თეონა ვეშაგური
01.11.2022

ორშაბათს სოჭში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა. არსებობდა მოლოდინი, რომ სოჭში ოფიციალურად გამოცხადდებოდა ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო დასრულება და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების დეტალები. თუმცა, მხარეებმა მხოლოდ ერთობლივი განცხადება მიიღეს, სადაც ძალის გამოყენების დაუშვებლობაზეა საუბარი.

ამ შეხვედრის პარალელურად, ყარაბაღის სომხურ ნაწილში, ქალაქ სტეპანაკერტში მასშტაბური მიტინგი გამიმართა, რომელსაც ყარაბაღის სომხური მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაესწრო - დაახლოებით 45 ათასი ადამიანი. აქციის მონაწილეები ყარაბაღის მთელი ტერიტორიის აზერბაიჯანისათვის მოსალოდნელ გადაცემასა და ამაზე სომხეთის ხელისუფლების სავარაუდო თანხმობას აპროტესტებდნენ.

მოახდინა თუ არა ამან გავლენა სომხეთის პრეზიდენტ ნიკოლ ფაშინიანის პოზიციაზე და რატომ არ შედგა შეთანხმება სოჭში? „ჯიპას" ასოცირებული პროფესორი თენგის ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ასეთი შეთნხმება, მითუმეტეს რუსეთის შუამავლობით, პრაქტიკულად მიუღწეველი ჩანს.

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერმინისტრის შეხვედრა სოჭში ორშაბათს, 31 ოქტომბერს გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება მკაცრად შეასრულონ 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის შეთანხმებები.

სამი ქვეყნის ლიდერის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმებების შესრულებაზე მზადყოფნას ადასტურებენ, აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ყოვლისმომცველი ნორმალიზაციის, მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და სამხრეთ კავკასიაში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე.

განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები „მიესალმნენ რუსეთის მზადყოფნას, განაგრძოს ყოველმხრივი წვლილის შეტანა ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში".

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისა და მუქარისგან, განიხილონ და გადაწყვიტონ ყველა პრობლემური საკითხი მხოლოდ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის ორმხრივი აღიარების საფუძველზე გაეროს ქარტიისა და 1991 წლის ალმა-ატას დეკლარაციის შესაბამისად.

„რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად აქტიური მომზადების მნიშვნელობას. არსებული მიღწევების საფუძველზე, შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდეს ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებების ძიება. ამისთვის რუსეთის ფედერაცია ყველა შესაძლო დახმარებას გაუწევს", - ნათქვამია განცხადებაში.

„ჯიპას" ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეხვედრა ცუდი არ არის, თუმცა ის არც რაიმე ახალს მოიტანს, რადგან მხარეებს შორის კვლავ ბევრი სადავო საკითხია დარჩენილი. გარდა ამისა, არც რუსეთს აწყობს მეზობელ ქვეყნებს შორის მშვიდობა და სტაბილიზაცია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ჯერ არც უნდა ყოფილიყო სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის მოწერის მოლოდინი.

„თავად შეხვედრაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ კნინდება რუსეთის როლი და როგორ ცდილობს ყოველ ნაბიჯზე დესტრუქცია მოაწყოს, ამ შეხვედრიდან განსაკუთრებული მოლოდინი არ მქონდა. აღნიშნულზე აშშ-მა ყველაზე კარგი შეფასება გააკეთა, როდესაც თქვეს, რომ რუსეთი მის მეზობელ ქვეყნებს შორის სტაბილურობითა და მშვიდობით არასდროს არის დაინტერესებული. პირიქით, ის ყოველთვის ცდილობს მათ შორის შეიტანოს დესტრუქცია და დღესაც ასეა.

„რაც შეეხება მოლოდინებს სამშვიდობო შეთანხმებაზე, ასეთ რამეს ხელი არ მოეწერება რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი, რომ, როგორც ავღნიშნე, რუსეთი არ არის დაინტერესებული ამ საკითხის ამოწურვით. ის დაინტერესებულია იმით, რომ მართვადი დაძაბულობა შენარჩუნდეს. მეორეს მხრივ კი თავად აზერბაიჯან-სომხეთს შორის არის პოზიციებში განსხვავება. აზერბაიჯანს მოთხოვნები აქვს, რომელთა ნაწილსაც სომხეთი არ ეთანხმება. დაპირისპირებულ მხარეებს აქვთ საკუთარი ხედვები, რაც ჯერ კიდევ საჭიროებს მოლაპარაკებების პროცესს.

„არ ვიცი ვის და რა მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ შეთანხმებაზე ხელის მოწერისა და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. ამიტომ ასეთი მოლოდინები არც უნდა ყოფილიყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მხარეებს შორის არსებობს საკითხები, რომელთა მოგვარებასაც ხანგრძლივი პროცესი დასჭირდება ". - განაცხადა ფხალაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×