თეონა ვეშაგური
29.09.2022

„შემიძლია პირდაპირ დაგიდასტუროთ, რომ ეს არის რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ მოწყობილი სპეციალური დივერსია" - ასე აფასებს „ჩრდილოეთ ნაკადი 1"-ისა და „ნაკადი 2"-ის დაზიანების ფაქტს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანთან" საუბრისას.

ექსპერტის თქმით, აღნიშნული დივერსია არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს.

„ჩემი პირადი მოსაზრებით, შემიძლია პირდაპირ დაგიდასტუროთ, რომ ეს არის რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ გაკეთებული სპეციალური დივერსია, რითაც მწყობრიდან გამოიყვანეს ორივე გაზსადენი .

„დიდი ალბათობით, ეს გააკეთეს კალინინგრადის ოლქში დისლოცირებულმა 561 -ე საზღვაო ბრიგადის მყვინთავებმა, რომელთაც აქვთ საშუალება, შეასრულონ ასეთი ამოცანები.

„ეს არის პუტინის შურისძიება ევროკავშირის მიმართ. კრემლი იყენებს ე.წ. რბილ ძალას. პრაქტიკულად ევროპას ეკონომიკური სანქცია დაუწესა. ამით გამორიცხა უკრაინის გვერდის ავლით ევროპისთვის გაზის მიწოდება. რჩება მხოლოდ ერთი გზა, რომ ევროპამ უკრაინის გავლით მიიღოს ბუნებრივი აირი, რასაც პუტინი იმისთვის გამოიყენებს, რომ დასავლეთმა უკრაინაზე მოახდინოს ზეწოლა. ამ დივერსიას აქვს ორმაგი დანიშნულება," -აცხადებს ის.

კითხვაზე არის თუ არა რუსეთისთვის დამახასიათებელი მსგავსი მოქმედებები, სამხედრო ექსპერტი პასუხობს, რომ რუსეთმა ზუსტად ასეთი ქმედება 2006 წელს საქართველოსთან მიმართებით გააკეთა.

„მსგავსი მოხდა 2006 წელს საქართველოსთან მიმართებით, ასე რომ ნამდვილად დამახსიათებელია მსგავსი ქმედებები რუსული მხარისთვის. როგორც კი რაიმე რუსეთისთვის არასასურველი ხდება, ის მაშინვე მიმართავს თავის ჩვეულ მეთოდებს" - განმარტა მაისაიამ.

ექსპერტისთვის რთული სათქმელია, ცივილიზებულ მსოფლიოს რა რეაქცია ექნება რუსეთის მსგავს დანაშაულებრივ ქმედებებზე.

„დღეს რუსეთსა და დასავლეთს შორის მიდის ჰიბრიდული ომი. ჩავთვალოთ, რომ აღნიშნული დივერსია ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით განხორციელდა. რა უნდა იყოს დასავლეთის საპასუხო რეაქცია? - ცხადია, რომ მიდის მწვავე ჰიბრიდული ომი ". აღნიშნა მან.

ამასთან კითხვაზე თუ რა შედეგი მოყვება ბალტიისპირეთის ზღვაში დიდი რაოდენობით გაზის გაჟონვას, მაისაია პასუხობს, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ეკოლოგიური პრობლემები.

„შესაძლოა შეიქმნას გარკვეული ეკოლოგიური საფრთხე, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა. ყოველ შემთხვევაში, ეს არის რუსეთის მხრიდან ევროკავშირის სახელმწიფოების წინააღმდეგ გახორციელებული ეკონომიკური ომი," - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ცნობისთვის, „ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ისა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მილსადენებიდან ბალტიის ზღვაში გაზის გაჟონვა მოხდა. კრემლმა საჯაროდ უარყო აფეთქებასთან კავშირი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს

„სიენენი"დასავლეთის დაზვერვის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ევროპის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა მილსადენებზე მომხდარი გაჟონვის ადგილთან ახლოს, რუსული საზღვაო ძალების გემები დააფიქსირეს.

მათი განცხადებით, უცნობია, ჰქონდათ თუ არა რაიმე კავშირი გემებს წყალქვეშა აფეთქებებთან, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი ფაქტორიდან, რომელსაც გამომძიებლები შეისწავლიან.

ამასთან, დაზვერვის ერთ-ერთი წარმომადგენელის განცხადებით, ამ ტერიტორიებთან ახლოს გასულ კვირას რუსული წყალქვეშა ნავებიც დააფიქსირეს. დანიელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, რუსული გემები რეგულარულად მოქმედებენ რეგიონში, თუმცა მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გემების დაფიქსირება სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ დაზიანება რუსეთის გამოწვეულია.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×