თამთა ჩაჩანიძე
22.06.2022

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოთშაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. გარდა ამისა, გააკირიტიკა როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა პარლამენტში, ისე ოპოზიციის ქცევა პრემიერის გამოსვლისას. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ზოგადად პარლამენტის ოთხშაბათის სხდომით გაოგნებულია.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა თავისი განცხადებით, პრაქტიკულად, პოლარიზაციის შემცირების ნაცლად მის გაღრმავებას შეუწყო ხელი. ამასთან, მისი ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე, იგი ყალიბდება როგორც „მესამე მხარე", რაც ვითარების განმუხტვას ხელს არ უწყობს.

„სრულიად შეშფოთებული ვარ იმის გამო, რაც მოვისმინე პარლამენტში. რაც პარლამენტში დავინახე, არის საწინააღმდეგო იმისა, რაც საზოგადოებამ აჩვენა - თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა. პარლამენტმა საპირისპირო აჩვენა - დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, არმოსმენა. ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, დღეს ვაჩვენეთ.

„ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც იყო ისეთი, თუ რაიმე გამოსვლა შეიძლება ყოფილიყო, რაც ბრიუსელისკენ გააგზავნიდა ნეგატიურ სურათს და ნეგატიურ გზავნილს.

„თურმე ყველაზე კარგები ვართ, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ეს ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი არ გინდოდათ და ჩვენ ომი გვინდა - ეს არის აბსურდი და თავისი შინაარსით ძალიან შეურაცხმყოფელი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც „რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, დაპირისპირებული მხარეების გაშველება ორნაირად ხდება და პრეზიდენტმა ის გზა აირჩია, რომელიც პოლარიზაციას ხელს უფრო უწყობს.

„მოჩხუბრების გაშველება ორნაირად შეიძლება. ერთი გზა ისაა, რომ ორივე მხარეს უთხრა - რა გაქვთ საჩხუბარი, ამდენი საერთო გაქვთ და ა.შ. ანუ იმას შეუწყო ხელი, რომ ერთმანეთში კარგი დაინახონ; და მეორე გზაა, რომ ორივე გალახო და ამით მოაგვარო კონფლიქტი. მემგონი პრეზიდენტმა ეს მეორე გზა აირჩია. ორივეს მიმართ კრიტიკა ისევ კონფრონტაციაა და ორპოლუსიან კონფრონტაციას ახლა მესამე პოლუსი დაემატა. ამიტომ წაყენებული მოთხოვნის შესრულების ნაცვლად, რომ პოლარიზაცია შემცირდესო, პრეზიდენტის განცხადებით მემგონი საწინააღმდგეო შედეგი მივიღეთ.

„ვხედავთ, რომ ფაქტიურად სწორედ საკითხის გამო ხდება ერთმანეთისთვის თავპირის მტვრევა. ძირითადად იმასთან დაკავშირებითაა კამათი, რომ სტატუსზე რეკომენდაცია არ მოგვცეს, მაგრამ ორივე მხარე ერთმანეთს ეუბნება - არ მოგვცეს იმიტომ, რომ პოლარიზაცია შენგან მოდისო.

„კონფლიქტების მოგვარების დიდი ხნის გამოცდილება გვაქვს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობიდან გამომდინარე, ბოლო ხანებში ბრალდებები აღარ ისმის რა შეცდომა დაუშვეს აფხაზებმა, ან ოსებმა, ფონი გაუმჯობესდა და ურთიერთობა უფრო გააქტიურდა. ავბედითი წლების გახსენება და მტყუან-მართალის გარკვევა რომ დავიწყოთ, კონფლიქტი გაიზრდება, ეს კონფლიქტოლოგიის ანაბანაა.

„დღევანდელი დაპირისპირება თავად ევროპის ამ დადგენილებიდან დაიწყო. ვთვლი, რომ ევროპამაც ნაბიჯი აჩქარებულად გადადგა, მაგრამ იმას კიდევ დაფიქრება უნდოდა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა. მემგონი ევროპას ასეთი გააზრების დრო არ ჰქონდა უკრაინის ამბების გამო.

„პრეზიდენტმა პრემიერს სერიოზულად დაარტყა, დაარტყა ოპოზიციასაც, უკვე მესამე მხარე გამოვიდა. ვიღაც სხვა პრეზიდენტს დაარტყამს და ასე გაგრძელდება. რაც უფრო მეტი კრიტიკოსი გაჩნდება, პოლარიზაციას მით მეტი პოლუსი გაუჩნდება. რა თქმა უნდა, საჭირო იყო პირიქით ორივესთვის თავზე ხელის გადასმა და იმის თქმა, რომ ორივე ბედკრული საქართველოს შვილები არიან", - განაცხადა საყვარელიძემ.

...

ფრაზა - რამაზ საყვარელიძე: „საჭირო იყო პირიქით ორივესთვის თავზე ხელის გადასმა და იმის თქმა, რომ ორივე ბედკრული საქართველოს შვილები არიან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×