თეონა ვეშაგური
25.07.2022

ოპოზიცის მიერ ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების შექმნა პოლარიზაციას კიდევ უფრო გაამწვავებს, რაც ევროკომისიის მოთხოვნას პირდაპირ ეწინააღმდეგება, პოლარიზაციის აღმოფხვრის საკითხზე - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, თუ ოპოზიციას 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით მუშაობა მართლაც სურს, მმართველი გუნდის ღონისძიებებში ჩაერთვებოდა.

ოპოზიციური პარტიების ის ნაწილი, რომლებიც "ქართული ოცნების" მიერ დაწყებულ პროცესში არ მონაწილეობს პარალელურ სამუშაო ჯგუფებს ქმნის, ისინი მესამე სექტორთან ერთად პარლამენტში შეიკრიბნენ, იმ ნაბიჯებზე მსჯელობენ, რაც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის საჭიროდ მიაჩნიათ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულმა პროცესმა პოლარიზაცია კიდევ უფრო გაამწვავოს, ან პირიქით, პოლიტიკურმა ჯგუფებმა ერთობლივი მუშაობა შეძლონ.

„ახალი, ალტერნატიული ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის ინიციატივა, ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნის, პოლარიზაციის აღმოფხვრის საკითხს ხელს შეუშლის, თუმცა, საყურადღებოა თუ საპარლამენტო უმრავლესობა მათ ინიციატივებს როგორ მიიღებს. არაა გამორიცხული, რომ „ოცნებამ"გარკვეული ინიციატივები აიღოს და საავტორო უფლებების დაცვით, თავის სამუშაო პროგრამაში ჩასვას. ამ შემთხვევაში, პოლიტიკური ჯგუფების ერთობლივი მუშაობა შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ეს, რომ ოპოზიციას სურდეს, მმართველი გუნდის დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებდა", - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე მოსაზრებით, 12 პუნქტის შესრულების პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი დასავლეთის ხელშია.

„პროცესები როგორც არ უნდა განვითარდეს, სტატუსის მიღება მაინც ჩვენი დასავლელი პარტნიორების ხელშია. მათ თუ აწყობთ სტატუსს მოგვცემენ და იმ პროცესებს გაამართლებენ, რაც დღეს საქართველოშია. ჩვენ ჩვენი გვიჭირს, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ დასავლეთიც მძიმე მდგომარეობაშია, არ სურთ რუსეთი კიდევ უფრო გააღიზიანონ, რადგან შესაძლოა ამას უფრო მძიმე შედეგები მოჰყვეს". - ამბობს ანალიტიკოსი.

არის თუ არა პროცესი კონსტიტუციური ჩარჩოების დარღვევა და ცდილობს თუ არა ოპოზიციის აღნიშნული ნაწილი ე.წ. ტექნიკური პარლამენტის შექმნას - ეს მოსაზრებები მმართველ პარტიაში გაჩნდა. საპასუხოდ ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ არანაირი ალტერნატიული პარლამენტის მცდელობა არ ხდება. ეს არის შედეგზე ორიენტირებული სამუშაო ჯგუფის შექმნა.

"ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ვიწყებთ, რომელზეც ვიტყოდი, რომ არის ზეინკლუზიური პროცესი. სრულ თანხვედრაში ვართ ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი. „კონსტიტუციური წესრიგიდან გასვლა არის ის, რომ დღეს პრეზიდენტის ხელმოწერილი, ჩვენს მიერ ინიცირებული რიგგარეშე სესია უნდა იმართებოდეს, კომიტეტები უნდა იმართებოდეს და კონსტიტუციას არღვევს "ქართული ოცნება", როდესაც ამას არ მართავს. დღეს "ქართული ოცნება" მოქმედებს პრინციპით, რომ მე ვარ კანონი და რასაც გეტყვი ის შეასრულე. მე ამის შეგუებას არ ვაპირებ," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

„საიას" ხელმძღვანელის ნიკა სიმონიშვილის შეფასებით კი, საბოლოო ჯამში, ეს პროცესები უნდა გადაიკვეთოს ერთ წერტილში, ხელისუფლებამაც, ოპოზიციამაც უნდა ისაუბროს ერთად, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით.

"მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირი ჩვენ ერთად მუშაობას გვთხოვს და აქ ვინმეს ენდობი თუ არა, ამაზე არაა საუბარი, წლის ბოლომდე გეგმა გვაქვს შესასრულებელი.

„წინა შეხვედრაზეც დავაფიქსირე ჩემი კრიტიკა პარალელურ პროცესებზე. შეიძლება ოპოზიციას სურს ცალკე მოგვისმინოს ჩვენ და ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს პროცესები უნდა გადაიკვეთოს ერთ წერტილში," - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნება" ალტერნატიული ჯგუფების შექმნას არ ეთანხმება. ინიციატივას არ უერთდება ოპოზიციის მეორე ნაწილიც.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიციის მხრიდან წარმოებული პარალელური პროცესი ამოვარდნილია საკონსტიტუციო ფორმატიდან.

მისივე თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ რადიკალური ოპოზიცია ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით საპარლამენტო ფორმატებში მუშაობაზე უარს იტყოდა.

„ოპოზიციის მხრიდან წარმოებული პარალელური პროცესი ამოვარდნილია საკონსტიტუციო ფორმატიდან და საკუთარ თავს თავადვე ახასიათებს. თუ ვინმეს მიმართ უნდობლობა შეიძლება, გამოიხატოს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც აქვს რადიკალიზმის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების განვითარების მუდმივი მცდელობა. ეს ხალხი ამ ფორმატიდან ვერ ამოვარდა, პარალელური პროცესიც სწორედ ამის მაჩვენებელია.

„ვინაიდან, ამ ადამიანებმა ვერ შეძლეს რევოლუციის განვითარება, მათთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა საკონსტიტუციო ფორმატებში მონაწილეობის მიღება. რადიკალური ოპოზიციის სტრატეგიული გეგმა, რომელსაც რევოლუცია ჰქვია, ჩაფლავდა. ამ ჩაფლავების შემდეგ კი, მოსალოდნელი იყო, რომ უარს იტყოდნენ საპარლამენტო ფორმატებში მუშაობაზე. ეს არის პოლარიზაციის, დაპირისპირების რეჟიმის შენარჩუნების მცდელობა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×