თეონა ვეშაგური
28.05.2022

„ოცნების" მორიგი კრიტიკა საქართველოს პრეზიდენტს - 26 მაისის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული მომავლის პერსპექტივასა და შანსებზე ისაუბრა. თქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ამასთან, უნდა მოიხსნას კითხვები მართლმსაჯულების მისამართით. პრეზიდენტის ეს გამოსვლა კრიტიკულად შეაფასა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა „არ იცის სად რა უნდა თქვას" და თავად ანგრევს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ პრეზიდენტმა ხალხის სათქმელი თქვა, რაც, რა თქმა უნდა, არ მოსწონთ მმართველ გუნდში. მან ასევე ისაუბრა ზურაბიშვილის მკვეთრად შეცვლის პოზიციებზე და იმაზეც, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი პატიმრობაში მყოფ „მთავარი არხის" გენდირექტორ ნიკა გვარამიას.

რას ამბობს საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამართლიან სასამართლოს საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს და დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ.

„სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს: ეს იქნება ანტიკური ხანის ჩვეულებითი სამართალი, მე-13 საუკუნის „წიგნი სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე", მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის სისხლის სამართალს თუ ვახტანგ VI-ის სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და, ცოტა არ იყოს, სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაამახვილა ყურადღება.

ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევები არ ნელდება და პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, რომ მოსახლეობას დააჯერონ, თითქოს, საქართველომ შეიძლება „დრო იხელთოს" და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება - ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ. დღეს, ყველასთვის ნათელია, რომელი ქვეყანა ემუქრება მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა.

„გთავაზობთ რომ, როგორც წარსულში ერთად ვქმნიდით ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი. გთავაზობთ ერთიან ევროპულ მომავალთან შემოერთებას. გთავაზობთ თავისუფლებას და თქვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, კულტურის პატივისცემასა და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას. ამ დროს რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია, რეფერენდუმის და ანექსიის მუქარა, ვერ მიაღწევს ჩვენ შორის დაპირისპირების გაღვივების და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის შედეგს. რუსეთმა კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა და დანაშაული არ უნდა დაუშვას, და კიდევ „ერთხელ არ უნდა სცადოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმების და პრინციპების აბუჩად აგდება. ეს უპასუხოდ არ დარჩება და გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობისგან სათანადო რეაქციებს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს.

„ოცნების" კრიტიკა პრეზიდენტს.

პრეზიდენტის ეს გამოსვლა კრიტიკულად შეაფასა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა სასამართლო სისტემის რეპუტაციის დაზიანება სცადა.

„სირცხვილი სწორედ პრეზიდენტის განცხადება იყო - 26 მაისს, საზეიმო დღეს როცა არ იცი, რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. როცა საქართველოს პრეზიდენტი უერთდება სრულიად უარგუმენტო კამპანიას სასამართლო სისტემის წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ეს არის სერიოზული პრობლემა, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, უფრო სწორად ეს ასეა, რომ ამ განცხადებით მან სცადა სასამართლო სისტემის, ამ ინსტიტუტის რეპუტაციის დაზიანება, თუმცა, სინამდვილეში დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არის რეალობა.

„ჯერ კონტექსტი უნდა იცოდე როდის რა განცხადება გააკეთო. ეს სერიოზული პრობლემაა და სერიოზული გადახვევა იმ როლიდან, რაც აქვს პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტების გარანტს. თუმცა, ეს შეიძლება აღსანიშნიც არ ყოფილიყო იმ ფონზე, როცა გუშინ მან პრაქტიკულად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიხსენია, როგორც მეზობლები და საუბარი ჰქონდა მათ სუვერენობაზე. ამ ფონზე სასამართლოსთან დაკავშირებული განცხადება არის არაფერი", - განაცხადა კობახიძემ.

რა უდევს საფუძვლად პრეზიდენტის კრიტიკას

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტი ევროპაში თავისი ბოლო ვიზიტის შემდეგ „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ უფრო კრიტიკული გახდა, თუმცა ცდილობს შეინარჩუნოს ზღვარი და არ გახდეს ოპოზიციის ნაწილი.

„ზოგადად, „ქართული ოცნება", ბოლო დროს მიმდინარე შიდა და მსოფლიო პოლიტიკური ვითარების გამო, კრიტიკაზეა გადასული. მათ არ იციან რა მოყვება ამ პროცესებს და უარყოფითად არიან განწყობილი ყველა იმ აზრის მიმართ, რომელიც მათთვის მიუღებელია და ეჭვქვეშ აყენებს „ოცნების" უნარიანობას, რაც ძალიან სამწუხაროა. ისინი აკრიტიკებენ ყველას და არ აქვს მნიშვნელობა ეს პრეზიდენტი იქნება, ყოფილი თანაგუნდელი თუ სხვა ვინემე.

„ძალიან სწორი იყო ის, რაც ზურაბიშვილმა გააჟღერა. მან ჩვენი, ხალხის სათქმელი თქმა. რა თქმა უნდა, გააკრიტიკებდა კობახიძე, აბა, რას იტყოდა? - რომ მართალია პრეზიდენტი და არ გვაქვს სამართლიანი სასამართლო?

„ამასთან, არ მგონია რაიმე პასუხი მოჰყვეს ამ კრიტიკას პრეზიდენტისგან. ზოგადად მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილი ვიზიტით იმყოფებოდა საზღვარგარეთ და ბრიუსელში, ბერლინში და ა.შ. შეხვდა უცხოელ დიპლომატებს, მკვეთრად შეიცვალა პოზიციები, გადავიდა „ოცნების" კრიტიკაზე, თუმცა მაინც ცდილობს დაიჭიროს რაღაც ზღვარი, რათა არ გახდეს ოპოზიციის ნაწილი.

„მე ახლა მკითხაობას ვერ დავიწყებ და არ ვიცი შეიწყალებს თუ არა ის გვარამიას. მაგრამ მაინც ვთვლი, რომ პრეზიდენტი არც გვარამისა და არც სააკაშვილის შეწყალებაზე არ წავა", - განაცხადა ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×