რეზონანსი
30.12.2023

რუტინულად გამოცხადებულმა „ქართული ოცნების“ მორიგმა ყრილობამ ქართულ პოლიტიკაში ტექტონიკური ცვლილებები გამოიწვია. პოლიტიკიდან უკვე ორჯერ წასული მისი დამფუძნებელი, ყველასათვის  მოულოდნელად დაბრუნდა. თავისივე ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის პოსტიდან პარტიის მთავარი პოლიტიკური კონსულტატი იქნება. იგი არ ადასტურებს რაიმე საკადრო ცვლილებებს და არც პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას აპირებს.

ივანიშვილმა მოკლე გამოსვლაში მისი გადმოსახედიდან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

პოლიტიკაში მორიგი დაბრუნების შესახებ 

ბიძინა ივანიშვილმა პირველ რიგში ხაზი გაუსვა იმას, რომ „პოლიტიკაში თანამდებობისთვის არ მოსულა“ და „პოლიტიკური საქმიანობა არ არის მის ხასიათში“. მან 2013 წლის ბოლოს შეასრულა დადებული სიტყვა და დატოვა პრემიერის  პოსტი. მისი მეორე დაბრუნება კი  სააკაშვილის „დანაშაულებრივ პოლიტიკურ სისტემას“ უკავშირდებოდა, რომელსაც იმაზე ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა

ამ ჯერზე კი ივანიშვილის მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ „ჭარბად მოძლიერებული“ გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა.

ამბობს, რომ „დანაშაულებრივი წარსულით დამძიმებული ოპოზიცია ხელისუფლების ჯანსაღი და ქმედითი კონტროლით არც მანამდე გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა მას კონტროლის მინიმალური რესურსიც კი აღარ დარჩა“. შექმნილმა მდგომარეობამ „ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს“, „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“ და „კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება“.

მისი მტკიცებით, ოპოზიციის მაგივრად „ხელში შეგვრჩა სიცრუის ნიაღვარი, რომელიც ყოველდღიურად მოედინება მათი მედიასაშუალებებიდან და უკვე იმდენად გაცვდა, რომ მმართველ გუნდს მცირე დისკომფორტსაც კი ვეღარ უქმნის“.

მთავარი მიზანი - ევროკავშირში ინტეგრაცია

ივანიშვილის აზრით, „ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა“, ასეთ პირობებში მცირე შეცდომაც კიქვეყანასშეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს.

„საქართველოს ეროვნული მიზნები არსებითად შესრულებულად მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მივიჩნიოთ, როდესაც ეროვნულ თვითმყოფადობას ბოლომდე დავიცავთ, სახელმწიფო სუვერენიტეტს სრულად აღვადგენთ, ქვეყანას გავაერთიანებთ და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს შევასრულებთ. საქართველოს მთავარ პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება.

„2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს და გავყვებით იმ ხაზს, რასაც 2012 წლიდან მივყვებით, რომ ჩვენი ქვეყანა 2030 წლამდე ევროკავშირის წევრი გახდეს “, - განაცხადა მან.

არჩევნებში „ქართული ოცნების“ გარდაუვალი გამარჯვება

ივანიშვილის პროგნოზით, მმართველი პარტიის რეალური რეიტინგი 60 პროცენტამდეა, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს.

„ქართულ ოცნებას“ დღეს რეალური რეიტინგი 60%-მდე აქვს და არა ის, რასაც ეს ცრუ კვლევებით აქვეყნებს ოპოზიცია“, - განაცხადა მან.

გახარიას „ღალატი“ და რჩევები პარტიის 2-3 ლიდერისათვის 

მისი პოლიტიკიდან მეორედ გასვლის შესახებ საუბრისას, ივანიშვილმა მისი პრემიერის „ღალატი“ გაიხსენა: „ერთადერთი რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც გიორგი გახარიამ იკადრა“,

„ჩემი მისია შევასრულე, გუნდი თავიდან დავალაგეთ, სისტემა ავაწყვეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მეორედ გავედი პოლიტიკიდან. ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო  ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა,“ - განაცხადა მან

სწორედ ამის შემდეგ, როგორც ივანიშვილი ადასტურებს, მას მოუწია მრჩევლის ფუნქციის შესრულება და, მისი მტკიცებით,გუნდს კონსულტაციებით რომ არ დახმარებოდა, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმეს სცენარებით განვითარდებოდა. 

ივანიშვილმა აღიარა, რომ მას შემდეგ პარტიის 2-3 ლიდერთან მუდმივად ჰქონდა კომუნიკაცია. მისი გადმოსახედიდან, პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდისათვის რჩევების მიცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეთი რამ უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ხდება. 

გაზარიას კონტექსტში შიძლება განვიხილოთ სალობე ზურაბიშვილის მოხსენიებაც, თუმცა ამ შემთხვევაში ივანიშვილი პრეზიდენტის შესახებ მხოლოდ ფაქტის კონსტატაციით შემოიფარგლა: „სალომე ზურაბიშვილი დღეს გამოკვეთილად გვევლინება ოპოზიციის მხარდამჭერად. ეს მისი არჩევანი იყო“.

„დე ფაქტო სანქციები“ 

კითხვას, პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილების მიზეზი საერთაშორისო სანქციების შიში ხომ არ გახდა, ივანიშვილი ასე პასუხობს: „არ მაქვს მაგის შიში იმიტომ, რომ სანქცირებული ვარ დიდი ხანია და ღია კარებს რატომ ამტვრევთ?“

„ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს, დაასანქცირეთ, დაასანქცირეთო - დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს,“ –„ახარა“ ჟურნალისტებს ახლადარჩეულმა საპატიო თავმჯდომარემ.

„მე რეალურად სანქცირებული ვარ დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით, უხეში გზებით, კანონის გზების ავლით. რაც დაიწყო უკრაინის ომი, იქიდან ერთ თვეში რეალურად ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოებში მატარებენ“,- განაცხადა ივანიშვილმა.

აცხადებს, რომ მოვა დრო, საჯაროდ გამოვა და უფრო მეტს ეტყვის საზოგადოებას. დღეს კი, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ამაზე მეტის თქმას საჭიროდ არ თვლის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×