თამთა ჩაჩანიძე
26.07.2022

რუსებმა ოდესას ისევ დაარტყეს - უკრაინის სამხრეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროს მიმართულებით სარაკეტო იერიში განხორციელდა, დაიბომბა მიკოლაევიც. ლუგანსკის ოლქში ოკუპანტები ახალ სტრატეგიაზე გადავიდნენ და იმისთვის, რომ გამაგრდნენ, დასახლებულ პუნქტებს წვავენ. ამასთან, „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ინფორმაციით, რუსული ძალები ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში უკრაინული არმიის კონტრშეტევისთვის ემზადებიან და პოზიციებს აძლიერებენ.

უკრაინის „სამხრეთის" ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, ოდესის ოლქში კერძო შენობები დაიბომბა, მიკოლაევში კი საპორტო ინფრასტრუქტურა. არსებული ინფორმაციით, მიკოლაევის ოლქზე სარაკეტო დარტყმა ეს-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემით ოკუპირებული ხერსონიდან განხორციელდა.

„უკრაინის სამხრეთზე განხორციელდა მასობრივი სარაკეტო დარტყმა, მათ შორის ავიაციის გამოყენებით, შავი ზღვიდან. გაშვებულია საჰაერო ბაზირების რამდენიმე რაკეტა. ოდესის ოლქში რაკეტები სანაპიროზე მდებარე სოფლების კერძო შენობებს მოხვდა, რის შემდეგაც ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე მაშველები მუშაობენ. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან. მიკოლაევის ოლქში თავდასხმა საპორტო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა", - ნათქვამია „სამხრეთის" ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.

მანამდე, ოდესის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის პრესმდივანმა, სერგეი ბრატჩუკმა განაცხადა, რომ ოდესის ოლქზე სარაკეტო იერიში სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავების გამოყენებით განხორციელდა.

მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვიტალი კიმის თქმით კი, მიკოლაევზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა განხორციელდა.

„26 ივლისს, დილით მიკოლაევზე განხორციელდა მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და ავტოტრანსპორტის საწარმო. დაშავებულები და გარდაცვლილები არ არიან. დეტალები ზუსტდება", - განაცხადა კიმმა.

როგორც ლუგანსკის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი წერს, იმისთვის, რომ ლუგანსკის ოლქში გამაგრდნენ, რუსი დამპყრობლები წვავენ იმ დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც არ ემორჩილება. ტოვებენ მხოლოდ ფერფლს როგორც დიდი ქალაქებისგან, ისე სრულიად პატარა დასახლებული პუნქტებისგან.

გაიდაი წერს, რომ გასული დღის განმავლობაში რუსების თავდასხმის ოთხი მცდელობა მოიგერიეს და მეხუთე მიმართულებით ბრძოლა გრძელდება.

„რუსებმა ოთხი რაკეტით დაარტყეს, მოაწყეს ორი მასობრივი საარტილერიო თავდასხმა და ორჯერ გამოიყენეს ნაღმმტყორცნები, სადაც ცოტათი მიახლოება მოახერხეს. უკვე თითქმის თვეა, რაც მტერი მოუახლოვდა ჩვენი რეგიონის საზღვარს და მის გადმოსაკვეთად, მსხვერპლად იღებს ყველა რესურსს და წვავს ლუგანსკისა და დონეცკის დასახლებებს. ოკუპანტებს არ სჭირდებათ ადამიანები, სჭირდებათ რეფერენდუმი, რამდენი ადამიანი არ უნდა მოკლან და რამდენი არ უნდა დატოვონ თავშესაფრის გარეშე", - წერს გაიდაი.

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის ემზადებიან. მათი თქმით, საოკუპაციო ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან ანექსიის პირობების შექმნასა და მათზე ადმინისტრაციული კონტროლის გაფართოებას აგრძელებს.

ამასთან, ინსტიტუტისვე ინფორმაციით. რუსულმა ძალებმა გარკვეულ წინსვლას მიაღწიეს ბახმუტის სამხრეთით, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებენ ამ მიღწევების ეფექტურად გამოყენებას ქალაქის სრული კონტროლისთვის. რუსეთის ჯარებმა ასევე განახორციელეს შეზღუდული სახმელეთო შეტევები ხარკოვის ჩრდილოეთით, სევერსკისა და ბახმუტის აღმოსავლეთით.

ბრიტანული დაზვერვა მორიგ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი მომავალშიც მიანიჭებს უპირატესობას უკრაინის გემსაწინააღმდეგო აღჭურვილობის განადგურების ძალისხმევას, მათ შორის გააგრძელებს თავდასხმას ოდესაზე. როგორც უწყების ანალიტიკოსები ამბობენ, რუსეთი გემსაწინააღმდეგო რაკეტებს აღიქვამს, როგორც საკვანძო საფრთხეს, რომელიც მისი შავი ზღვის ფლოტის ეფექტურობას ზღუდავს. ამასთან, მან, თავის მხრივ, ხელი შეუშალა უკრაინაში შეჭრის საერთო გეგმას, რადგან რუსეთი ოდესაზე სადესანტო თავდასხმას რეალურად ვერ ახორციელებს.

„2022 წლის 24 ივლისს რუსული ფრთოსანი რაკეტები უკრაინის ოდესის პორტს მოხვდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ დაარტყა უკრაინულ სამხედრო გემსა და გემსაწინააღმდეგო რაკეტების მარაგს, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ასეთი სამიზნეები საერთოდ იყო რაკეტის დარტყმის ადგილას", - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

ბრიტანული დაზვერვის მტკიცებით, რუსული სამიზნე ხშირად არასწორია დაზვერვის მოძველებული ინფორმაციების, ცუდი დაგეგმარებისა და ოპერაციისადმი „ზემოდან ქვევით" მიდგომის გამო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×