თეონა ვეშაგური
24.05.2022

ცხინვალის რეგიონში 17 ივლის დანიშნული ე.წ. რეფერენდუმი, სავარაუდოდ, გადაიდება. ამის შესახებ უკვე თავადა ცხინვალში საუბრობენ და ორ მთავარი მიზეზს ასახელებენ: რეფერენდუმი არ იყო შეთანხმებული მოსკოვთან და მისი მთავარი კითხვა „ოფიციალურ ბრძანებაში" იურიდიული თვალსაზრისით არასწორადაა ფორმულირებული. ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ე.წ. რეფერნდუმის გადადებისა თუ გაქუმების იდეაც მოსკოვიდან მოდის და ამასაც თავისი მიზეზი აქვს - კრემლში ჩათვალეს, რომ ამ ეტაპზე საჭიროა არ არის საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედებისათვის ამ ბერკეტის გამოყენება.

„ანატოლი ბიბილოვის ინიციატივა რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე თავდაპირველად სამხრეთ ოსეთის საზოგადოებამ ენთუზიაზმით მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მის უკან აშკარად იკითხებოდა წინასაარჩევნო კონიუნქტურა. ოპოზიციმაც კი საჯაროდ არ გააკრიტიკა ეს ინიციატივა. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს იყო კოორდინირებული მოსკოვთან. თუმცა, ახლა ახალი დეტალები ირკვევა.

„ირკვევა, რომ რეფერენდუმი რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა. უფრო მეტიც, თავარდ რეფერენდუმის კითხვის ფორმულირება და მასში „გაერთიანების" არსებობა იურიდიულად არასწორია. ჩვენს შემთხვევაში შესაძლებელია საუბარი იყოს მხოლოდ რესპუბლიკის შესვლაზე რუსეთის შემადგენლობაში, ხოლო ამ შემოთავაზებული ფორმულირებით რეფერენდუმი, სამწუხაროდ, სამართლებრივ შედეგებს არ მოიტანს.

„რუსეთის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ვინმესთან გაერთიანების პროცედურას. ამაზე რუსეთის ოფიციალურმა პირებმა უკვე დაიწყეს საუბარი.

„როგორც ჩანს, სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციისკენ მიმართული და კრემლის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული ნაბიჯის ნაცვლად, ყოფილი ხელისუფლება საკუთარი ელექტორალური მიზნის მიღწევას ცდილობდა. ამან შესაძლოა გარკვეულწილად ზიანი მიაყენოს ჩვენს ქვეყნებს შორის რეალური ინტეგრაციის პერსპექტივებს, ამიტომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება რეფერენდუმის გადადება უფრო კარგად დამუშავებული სამართლებრივი საფუძვლების შექმნით", - წერს ერთ-ერთი ცხინვალური ტელეგრამ-არხი.

აღნიშნული რეფერენდუმის იდეა ყოფილ დე ფაქტი პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს ეკუთვნის, რომელიც ამ დაპირებით მონაწილეობდა 2022 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე. 8 მაისს ბიბილოვი „არჩევნების" მეორე ტურში დამარცხდა, თუმცა თანამდებობაზე ყოფნის ბოლო დღეებში, კონკრეტულად კი 14 მაისს მაინც გამოსცა „ბრძანება" 17 ივლისს რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ.

რამდენიმე დღის შემდეგ კი ცხინვალის რეგიონის ე.წ. რეფერენდუმი ასევე განიხილეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინმა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

კარასინის განცხადებით, ქართველ კოლეგებთან ე.წ. „სამხრეთ ოსეთში" დაგეგმილი „რეფერენდუმი" განიხილა.

„მოკლედ ვისაუბრეთ, ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელიც აწუხებს ჩვენს ქართველ პარტნიორებს, ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით", - განაცხადა კარასინმა.

მოგვიანებით აღნიშნული დაადასტურა ზურაბ აბაშიძემ რადიო „თავისუფლებასთან" საუბარში. მან თქვა, რომ მოკლე სატელეფონო საუბარი ჰქონდა კარასინთან 18 მაისს, თუმცა არ აზუსტებს, ვინ იყო საუბრის ინიციატორი.

მისივე თქმით, კარასინმა მოკლე კომენტარი გააკეთა ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ და ეს უყურადღებოდ არ რჩება მათი მხრიდან.

ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე „რეზონანსთნ" საუბრისას ამბობს, რომ მოსკოვმა ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება უკრაინის საკითხზე საქართველოს პოზიციის გამო გადაიფიქრა, რომელიც „ბევრად უფრო თავშეკავებული აღმოჩნდა, ვიდრე ზოგიერთს წარმოედგინა". თუმცა, ეს თემა ნებისმიერ დროს შესაძლოა ისევ გააქტიურდეს, თუკი საქართველო მიდგომას შეცვლის.

„ეს რეფერენდუმი თავიდანვე იყო წინა „პრეზიდენტის" პიარ-სვლა. ეს იყო იდეა, რომელიც სჭირდებოდა ე.წ. არჩევნების მოსაგებად და მაგ ლოზუნგით მონაწილეობდა წინა არჩევნებზეც. როგორც ჩანს, აღნიშნული თემა ყველასთან არ იყო შეთანხმებული მოსკოვში.

„საყურადღებოა, რომ იქ არ მოინდომეს ამ რეფერენდუმის ჩატარება, რისი მიზეზიც რეალურად არის შემდეგი - მოსკოვი რეფერენდუმს განიხილავს, როგორც გარკვეული ზეწოლის ბერკეტს საქართველოზე იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აქტიური იქნებოდა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. აქ კი საქართველო ბევრად უფრო თავშეკავებული აღმოჩნდა, ვიდრე ზოგიერთს წარმოედგინა.

„ამ წუთში აღარ არის რეფერენდუმის საჭიროება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს საკითხი მოიხსნა. ის არ ამოღებულა დღის წესრიგიდან, უბრალოდ გადავადდება, რაც გზავნილია საქართველოსა და მისი პარტნიორებისთვის - იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევცვლით მიდგომებს, ეს რეფერენდუმიც კვლავ გახდება აქტუალური.

„ეს მხოლოდ ზეწოლის ბერკეტია ჩვენს ხელისუფლებაზე. სხვა გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას არ აქვს რუსეთისთვის. ისედაც მიერთებული არ აქვს ე.წ. სამხრეთ ოსეთი და იცვლება ამით რამე? დღეს „სამხრეთ ოსეთი" არის ყველაზე დიდი ერთიანი სამხედრო ბაზა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც არის რუსეთის", - განაცხადა არეშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×