თამთა ჩაჩანიძე
22.07.2022

რუსეთს იმდენად მტკივნეული სამხედრო და ეკონომიკური პრობლემები ექმნება, რომ მორიგების გზებს ეძებს. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ მარცვლეულთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებეზე წასულიყო, აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას პროფესორი ნიკა ჩიტაძე. საუბარია სიახლეზე, რომლის თანახმადაც, გაეროსა და თურქეთის ორთვიანი მუშაობის შედეგად, რუსეთი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე დათანხმდა. ეს კრემლმაც დაადასტურა. პარასკევს ამის გამო ქვეყნის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ანკარაში გაემგზავრა.

„რუსეთი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ის არის ქვეყანა, რომელსაც თითქოს მშვიდობა სურს და ვითომ მსოფლიოზე ზრუნავს. აქედან გამომდინარე, ის უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს დათანხმდა. მეორე საკითხია ის, რომ რუსეთი დასავლეთის სანქციების ფონზე პარტნიორებს ეძებს, თურქეთის გულის მოგება უნდა და ცილობს, რომ მისი, როგორც შუამავლის როლი გაიზარდოს.

„რუსეთი ახლა ისე იქცევა, რომ თითქოს აქეთ მადლობა უნდა ვუთხრათ, ამდენი ხანი, რომ უკრაინულ პორტებს ბლოკავდა და დღეს ამას გახსნის, იგივე ოდესის ნავსადგუირს, საიდანაც მარცვლეულის ექსპორტი შესაძლებელი იქნება. აქ ჯერჯერობით ყველაფრის ექსპორტზე არაა საუბარი. დასავლეთი უკრაინას ეხმარება, რომ მარცვლეული სახმელეთო გზითაც გავიდეს.

„ლუკაშენკო განცხადებას, ომი დავასრულოთო, პუტინის გარეშე არ გააკეთებდა. ეს პირდაპირ რუსეთიდან რომ გაჟღერებულიყო, აღიქმებოდა, თითქოს პუტინი მიზანს ვერ აღწევს და უკან იხევს. ლუკაშენკომ თან დასავლეთი დაადანაშაულა და თან განაცხადა, რომ ომი შეჩერდეს, თუმცა რეალობაა ის, რომ რუსეთი წარუმატებელ ნაბიჯებს დგამს როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკურ სფეროში. სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის მიმართულებით წინ მიიწევენ და რუსული სამხედრო დაჯგუფება ალყაში მოაქციეს. უკრაინა „ჰაიმარსების" მეშვეობით რუსეთის სამხედრო საწყობებზე სარაკეტო დარტყმებს წარმატებით ახორციელებს, ეს ძალიან დიდი სიზუსტით ხდება. ასევე დაგეგმილია დამატებით სარაკეტო სისტემების მიწოდება. ბუნებრივია რუსეთი ამას აცნობიერებს, რომ მას სამხედრო სფეროში დიდი პრობლემები შეექმნება.

„რაც შეეხება ეკონომიკას, აქაც სანქციების გამო დიდი პრობლემები ექმნება, მაგალითად მანქანათმშენებლობა 97%-ით შემცირდა, თითქმის გაჩერდა, სხვა დარგებსაც აქვს რიგი პრობლემები. ნავთობისა და გაზის წარმოება თავად რუსეთის ტერიტორიაზე 10%-ით შემცირდა. რუსეთს სამხედრო და ეკონომიკური პრობლემები ექმნება, ის გარკვეულ გზებს ეძებს, ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ მარცვლეულთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებეზე წასულიყო", - განაცხადა ჩიტაძემ.

უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორის უკრაინის მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. პარასკევს დოკუმენტს თურქეთთან და გაეროსთან ხელს რუსეთიც მოაწერს, თუმცა უკრაინასა და რუსეთს შორის დოკუმენტის ხელმოწერა არ იქნება.

შეთანხმებას უკრაინის მხრიდან ხელი ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდ კუბრაკოვმა მოაწერა, თურქეთს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი წარმოადგენდა, გაეროს კი გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.

კრემლი დეტალებს არ ახმაურებს, თუმცა ამბობს, რომ სასურსათო კრიზისის ფონზე „გზების განბლოკვა მნიშვნელოვანია".

„დიახ, ჩვენ შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ თავდაცვის მინისტრი შოიგუ თურქეთში გაემგზავრა და რომ შეთანხმებაზე ხელისმოწერა დღეს იგეგმება, მაგრამ მოვლენებს წინ ნუ გავუისწრებთ, დაველოდოთ.

„გთხოვთ, რომ ხელახლა გადაიკითხოთ პუტინის ის განცხადება, რომელიც მან თეირანში სამიტისას გააკეთა. პუტინმა თქვა, რომ სასურსათო კრიზისის ფონზე, რომელიც მოახლოვებულია, მსოფლიო ბაზრებზე სასუქების, საკვებისა და მარცვლეულის მიწოდების გზების განბლოკვა ძალიან მნიშვნელოვანია."- განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×