიან, ძნელია რამის გაკეთება. მე არაფერს არ ველოდები „ქართული ოცნენბისგან". წესით კი მათ ის უნდა გააკეთონ რისი გამკეთებლებიც არ არიან - უნდა დაიწყონ პოლიტიკური საუბარი აფხაზეთთან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×