ია აბულაშვილი
11.11.2022

რომ ამბობენ, ნაცმოძრაობაში დაწყებული რყევების უკან კეზერაშვილი და მერაბიშვილი დგანანო, რატომ არ შეიძლება, რომ თავად სააკაშვილი იდგეს საკუთარი ოჯახის მეშვეობით, რადგან პროცესებში პირდაპირ გამოჩენა არ უნდა? - კითხულობს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე დრამატული პროცესების კომენტირებისას.

ნაციონალური მოძრაობაში ბრძოლა პარტიული თანამდებობისთვის გრძელდება. პარტია ორად არის გაყოფილი - პირობითად, ნიკა მელიას და დავით კეზერაშვილის დაჯგუფებები. მოქმედი თავმჯდომარე არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ ვინ იქნება მისი მთავარი კონკურენტი, ამ დრომდე უცნობია. უცნობია ასევე, რა ფორმით ჩატარდება არჩევნები - ელეტრონულად თუ პარტიის ყრილობას ჩაატარებენ. ამაზე უახლოეს მომავალში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც საბოლოოდ გაირკვევა, ვინ იქნებიან თავმჯდომარეობის კანდიდატები და როდის ჩატარდება შიდაპარტიული არჩევნები.

„მოსალოდნელი იყო, რომ მოვლენები ასეთი სცენარით განვითარდებოდა, რადგან მწიფდებოდა სიტუაცია. იყო დაპირისპირება, რომელმაც დააყენა პარტიის თავმჯდომარის ლეგიტიმაციის საკითხი, ეს კი მძიმე თემაა. როგორც ჩანს, მელია იყო უცხო სხეული პარტიაში და ახლა მისი გაწევა ხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ პარტია უნდა დაუბრუნდეს საწყის პერიოდს და ძველები დაბრუნდნენ.

რაც შეეხება სააკაშვილს, ის პროცესში ერევა მისი ოჯახის მეშვეობით. არ უნდა, რომ გამოჩნდეს ამ დაპირისპირებაში, რომელიმე მხარე დაიჭიროს, მაგრამ რომ ერევა, ამის ბევრი მაჩვენებელია. პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში მელიას წინააღმდეგ დარაზმულების შეკრება სააკაშვილისა და მისი ოჯახის მონაწილეობისა და ხელშეწყობის გარეშე ვერ მოხდებოდა; ასევე ჩალაძე, რომელმაც უკვე დააყენა თავისი კანდიდატურა, სააკაშვილის ოჯახთან დაახლოებულად ითვლება და რატომ არ შეიძლება, ამ კამპანიის უკან კეზერაშვილი და მერაბიშვილი მოიაზრებაო, რომ ამბობენ, სინამდვილეში სააკაშვილის ოჯახიც მოიაზრებოდეს.

ვისი წონა და გავლენები გადაწონის, ან ვის ხელშია საერთაშორისო კავშირები, ძნელია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას გაუჭირდება შეინარჩუნოს გამარჯვება. მისი დაგვიანებული განცხადებაც, რომ მე თვითონ ვაპირებდი არჩევნების ჩატარებასო, უფერულად გამოიყურება. დაიწყება თუ არა პარტიაში რღვევა, ეს გამოჩნდება მაშინ, როცა მოხდება თავმჯდომარის არჩევა. ამომრჩევლების ჩამოცილებას ელოდებიან ის პატარა პარტიები, რომლებიც თავის დროზე გამოეყვნენ ნაცმოძრაობას და ახლა რადიკალურ ოპოზიციურ ხმებზე ნადირობენ," - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×