ელზა პაპოშვილი
30.11.2021

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი თავის რებრენგდინგს ცდილობს. იგი ეცდება სასამართლო სხოდმებზე მაქსიმალურად თავშეკავებული იყოს და აკადემიური ქცევით ნეიტრალური ამომრჩეველის კეთილგანწყობაც მოიპოვოს. ასე აფასებენ ანალიტიკოსები 29 ნოემბრის სასამართლო პროცესს და მიიჩნევენ, რომ სააკაშვილს კონკრეტული გეგმა აქვს შემუშავებული, რომელსაც მიზანმიმართულად მიჰყვება. 

ბოდიში, რომელიც ბოლომდე ბოდიში არ იყო და საუბარი მმართველობის  წლებზე, რომელიც ძირითადად აღმშენებლობის ხანა იყო - ასეთია სააკაშვილის ვრცელი სიტყვის მოკლე შინაარის, რომლითაც ის სასამართლოს წინაშე 29 ნოემბერს წარსდგა. ოპოზიციის ნაწილი მისგან მონანიებას ელოდა და იმედგაცრუებულია იმით, რომ სააკაშვილი სისტემურ დანაშაულებებს მხოლოდ პატარა შეცდომას უწოდებს, რომელიც გაკეთებული დიდი საქმეების გამო უნდა ეპატიოს. 

ყოფილმა პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა რომ ქართულ სასამართლოს არ ცნობს, თუმცა სასამართლო პროცესი, როგორც პოლიტიკური ტრიბუნა, მაინც გამოიყენა. 

7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სასამართლოზე ბრალდებული სააკაშვილი ორშაბათს პირველად წარსდგა. ექს-პრეზიდენტმა გამოსვლის ნაწილი სწორედ 14 წლის წინ ნოემბერში განვითარებულ მოვლენებს დაუთმო და თქვა, რომ გადაწყვეტილებებს აქციის დაშლის და საპოლიციო ღონისძიების შესახებ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი იღებდა. 

სააკაშვილმა  გირგვლიანის მკვლელობისა და ვალერი გელაშვილის საქმეებზეც ისაუბრა და მათ პიარის ნაწილი უწოდა. 

სააკაშვილი არ შეცვლილა - „ოცნების“ შეფასება 

მმართველი გუნდი და ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილისგან სინანულს ელოდა, ამის ნაცვლად კი, მათი განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა ყველა ბრალდება უარყო, ხოლო იმ სისტემურ დანაშაულებს, რის გამოც ხალხმა ხელისუფლების შეცვლას დაუჭირა მხარი, მხოლოდ მცირე გადაცდომა უწოდა. 

„გუშინ ვნახეთ მატყუარა, ფლიდი ადამიანი, რომელიც არ ზოგავს თავისივე თანაგუნდელებს და დანაშაულს მათ აბრალებს. ეს პირველი არ არის. მან ადრე თქვა, რომ არ იცნობს მეგის ქარდავას - მთავარ მწამებელს, თუმცა ეს არის ადამიანი, რომელიც სააკაშვილს 2-ჯერ ჰყავს დაჯილდოებული: ერთხელ ღირსების ორდენით და მეორედ, ვახტანგ გორგასლის მეორეხარისხის ორდენით, რაც უმაღლესი საბრძოლო ჯილდოა. 

„მზად არის ყველას ყველაფერი დააბრალოს, ოღონდ მას სასჯელი არ შეეხოს. შესაძლოა ისიც ვიხილოთ, თითქოს მან არ იცოდა, რომ თემურ ჯანაშია აგზავნიდა სახელმწიფო თვითმფრინავს იმისათვის, რომ მისთვის მასაჟისტი ჩამოეყვანა გერმანიიდან და შესაძლოა ისიც არ იცოდეს, რომ მის კერძო ვიზიტებში, ერთ ღამეში სასტუმროში 18 000 დოლარს იხდიდნენ“, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი. 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზე წავა, რათა მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს. 

„სააკაშვილი წავა ყველაფერზე, რომ მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს და გადააბრალოს მის უახლოეს მეგობრებს ის დანაშაულები, რომლებსაც ერთად აკეთებდნენ. ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს, რომ თემურ ჯანაშია მისი დავალების გარეშე იყიდდა პიჯაკებს? ეს წარმოუდგენელია. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მიხეილ სააკაშვილის გარეშე ვერაფრის გადაწყვეტა ვერ ხდებოდა“, - აღნიშნავს გიორგი ამილახვარი.

ოპოზიციის ნაწილი მონანიებას ელოდა 

ოპოზიციიის ნაწილს ყოფილი პრეზიდენტისგან სინანულის მოლოდინი ჰქონდა, ამის არარსებობამ კი დაარწმუნა, რომ სააკაშილი არ შეცვლილა. პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს მეტამორფოზა არ განუცდია. 

„გუშინ გვაჩვენა სააკაშვილმა, რომ არავითარი მეტამორფოზა არ განუცდია, არანაირი დასკვნები არ გამოუტანია და არანირი სინანული არ აქვს იმ ჯოჯოხეთურ რაღაცეებზე, რაც მას აქვს ჩადენილი. გაიმართლოს თავი, თუ არაფერი დაუშავებია. თუ მართლა ტელევიზიით უყურებდა ყველაფერს და გირგვლიანის საქმე არ არსებობდა და გელაშვილმა თავი იცემა, ქონება წაირთვა და პარლამენტიდან თვითონ გაიგდო თავი, ცამდე მართალი თუ არის და მამა აბრამის ბატკანი, გაიმართლოს თავი, წავიდეს სტრასბურგში“, - აცხადებს ელისაშილი.

სააკაშვილი კონკერტულ გეგმას მიჰყვება - ანალიტიკოსები

აქვს თუ არა მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ის სასამარლო სხდომებზე სიტყვით შეიძლება წარსდგეს და რისი თქმა სურდა 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში? ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საათნახევრიანი საუბრის განმავლობაში მას ახალი და განსხვავებული არაფერი უთქვამს, ძირითადად  საკუთარ ამომრჩეველზე მუშაობდა და ამის პარალელურად ე.წ. შუაშიტს ამომრჩეველს არწმუნებდა. 

„სამწუხარო ისაა, რომ სააკაშვილი დღემდე ვერ ათვიცნობიერებს რატომ გადაირჩიეს. თუმცა, თვალში მოსახვედრი იყო მისი საკმაოდ სოლიდური და აკადემიური იმიჯი. ჩვენ ვიცით მისი ემოციური ხასიათი და ასევე ბოლო დროს ექიმები ამბობდნენ, რომ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა. არა და სასამართლო დარბაზში სრულიად გაწონასწორებული ადამიანი ვიხილეთ, რომელიც ძალიანაც მომზადებული საუბრობდა. 

„საზოგადოების წინაშე ნამდვილი სააკაშვილი იდგა. აქ არა მხოლოდ ფიზიკურ მდგომარეობას ვგულისხმობ, არამედ იდეოლოგიური თვალსაზრისითაც. მის გამოსვლაში პრაქტიკულად ახალი არაფერი იყო. ერთადერთი შეცდომა რაც აღიარა, სასამართლო სისტემა იყო. იმაზეც, დარწმუნებული ვარ, გული იმიტომ წყდება, რომ ისევ პირადად მას შეეხო“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, სააკაშვილი სასამართლოს ხდომებს მაქსიმალურად პოლიტიკური პლათფორმისთვის გამოიყენებს, მაგრამ რაც უკვე მოვისმინეთ, ეს სიტყვები საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს გულს მაინც ვერ მოულბობს, ექსპრეზიდენტის მიმართ, საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აზრი უკვე არსებობს და მას არაფერი ახალი უთქვამს, რომ დაუჯერონ.

„სააკაშვილი ეცდება საქართველოს მოსახლეობაზე და განსაკუთრებით საერთაშორისო საზოგადოებაზე მაქსიმალურად გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოს. მისი საუბრის ძირითადი შინაარსი ისევ ბაქი-ბუქი და იმაზე საუბარი იყო, რა მაგარი რეფორმატორი გადავირჩიეთ. თურმე იმის გამო, რომ ქართული სახელმწიფო „აგვიშენა“, მადლობლები უნდა ვიყოთ და ის საშინელი სისტემური დანაშაულებები უნდა დავივიწყოთ. 

„ქართველმა ხალხმა სასამართლო სხოდმაზე ვერ იხილა ის მიშა, რომელიც მათ სურდათ - მიშა, რომელიც ჩადენილ შეცდომებს ნანობს და დამადლების გარეშე ბოდიშს იხდის. ამიტომ არ მგონია, რომ მან ამ გამოსვლებით ხელისუფლებას რამე პოლიტიკური ზიანი ან საკუთარ თავს დივიდენდები მოუტანოს. ის თავის რებრენდიგს ცდილობს, რაც ნაკლებად მგონია, რომ გამოუვა“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის თქმით კი, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ქართველ ხალხს აჩვენოს, რომ მოქმედი ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ მისი დახმარებით არის შესაძლებელი. ამასთან, უნდა მოსახლეობას დაანახოს, რომ არც ისეთი საშიში და  ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ადამიანია, როგორც ბოლო დღეების განამვლობაში ხელისუფლება საუბრობდა. 

„რა თქმა უნდა, სააკაშვილი ესაუბრებოდა როგორც საკუთარ ამომრჩეველს, ასევე ნეიტრალურ ელექტორატს. მას სურს ყველა ის ბრალდება თუ შეხედულება გაანეიტრალოს, რაც მასზე აქვთ ნათქვამი. 

„სააკაშვილმა უკვე დაამტკიცა, რომ საქართველოში დაბრუნება შეუძლია და მშიშარა არ არის. ციხეში ვერ გაძლებოსო და ვხედავთ, რომ პირიქით, 50 დღე იშიმშილა და ხელისუფლების მიერ ნათქვამი ყველა სიტყვის გაბათილება მოახერხა. ახლა ამ სასამართლო სხდომების გამოყენება უნდა, რათა მის მიმართ შეთითხნული და გაზვიადებული ბრალდებების განეიტრალება შეძლოს. 

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას კარგად გაწერილი გეგმა აქვს, რომელსაც მიჰყვება. 23 დეკემბერს ის კიდევ უფრო მეტ ძალას მოიკრებს და შემდეგ სასამართლო სხდომაზე მეტად მომზადებული გამოვა. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო, მაგრამ საზოგადოებამ სრულიად აკადემიური გამოსვლა იხილა. რა თქმა უნდა, ის  საკუთარი თავის რებრენდინგს ცდილობს და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეძლოს კიდეც“, - ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×