თეონა ვეშაგური
15.01.2022

რუსეთი აზერბაიჯანელ და სომეხ მეგობრებს სთხოვს, საქართველოს 3+3 პლატფორმის სარგებელი აუხსნან, რადგან, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო თავად რუსეთს ამის გაკეთების ნაკლები შანსი აქვს. ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს უარი ამ პლატფორმაში მონაწილეობაზე სწორი გადაწყვეტილებაა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოფიციალური თბილისი მეგობარ სახელმწიფოთა თხოვნას დათანხმდეს, მითუმეტეს, რომ რუსების ეს ახალი შეთავაზება საფუძველშივე გამორიცხავს ამ ფორმატში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას.

3+3 ფორმატის იდეა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაჩნდა და იგი გულისხმობს რეგიონის 6 სახელმწიფოს - რუსეთის, თურქეთის, ირანის, აზრბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს წარმომადგენელთა მონაწილეობით მოლაპარაკებათა ახალი პლატფორმის შექმნას. ამ ფორმატის პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ საჯაროდ და ოფიციალურად თქვა უარი ამ პლატფორმაში მონაწილეობაზე და მოსკოვში გამართულ შეხვედრას საქართველოს წარმომადგენელი არ დასწრებია, შეხვედრაზე საქართველოს დროშა მაინც დაკიდეს. ამ შემთხვევას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს მათთვის მიუღებელია.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით კი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შეხვედრას არ ესწრება, მისთვის კარი მაინც ღია რჩება. პლატფორმის შემდეგი შეხვედრა თურქეთში გაიმართება.

14 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის გამო მოსკოვს ნაკლები შანსი აქვს საქართველოს 3+3 ფორმატის სარგებელი აუხსნას, რის გამოც თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს მიმართეს.

„ჩვენს თურქ, აზერბაიჯანელ და სომეხ მეგობრებს მივმართეთ თხოვნით, რომ ჩვენს ქართველ მეზეობლებს ამ ფორმატში ჩართვით მათთვის და ყველა ჩვენგანისთვის სარგებელი აუხსნან. ფორმატში ჩართულობა მათ არ დაავალდებულებს არაფერს პოლიტიკური პოზიციების თვალსაზრისით", - განაცხადა ლავროვმა.

ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთის მიზანი რეგიონის ჩაკეტვაა, რათა თავისი გავლენის სფეროები გააძლიეროს. თუმცა საქართველოს არანაირი მიზეზი არ აქვს აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობა მიიღოს, რადგან მას ისედაც კარგი ურთიერთობები აქვს რეგიონში არსებულ სხვა ქვეყნებთან და ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად რუსეთის ნებართვა არ სჭირდება.

„გასაგებია, რომ მოსკოვი დაინტერესებულია საქართველოს მონაწილეობით 3+3 პლატფორმაში, რადგან მას უნდა ისეთი ფორმატის შექმნა, სადაც არ იქნება აშშ-სა და ევროკავშირის ადგილი. მისი მიზანია რეგიონი ჩაკეტოს და თავისი შეხედულებებით მართოს.

„სწორია, რომ საქართველო მონაწილეობას არ იღებს აღნიშნულ ფორმატში. მე ბევრჯერ მითქვამს - ეს არის ფორმატი 3+2 და არა 3+3. აქ საქართველოსთვის არანაირი სიკეთე არ არის, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ლავროვის განცხადებას - იქ იყო ასეთი რაღაც: „მიიღოს მონაწილეობა წინაპირობის გარეშე". ანუ პირდაპირ გვითხრა, რომ ნუ დააყენებთ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ნუ ილაპარაკებთ აფხაზეთ-ცხინვალზე.

„ჩვენ რუსეთთან სხვა სალაპარაკო არაფერი არ გვაქვს და თუ ეს თემა არ განიხილება, მითუმეტეს აზრი არ აქვს მონაწილეობას. თანაც იმ ფონზე, რომ რეგიონალურ საკითხებში საქართველო ისედაც თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს და არაჩვეულებრივი ურთიერთობები აქვს თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და ირანთან. ამ ურთიერთობების განვითარებისთვის კი საქართველოს არ სჭირდება არც რუსეთთან კოორდინაცია და არც მისი თანხმობა.

„რუსეთი იბრძვის თავისი გავლენის გასაფართოებლად, ძალიან უხეშად ვაჭრობს, მიდის ყოველგვარ პროვოკაცისა და შანტაჟზე, რაც ჩვენთვის ძალიან საშიშია. ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილები და აქტიურები საერთასორიშო პარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით, რათა გავაძლიეროთ საქართველოს დაცულობა.

„ამასთან, უნდა უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში კიდევ უფრო ფორსირებულ იქნას. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რითიც შეიძლება რუსეთი შევაკავოთ", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×