ელზა პაპოშვილი
24.05.2022

უკრაინაში ომის 90-ე დღეს მთავარი მოვლენები კვლავ ქვეყნის აღმოსავლეთში ხდება. რუსული არმია განსაკუთრებული მონდომებით ცდილობს, გავიდეს ლუჰანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე. ანალიტიკოსთა შეფასებით, ვითარება დრამატულია და უკრაინული სარდლობა შესაძლოა, უკვე არჩევანის წინაშე დგას - გაიყვანოს თავისი ძალები სახიფათო ზონებიდან თუ ალყის პირობებში გააგრძელოს წონააღმდეგობა.

„რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსები ლუჰანსკის ოლქში რუსების განსაკუთრებულ აქტიურობას რამდენიმე მიზეზით ხსნიან. პირველ რიგში, კრემლს რაც შეიძლება სწრაფად სჭირდება რაიმე ლოკალური წარმატება ფრონტზე, რომელსაც პროპაგანდისტული მიზნით გამოიყენებს და რუსულ არმიასა და საზოგადოებაში მორალური განწყობის ამაღლებას შეეცდება. ლუჰანსკის ოლქის სრულად დაკავება კი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის სწორედ ასეთი ლოკალური წარმატება იქნება.

გარდა ამისა, რუსული სარდლობა ჩქარობს და ცდილობს, მაქსიმალურ წინსვლას მიაღწიოს, სანამ ამოქმედებული ლენდ-ლიზის კანონი რეალურ შედეგს გამოიღებს და უკრაინა საკმარისად მიიღებს უახლეს ამერიკულ შეიარაღებას.

კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ ლეჰანსკის ოლქის დაკავება მოსკოვს საშუალებას მიცემს, სრულად გადაერთოს უკვე დონეცკის ოლქზე, ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქებიდან უკრაინელების განდევნა კი რუსეთის მიერ ოფიციალურადაა გამოცხადებული, როგორც ომის მთავარი მიზანი.

აქედან გამომდინარე, ანალიტიკურ წრეებში გამოითქმება მოსაზრება, რომ მოსკოვი შესაძლოა, ამ ორი ოლქის დაკავებით დაკმაყოფილდეს, მათი აღების შემთხვევაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები შეაჩეროს და ზავის პირობებზე სცადოს მოლაპარაკების დაწყება, თუმცა ანალიტიკოსთა უმრავლესობას ეს მაინც არარეალურად მიაჩნია. 

დღეის მდგომარეობით კი, რუსები ლუჰანსკის ოლქის 80%-სა და დონეცკის ოლქის 50%-ს აკონტროლებენ.

ომის 90-ე დღე 

უკრაინული მხარის ინფორმაციით, 24 მაისს რუსულმა ძალებმა დონეცკსა და ლუჰანსკში დასახლებები დაბომბეს - დაიღუპა 7 და დაშავდა 6 მშვიდობიანი მოქალაქე.

იერიშის შედეგად დაზიანდა 63 შენობა, მათ შორის _ საცხოვრებელი სახლები, საბავშო ბაღი, აფთიაქი და ბანკი.

ამავე ოლქებში დაზიანდა მაგისტრალური გაზსადენი, რის გამოც შეწყვეტილია ბუნებრივი აირის მიწოდება.

რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დნეპროპეტროვსკის რეგიონის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე. 

სამშაბათიდან მუშაობას განაახლებს ხარკოვის მეტრო.

უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით კი, სამხედრო დანაშაულებში ბრალდებულ კიდევ 48 რუს ჯარისკაცს გაასამართლებენ.  

„მათი მიზანია უკრაინის 40%-ის დაკავება...“

სამხედრო  ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ დონბასის მიმართულებით საკმაოდ მძიმე სიტუაციაა და ლუჰანსკის რეგიონზე ფაქტობრივად ღია ზეწოლა  მიდის. ანალიტიკოსი ამბობს, რომ რუსები ცდილობენ, ლუჰანსკის ოლქზე სრული კონტროლი დაამყარონ, ამის შემდეგ კი დონეცკის ოლქზე გადაინაცვლონ. მართალია, მათ ამ ეტაპზე მაინცდამაინც წარმატებული იერიშები არ გამოსდით, თუმცა ფრონტზე საკმაოდ მძიმე ვითარებაა.  

„უკრაინის სარდლობა ახლა ცდილობს, რომ ჩრდილოეთის მიმართულებიდან რუსების ბლოკირება მოახდინოს, რათა ლუჰანსკის ტერიტორიის სრულად ოკუპაცია ვერ შეძლონ, რაც შემდეგ ხელ-ფეხს გაუხსნის რუსებს, რომ დონეცკისკენ გააქტიურდნენ. სიტუაცია საკმაოდ რთულია, ამ რეგიონებში ძალიან მძიმე ბრძოლები მიდის. ჯერჯერობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდაცვას მედგრად ახორციელებენ და რუსებს წინსვლის საშუალებას არ აძლევენ. 

„რუსებმა ლუჰანსკის ოლქის 80%-ის დაკავება შეძლეს და უკრაინელები 20%-ს აკონტროლებენ. რაც შეეხება დონეცკის ოლქს, იქ ტერიტორია თანაბრადაა გაყოფილი - ნახევარს უკრაინელები აკონტროლებენ,  ნახევარს _ რუსები“, - აცხადებს მაისაია „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ თუკი რუსები დონეცკისა და ლუჰანსკის ტერიტორიებს სრულად დაიკავებენ, პუტინი ომის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს, მაისაია ამბობს, რომ ეს მოსაზრება მცდარია, რადგანაც რუსების მიზანია, უკრაინის შავიზღვისპირა ტერიტორიები დაიკავოს, ამიტომ ომის ასე მარტივად დასრულებას პუტინი არ გეგმავს. 

„რაც შეეხება ოდესას, ის, ჯერჯერობით, ასეთი ცხელი წერტილი არ არის, მაგრამ პუტინის მიზანი მისი აღება და მოლდოვის საზღვრამდე მისვლაა. მას, ჯერჯერობით, არ სცალია, მაგრამ ოდესას აუცილებლად მიუბრუნდება. ქალაქის დაბომბვა ხდება, მაგრამ მის ალყაში მოქცევას ვერ ახერხებენ. რაც შეეხება ლისიჩანსკს, რუსები ცდილობენ, რომ მთავარი შეტევა იქედან მოხდეს და უკრაინელებიც მედგარ თავდაცვას ზუსტად იქ ახორციელებენ.

„კრემლმა დენატიფიკაციის თემა შეიტანა, ამიტომ ისინი აპირებენ, რომ ეს ბრძოლა გააგრძელონ და უკრაინის, დაახლოებით, 40% დაიკავონ. რუსები იმავე სქემის გათამაშებას აპირებენ, რაც საქართველოში გააკეთეს. ბრძოლა გაგრძელდება და ვფიქრობ, ომის აქტიური ფაზა ერთ წელს მაინც გასტანს. შესაძლოა, „გაყინვის“ პროცესიც იყოს, მაგრამ ესკალაციისა და დეესკალაციის შემთხვევებიც იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე - ვინ უფრო დაიღლება და გამოიფიტება, ვის რა რესურსი ექნება, დასავლეთი ამ ომში უკრაინას ბოლომდე რამდენად გაჰყვება და ა.შ. ასევე, პუტინს ქვეყნის შიგნით რა სიტუაცია ექნება და ის ამ ფინანსურ კრიზისს როგორ გაუმკლავდება“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.  

რას გაასაღებს პუტინი წარმატებად

გენშტაბის ყოფილი უფროსი და  გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კი ამბობს, რომ ამ ეტაპზე რუსები ლუჰანსკსა და დონეცკში ცდილობენ, ძალიან სწრაფად მაქსიმუმს მიაღწიონ, რადგანაც მათი პოტენციალი უკვე იწურება, ხოლო უკრაინელებისთვის ლენდ-ლიზის კანონის სრულად ამოქმედების შემთხვევაში იარაღისა და დახმარების სახით მეტი რესურსი გაჩნდება.

„რუსებმა აღმოსავლეთით ღრმა ალყა ვერ განახორციელეს. ვერც საშუალო გააკეთეს, რომლითაც სლავიანსკსა და კრამატორსკს ალყაში მოაქცევდნენ. ახლა ისინი  კონცენტრირებული არიან სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის მიმართულებაზე. 

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან პატარა უბეა, მაგრამ რუსები ცდილობენ, რაღაც მაინც გაასაღონ წარმატებად. მათი აღებით უკვე ლუჰანსკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე გადიან. პუტინს სათქმელი ექნება, რომ სახმელეთო დერეფანი ყირიმსა და რუსეთს შორის გაიყვანა, მარიუპოლი აიღო და აგერ ლუჰანსკის საზღვრამდეც გავიდა. დონეცკის საზღვრამდე ალბათ, ვერ გავლენ, თუმცა ამას ისე გააფორმებენ, როგორც წარმატებას. 

„სევეროდონეცკში დიდი ბრძოლები მიდის და მცდელობაა, რომ უკრაინის ჯარი ალყაში მოაქციონ. უკრაინელებს გადასაწყვეტი აქვთ - ეს დაჯგუფება გამოიყვანონ, გაასწორონ ფრონტი თუ ბრძოლა ალყაში გაგრძელონ. ალყის ძალიან დიდი საფრთხე არსებობს, ამიტომ ვნახოთ, უკრაინელი სარდლები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - ამბობს გენერალი „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ოდესის მიმართულებით რუსები დესანტის გადასხმას ვერ შეძლებენ, ამიტომაც ოდესის აღება მათთვის ამ ეტაპზე ძალან რთულია. კაპანაძე არ ელის, რომ ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქების აღების შემთხვევაში ომი დასრულდეს. მას მიაჩნია, რომ პუტინი ომის დროში გაწელვას შეეცდება.   

„უკრაინელებმა უკვე პარტიზანული ომი დაიწყეს - მელიტოპოლში რუსების ჯავშანმატარებელი გაანადგურეს, განადგურებული იქნა ასევე ოფიცერთა ჯგუფიც. რა თქმა უნდა, არც ერთი პარტიზანული მოქმედება სტიქიურად არ იწყება და ის მართვადია. ეს უკვე იმის ნიშანია, რომ რაც დრო გავა, რუსებს ბრძოლა მით უფრო გაუჭირდებათ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე წყნარი ცხოვრება არ ექნებათ.  

„უკრაინას ამ ეტაპზე არ აქვს შესაძლებლობა, დიდი კონტრშეტევა განახორციელოს. მას გარკვეული ძალებისა და აღჭურვილობის აკუმილირება სჭირდება, რუსეთს კი არ აქვს შესაძლებლობა, რომ ოპერატიული შეტევები გააგრძელოს. სიტუაცია ისევ პოზიციური დაპირისპირების ფაზაში გადავა. სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდით, ეს ომი გაჭიანურდება და დროში ძალიან გაიწელება. ასე რომ, ტყუილი მოლოდნია, ლუჰანსკისა და დონეცკის დაკავების შემთხვევაში, პუტინმა ომი დაასრულოს“, - აცხადებს გენერალი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×