ნაზი ბერიძე
29.12.2023

ბოლო გამოკითხვებში მიზერული მაჩვენებლის დაფიქსირებისა და იმ გარემოების ფონზე, რომ „ოცნება" 5%-იან საარჩევნო ბარიერს არ ამცირებს, ოპოზიციურ პარტიებში გაერთიანების პროცესი გაცხოველდა. ამჯერად „ლელოს" ლიდერმა არაორაზროვნად, მიანიშნა, რომ ყაბულსაა მელიას გუნდთან გარკევეული პოლიტიკური ერთობა შეკრას. ნაცმოძრაობიდან ლტოლვილ ექსთავმჯომარეს ამაზე ჯერ რეაგირება არ ჰქონია, თუმცა გუშინ მისმა თანამოაზრე ბაჩო დოლიძემ ასევე კატეგორიულად აღნინშა, რომ გაერთიანებას არავისთან არ გეგმავენ.

პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ „ლელოს" ლიდერის განცხადება მელიასთან დაახლოებაზე, დიდი ალბათობით, წინასწარ იყო შეთანხმებული, რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ თუ ასეთი ერთობა შედგა, მისი შედეგის მაქსიმუმი ბარიერის გადალახვა იქნება.

„არ ვიცი, დადგენენ და ყველანი შევიდნენ ამ ალიანსში, რა მნიშვნელობა აქვს. თუკი დავუშვათ და იდეალური შედეგი მიიღეს, შეიძლება ბარიერი გადალახონ და აიღონ 2 მანდატი, მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ მელიას გულშემატკივარი ხაზარაძის გულშემატკივარი არ არის ან პირიქით, მაშინ უფრო ნაკლებს მიიღებენ, ვიდრე თითოეული ცალცალკე", - მიაჩნია რამაზ საყვარელიძეს.

მანამდე, ხუთშაბათს „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სლოგანით „შუა უნდა შეიკრიბოს" ნიკა მელიას გუნდთან შესაძლო ალიანსი დაანონსა. „ლელოს" ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, რომ ერთად ვიბრძოლოთ, - თქვა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში".

„ჩვენ ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, რომ ერთად ვიბრძოლოთ. რატომ? - იმიტომ, რომ ნიკა მელია იბრძვის იმისათვის, რათა ამ ქვეყანაში დასრულდეს ერთმმართველური, ოლიგარქიული, მითვისებული სახელმწიფოს ეტაპი. ეს არის „შუა", თუ რა სახელიც არ უნდა დავარქვათ, ამოცანა არის, რომ ქართველმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უარი უთხრას ძველ პოლიტიკას. შეიძლება იყოს ძველი პოლიტიკა, მაგრამ გასვრილი არ იყოს. ჩვენ გვაქვს გასვრილი პოლიტიკა და პოლიტიკოსებიც, ძველიც. ძველ პოლიტიკაში ვგულისხმობ იმას, რომ ამ ქვეყანას 30 წელია ერთი პარტია მართავს, სხვადასხვა სახელით, მაგრამ ერთი ვერტიკალით. სანამ ეს ვერტიკალი არ მოიშლება, ამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები ვერ გათავისუფლდება იმ წნეხისგან, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას", წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას", ამიტომ სტრატეგიული პარტნიორობა ამას ნიშნავს," - განაცხადა ხაზარაძემ.

ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ვინაიდან ალიანსებზე მსჯელობენ, ესე იგი დამოუკიდებლად ბრძოლისუნარიანობაში ეჭვი ეპარებათ, თუმცა შეიძლება შეიქმნას დიდი პროდასავლური გაერთიანება, რომელიც ე.წ. პრორუსულ „ქართულ ოცნებას" დაუპირისპირდება.

„ალბათ ნიკა მელიას რეაქციას უნდა დაველოდოთ, ამ განცხადებაზე რას იტყვის. რადგან მამუკა ხაზარაძემ ასე საჯაროდ განაცხადა, ალბათ ამის საბაბი ჰქონდა. საფუძველი რომ არ ჰქონოდა, ამას საჯაროდ არ იტყოდა. როგორც ჩანს, მათ კონტაქტები ჰქონდათ ერთმანეთთან და შესაძლო გაერთიანების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. რამდენად მოხდება ეს და როგორ მოხდება, ვფიქრობ, ამის შანსები პრინციპში 50/50-ზეა.

„აღსანიშნავია, რომ ჯერ ნიკა მელიას საკუთარი პარტია არ ჩამოუყალიბებია, მერე იმ პარტიაში როგორი დამოკიდებულება იქნება გაერთიანებისადმი, ეს ერთი საკითხია. მეორე საკითხი კი, ჩემი აზრით, არის ის, რომ რადგანაც „ლელო", როგორც ხაზარაძე აცხადებს, მზადაა სახელი შეიცვალოს და ახალი პოლიტიკური ბრენდით წარსდგეს არჩევნებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ არც „ლელოს" და არც მელიას არჩევნებზე დიდი წარმატების იმედი არა აქვთ, როგორც ცალკე აღებულ პოლიტიკურ სუბიექტებს და ამიტომაც ფიქრობენ რომ ძალისხმევა გააერთიანონ იმისათვის, რომ რაღაცა შედეგს მიაღწიონ, თუნდაც 5%-იანი ბარიერის გადალახვას.

„კიდევ ვინ შეიძლება შევიდეს ალიანსში, ეს დამოკიდებული იქნება ძალიან ბევრ ფაქტორზე, ჩვენ ახლა ვნახეთ, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს ნიკა გვარამია, ანუ 2024 წელს ჩვენ პოლიტიკურ არენაზე ახალ პოლიტიკურ მოთამაშეებს ვნახავთ. ეს მოთამაშეები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, როგორ შეაფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს, ამაზე იქნება დამოკიდებული პოლიტიკური პროცესებიც, შესაძლოა მათ მიიღონ გადაწყვეტილება ერთ დიდ პოლიტიკურ გაერთიანებაზე.

„მაგალითად აქ შეიძლება შევიდნენ ის პოლიტიკური პარტიები და ის ამჟამად პოლიტიკური პლატფორმის სახით არსებული გაერთიანებები, რომლებიც შემდეგ შეიძლება პარტიებად გადაკეთდეს. მაგალითად, იგივე ნინო ლომჯარიას პოლიტიკური პლატფორმა, რომელსაც აშკარად ეტყობა პოლიტიკური ამბიციები და საბოლოოდ თუ მოხდა ერთი პარტიის დროშის ქვეშ გაერთიანება, ეს შეიძლება დასავლეთს მიეყიდოს, როგორც მცდელობა იმისა, რომ პროევროპული პროდასავლური პოლიტიკური ძალა უპირისპირდება, როგორც ისინი ამბობენ, პრორუსულ „ქართულ ოცნებას" და აქ მოიხარშება სალომე ზურაბიშვილიც," -განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×