ელზა პაპოშვილი
03.02.2024

მომავალი მთავრობის შემადგენლობა ცნობილია - პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა და მასში მხოლოდ ერთი ცვლილებაა - თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძის ნაცვლად, პარლამენტარი ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს, რომელიც ასევე ვიცე-პრემიერიც იქნება. რატომ არ შეცვალა კობახიძემ მთავრობის შემადგენლობა და უნდა ველოდოთ თუ არა საკადრო ცვლილებებს მისი გაპრემიერებიდან რამდენიმე თვეში?

აღსანიშნავია, რომ კობახიძის მიერ ახალი მთავრობის შემადგენლობის დასახელების წინ, ვრცელდებოდა არაოფიციალური ცნობები მოსალოდნელ ცვლილებებზე. თუმცა, აქედან მხოლოდ ერთი გამართლდა და ამ ერთის შემთხვევაშიც, როგორც კობახიძე აცხადებს, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავად თქვა უარი თავდაცვის მინისტრად დარჩენაზე.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილმა კობახიძეს მთავრობის თავისი შეხედულებით ფორმირების უფლება უბრალოდ არ მისცა. ამ საკითხზე ანალიტიკოსთა შეფასება არაერთგვაროვანია. ნაწილის აზრით, მთავრობის თითქმის უვლელად დატოვების მთავარი მიზანი იმის დემონსტრირება იყო, მათთან პრეტენზიები არ არსებობს. მომავალში კი საკადრო ცვლილებები მთავრობაშ ეტაპობრივად მაინც მოხდება. 

მეორე ნაწილის აზრით კი, მთავრობის უცვლელად დატოვება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ახალი პრემიერი არცერთი მიმართულებით არ აპირებს პოლიტიკის შეცვლას.

ოპოზიციის შეფასება

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მთავრობის შემადგენლობის თითქმის უცვლელად დატოვება კობახიძის დამცირებას ნიშნავს, რადგანაც მმართველი პარტიის საპატიორ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილმა მას თავის გუნდის მთავრობაში მოყვანის უფლება არ მისცა. ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„სამთავრობო ცვლილებებზე ჩემი პოზიცია იცით - რომ, პირველ რიგში, კატეგორიულად არ ვუჭერ მხარეს სამთავრობო ცვლილებებს და ახლა კობახიძე დაამცირა ივანიშვილმა, როდესაც საკუთარი ადამიანები არ დაანიშნინა მინისტრთა კაბინეტში. მანამდე გადაწყვეტილი იყო შეცვლა მთლიანად, მაგრამ ახლა არ დაანიშნინა თავისი მინისტრები და კიდევ ერთხელ დაამცირა ღარიბაშვილის შემდეგ“, - ამბობს ხატია დეკანოიძე.

ნიკა გვარამია კი მიიჩნევს, რომ ახალ პრემიერ ირაკლი კობახიძეს მთავრობაში „მტრული“ გარემო დახვდება.

„კობახიძე გადარგეს უდაბნოში მარტო. მას არ ჰყავს არეცრთი მოკავშირე მთავრობაში. ჩიქოვანი არ არის ამ მასშტაბის ფიგურა. მას დახვდა მტრულად განწყობილი გუნდი, რომლის ლიდერიც გადააყენეს იმიტომ, რომ ის დაენიშნათ“, - ამბობს გვარამია.

ანალიტიკოსთა ვერსიები

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის მთავრობაში დატოვება ისეთი განცდის შექმნაზეა გათვლილი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არავის არსად არ გაუშვია. ანუ პრობლემა მასთან და მის მთავრობასთან არ ჰქონიათ. უბრალოდ პოლიტიკურმა სიტუაციამ ასე მოითხოვა და გადალაგება ამიტომ გახდა საჭირო. 

„მე მაინც მგონია, რომ ცვლილებები იქნება, მაგრამ ასე ერთბაშად არა. მთავრობის წევრთა არშეცვლა იმის დემონსტირებაა, რომ ღარიბაშვილთან პრეტენზია არ ჰქონდათ და უბრალოდ ეს კაცი დასჭირდათ პარტიის მეთაურად. მინისტრების შეცვლით კი გამოვიდოდა, რომ ოპოზიციის ბრალდებები ღარიბაშვილის და მის გუნდის მისამართით კორუფციასთან დაკავშირებით სიმართლეს შეესაბამებოდა. ამ აჟიოტაჟში  მოერიდნენ. 

„თუმცა მე მაინც მგონია, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილისთვის უფრო სანდო კადრია და ამიტომაც ანდობს არჩევნებს. ასევე მას „ოცნების“ ამომრჩეველში აქვს გარკვეული რეიტინგი. ის ძველი სახეა და მის რესურსებს ამ მხრივადაც გამოიყენებს. კობახიძის წარდგენით კი დროს იგებს და იმიჯის თვალსაზრისითაც ჩაეთვლება, რომ პრემიერი, რომელთანაც რაღაც კითხვები იყო, გადაიყვანა სხვაგან. თუმცა კობახიძეს მგონია სხვა პრემიერ-მინისტრის გუნდთან მუშაობა გაუჭირდება. იქ მას ხელგაშლილი არავინ დახვდება. ესეც კონტროლის ერთგვარი მექნიზმია - რომ არ ჩამოაყალიბოს თავისი გუნდი და ფესვები უფრო არ გაიდგას“, -ამბობს ძაბირაძე.  

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აცხადებს, რომ მთავრობის შემადგენლობის თითქმის უცვლელად დატოვება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ კობახიძე პოლიტიკის შეცვლას არცერთი მიმართულებით არ აპირებს. შესაბამისად, ანალიტიკოსის აზრით, კობახიძს ამ გადაწყვეტილების სხვაგვარად ინტერპრეტირება არადამაჯერებელია. 

„ბუნებრივია, რომ გუნდს, რომელიც ზედიზედ სამი წელია ხელისუფლებაშია, განახლება და როტაცია სჭირდება. არაპრფესიონალმა ადამიანებმა, რომელიც ძირითადად მჩხიბავობით არიან დაკავებული, მოიგონეს, რომ მინისტრები იცვლებოდა და სახლებსაც კი ასახელებდნენ. ეს არის ლევან ხაბეიშვილის  დონის. ამიტომ, ცხადია, ამ პროფესინალური  გუნდში როტაცია გასაკვირი არ უნდა იყოს. 

„თავად ირაკლი ღარიბაშვილს სურდა, რომ ბოლო სამი წლის ნოუ-ჰაუ, რაც ხელისუფლებაში გვაჩვენა, პარტიაში გადმოეტანა. ნურავის ჰგონია, რომ რაღაცა იოლი თანამდებობაა და ღარიბაშვილი სადმე ჩამოაჩოჩეს. პარტია არის ამხელა მმართველი ძალა, რომელიც რეგიონებისგან, მუნიციპალიტეტებისგან და ა.შ შედგება. ამის მართვა, რომელიც გააძლიერა კობახიძემ და მისმა მოადგილეებმა, ნამდვილად რთულია. 

„რაც შეეხება კობახიძეს და იმ გადაწყვეტილებას, რომ დარჩეს იგივე მინისტრთა კაბინეტი, ჩვენს პოლიტიკურ წრეებში ისევ საბჭოთა კავშირის შეხედულებები აქვთ და ჰგონია, რომ პრემიერი მეურვე, უფროსი უნდა იყოს. კობახიძე არის ლიდერი და მისი ახალი მუშაობის არეალი, ბუნებრივია, ახალი გამოწვევაა მისთვის. ის აუღელვებლად სიმშვიდით, ძველ გუბდთან ერთად შეუდგება იმ კურსის მართვას, რაც გვქონდა აქამდე. ეს გუნდის შეუცვლელობაც ზუსტად ამას ნიშნავს“, - ამბობს აბაშიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×