თეონა ვეშაგური
16.04.2022

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, სარაკეტო კრეისერ „მასკვას" ჩაძირვა კრემლისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დანაკარგის გარდა სერიოზული მორალური დარტყმაცაა. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ეს საგრძნობლად შეარყევს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მდგომარეობას. მეორეს მხრივ კი მისი ჩაძირვა სიმბოლურია - ეს სწორეს ის რუსული სამხედრო გემია, რომელიც ომის დასაწყისში უკრაინელმა ჯარისკაცმა ცნობილი მიმართულებით „გაუშვა".

14 აპრილამდე უკრაინასთან ომში რუსებს მხოლოდ ერთი გემი ჰქონდათ დაკარგული - საბრძოლო ხომალდი „სარატოვი", რომელიც ბერდიანსკის პორტში ჩაიძირა. თუმცა ეს ვერაფრით შეედრება „მასკვას" დაკარგვას და იმ ეფექტს, რაც მისმა ჩაძრვამ გამოიწვია როგორც რუსეთში, ისე უკრაინაში.

დამთხვევები და საინტერესო ფაქტები

„მასკვა" იყო სწორედ ის რუსული ხომალდი, რომელმაც ომის პირველ დღეებში ოდესის სანაპიროსთან, კუნძულ ზემინიზე მყოფ უკრაინელ სამხედროებს დანებება მოსთხოვა და პასუხად მიიღო ფრაზა, რომელიც პრაქტიკულად ამ ომის ერთ-ერთ სიმბოლოდ და უკრაინელთა მთავარ ლოზინგად იქცა. ფატალური დაზიანება კი მასკვამ იმავე კუნძულიდან 25 კილომეტრში მიიღო.

„მასკვა" ჩაიძირა ზუსტად იმ დღეს, როდესაც ჩაიძირა „ტიტანიკი" 110 წლის წინ - 14-15 აპრილის ღამეს.

ამ კლასის საბრძოლო ხომალდის ჩაძირვა ბოლოს 40 წლის წინ დაფიქსირდა. ეს მოხდა 1982 წელს ფოლკლენდის ომში, როდესაც ბრიტანელებმა არგენტინული კრეისერი „გენერალი ბელგრანო" ჩაძირეს.

„მასკვაზე" ინახებოდა დიდი ქრისტიანული სიწმინდე - უფლის ნამდვილი ჯვრის ნაწილი, რომელიც იცავდა გემს, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს „პალესტინის საიმპერატორო მართლმადიდებლური საზოგადოების პრეზიდენტმა სერგე სტეპაშინმა 2014 წელს გადასცა შავი ზღვის ფლოტს. ითვლებოდა, რომ ეს დიდი სიწმინდე იცავდა გემს და იგი ჩაუძირავი იყო.

რეალური სამხედრო დანაკარგი

სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, „მასკვას" ჩაძირვა მნიშვნელოვნად ზღუდავს რუსული სამხედრო ფლოტის შესაძლებლობებს. მართალია, ზღვაზე კვლავ რუსები დომინირებებენ, თუმცა „მასკვას" გარეშე მათი ხომალდების დაცულობის ხარისხი მნიშვნელოვნად მცირდება და ასევე განსაკუთრებით სარისკო ხდება სადესანტო ოპერაციების განხორციელება.

„მასკვას" ზოგჯერ მოიხსენიებდნენ, როგოც მცურავ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემას. იგი აღჭურვილი იყო მძლავრი რადიოლოკაციური და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით და პრაქტიკულად შეეძლო მთელი შავი ზღვის სამხედრო ფლოტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჰაერიდან თავდასხმის შემთხვევაში. შესაბამისად, მისი ჩაძირვის შემდეგ შავ ზღვაში მყოფი რუსული გემები უფრო დაუცველები გახდნენ.

„მასკვა" აგრეთვე აღჭურვილი იყო 16 ბალისტიკური რაკეტით, რომელიც მასთან ერთად ჩაიძირა და რაც სერიოზული დანაკლისია რუსებისთვის, იმ ფონზე, რომ რაკეტების მარაგი ისედაც ელევათ.

საყურადღებოა, რომ დაუდასტურებელი ცნობით, „მასკვას" ბორტზე იყო 2 ბირთვული ქობინი, რომელიც ასევე ჩაიძირა.

რაც შეეხება გემის ეკიპაჟს, ოფიციალურიად „მასკვას" ეკიპაჟი 510 კაციანია, მაგრამ, დაუდასტურებელი ცნობით, გემზე კიდევ იმყოფებოდა 600 მედესანტე. რუსული სარდლობის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის შემდეგ მოხდა ეკიპაჟის მთელი შემადგენლობის ევაკუაცია ახლოს მყოფ რუსულ გემებზე.

თუმცა, ეს ინფორმაცია შეიძლება არაზუსტი იყოს. ყოველ შემთხვევაში, რუსულმა სარდლობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ანტონ კუპრინი დაიღუპა.

თურქული მედიის ინფორმაციით, დაზიანებული „მასკვადან" ეკიპაჟის ევაკუირებაში თურქული ხომალდიც მონაწილეობდა, რომელმაც ბორტზე 58 რუსი მეზღვაური მიიღო.

უკრაინული მედიის ცნობით კი, „მასკვას" ეკიპაჟის მხოლოდ 14 წევრი გადარჩა, რომლებიც შაბათს ჩაიყვანა სევასტოპოლის პორტში სხვა რუსულმა სამხედრო ხომალდმა.

მიზეზები

რუსული მხარე კატეგორიულად უარყოფს, რომ ჩაძირვის მიზეზი უკრაინული რაკეტები გახდა. მათი ოფიციალური ინფორმაციით, „მასკვაზე" ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც მოხდა გემზე არსებული შეიარაღების დეტონაცია. ამის შედეგად გემმა მნიშნელოვანი დაზიანება მიიღო და ცალ ფერდზე გადაწვა, თუმცა არ ჩაძირულა.

ხანძრის გამო მოხდა გემიდან ეკიპაჟის წევრთა ევაკუაცია. რამდენიმე საათში მოხდა ხანძრის ლოკალიზება და დაიწყო გემის ბუქსირება სევასტოპოლისაკენ. თუმცა, შტორმისა და მიღებული დაზიანებების გამო, „მასკვამ" ხმელეთამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩაიძირა.

რაც შეეხება ხანძრის მიზეზს, ამაზე რუსული სარდლობა არაფერს ამბობს. სხვადასხვა რუსული მედიასაშუალებები კი ორ შესაძლო მიზეზს ასახელებენ: ნაღმთან შეჯახება ან ეკიპაჟის დაუდევრობა - ერთი ვერსიით, ხანძარი სიგარეტის ნაწვისგან გაჩნდა.

უკრაინული ვერსიის თანახმად, მათ კომპლექსური იერიში მიიტანეს „მასკვაზე". კრეისერის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის დასაბნევად ჯერ გემის მიმართულებით დრონები გაუშვეს და შემდეგ კი - უკრაინული წარმოების გემსაწინააღმდეგო ორი რაკეტა „ნეპტუნი", რათა ერთს მაინც გარანტირებულად მიეღწია მიზნამდე. „მასკვას" ორივე რაკეტა მოხვდა. შესაბამისად, ხანძარიც, შეიარაღების შესაძლო დეტონაციაც და ჩაძირვაც ეკრაინული „ნეპტუნების" დამსახურება იყო.

აღსანიშნავია, რომ 16 აპრილს რუსებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს კიევში მდებარე ქარხანაზე, რომელიც „ნეპტუნებს" აწარმოებს. უკრაინაში მიიჩნევენ, რომ ეს იყო რუსების ერთგვარი შურისძიება „მასკვას" ჩაძრვისთვის. ამ იერიშის შედეგად რამდენიმე საამქრო სრულად განადგურდა.

სერიოზული დარტმა რუსებისთვის

სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას თქმით, მომხდარის უკრაინული ვერსია უფრო დამაჯერებელია. მისივე ინფორმაციით, „მასკვაზე" იერიშის კოორდინაციას ჰაერიდან ახდენდა ნატო-ს რადიოლოკაციური სადაზვერვო თვითმფრინავი.

„ეს არის საკმაოდ სერიოზული შეტევა უკრაინული შეიარაღებული ძალებისგან. თავდასხმა მოხდა ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „ნეპტუნით", რაც კოორდინირებული იყო ნატო-ს შესაბამისი რადიოლოკაციური სადაზვერვო თვითმფრინავის საშუალებით, რომელიც იმ დროს ამ სივრცეში ტრიალებდა.

„საყურადღებოა, რომ ეს ფლაგმანი ახორციელებდა ორ მისიას. ერთი იყო სარაკეტო დარტყმის მიყენება უკრაინისთვის, რადგან ამ ხომალდს ჰქონდა ე.წ ზღვა-ხმელეთის ტიპის ბალისტიკური სარაკეტო კომპლექტები; და მეორე, ის ასრულებდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ფუნქციას, უზრუნველყოფდა უკრაინული სამხედრო თვითმფრინავებისა და საფრენი სისტემების განადგურებას.

„ძველი კრეისერია, მაგრამ წარმოადგენდა სამეთაურო ტიპის ხომალდს და მისი განადგურება სერიოზული დარტყმაა რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე. სერიოზულად შეირყა შავი ზღვის ფლოტის მდგომარეობა. გარდა ამისა, ეს უკვე მეორე წარმატებული ოპერაციაა, რომელიც განახორციელეს უკრაინის სანაპირო დაცვის ძალებმა.

„თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთის ფლოტში კიდევ არის სხვა საკმაოდ თანამედროვე გემები, მართალია „მასკვა" ფლაგმანი იყო, მაგრამ ზოგად კონტექტში მის ჩაძრვას დიდი ეფექტი არ მოუხდენია, გამომდინარე იქიდან, რომ რუსები კვლავ ინარჩუნებენ დომინაციას შავი ზღვის აუზში. ამასთან, რუსებმა ხელში ჩაიგდეს უკრაინული თანამედროვე სარაკეტო კატარღა. ეს შესაძლოა კომპენსაცია იყოს, რომელსაც რუსები გამოიყენებენ უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×