თამთა ჩაჩანიძე
04.02.2024

ახალი სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" გასაჯაროვდა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძისა და მისი გუნდის მთავარი პრიორიტეტებია გაწერილი. დოკუმენტში, რომელიც 2 თებერვალს განახლებულ მთავრობასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინა, საუბარია შემდეგ საკითხებზე: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; სახელმწიფო მმართველობა. ოპოზიციის ნაწილმა გეგმა უკვე დაიწუნა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციის კრიტიკა უსაფუძვლოა. მისი შეფასებით, დოკუმენტიდან ჩანს, რომ პრემიერის შეცვლით „ქართული ოცნების" სტრატეგია არ იცვლება როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკური და სხვა საკითხების მხრივ. შესაბამისად, ოპოზიციის მხრიდან იმაზე საუბარი, რომ გეგმაში ახალი არაფერია, საფუძველსაა მოკლებული. ამიტომ აბაშიძეს მიაჩნია, რომ გეგმის შესრულების პერსპექტივა არის.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპისკენ სწრაფვას განაგრძობს - გაგრძელდება ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიმართულებით, რომელიც, სხვა მიმართულებებთან ერთად, ხაზს უსვამს შავ ზღვაზე საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობას.

ამასთან უცვლელ პრიორიტეტად ქვეყნის სტაბილურობა და სუვერენიტეტის განმტკიცება სახელდება, მშვიდობიანი გზით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რისთვისაც „აქტიურად გაგრძელდება მუშაობა დეოკუპაციის მიმართულებით კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევისთვის, რაც გულისხმობს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების მიზნით, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის უზრუნველყოფას".

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება, მათ შორის, ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა: თავდაცვა და უსაფრთხოება, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, საქართველოს ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაცია.

პროგრამის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის ფარგლებში ურთიერთობების განვითარებას დოკუმენტით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, მათ შორის კავშირების გაღრმავებას სავაჭრო-ეკონომიკური, ხალხთა შორისი, კულტურის, განათლების, სექტორულ და სხვა სფეროებში, ისევე როგორც საერთაშორისო ფორმატებში არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგის შენარჩუნება და აქტიური თანამშრომლობა ევროპასა და აზიას შორის საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის მოცულობების გაზრდის თვალსაზრისით.

დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეკონომიკას, რის მიხედვითაც გაგრძელდება ყველა მსხვილი პროექტი და ინიციატივა.

5 თებერვლიდან პარლამენტის დარგობრივი კომიტეტები სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავენ სამთავრობო პროგრამას და განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მოუსმენენ, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს ეხება, ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. საკომიტეტო მოსმენები ჩანიშნულია 5, 6 და 7 თებერვალს. პარლამენტი 8 თებერვალს უკვე პლენარულ სხდომაზე მოუსმენს განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას. საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს და კენჭს უყრის.

„ოცნების" განმარტებები და ოპოზიციის კრიტიკა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ გეგმა მხოლოდ ათ თვეზეა გაწერილი და დიდი ცვლილება არაა.

„რაც შეეხება ცვლილებებს, დიდი ცვლილება არაა, რადგან ესაა მხოლოდ და მხოლოდ ათთვიანი პროგრამა. ესაა პროგრამა, რომელიც გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, მთავრობა უკვე წარდგება ახალი ოთხწლიანი პროგრამით. შესაბამისად, ეს პროგრამა არის უბრალოდ დასკვნითი ეტაპი იმ პროგრამისა, რომელივც მთავრობას აქამდე ისედაც ჰქონდა", - განაცხადა სამხარაძემ.

„ის რაც წერია (სამთავრო გეგმის) ამ ტექსტში, არის პარტიის, მთავრობისა და პარლამენტის ერთიანი პოზიცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აქ რადიკალური და კარდინალური ცვლილება ობიექტურად ვერ შევიდოდა.

„მეორე - მთავრობის მოღვაწეობა იყო წარმატებული და გამომდინარე აქედან, რადიკალურ ცვლილებებს არ საჭიროებს", - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის მხრიდან წარმოდგენილი სამთავრობო გეგმა არაფრით განსხვავდება უკვე არსებული სამთავრობო გეგმისგან.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიცია იმისთვის არის ოპოზიცია, რომ მხარი არ დაუჭიროს სამთავრობო გეგმას და მას უარყოფითი შეფასება გაუკეთოს, თუმცა, დეპუტატის ვარაუდით, ოპოზიციის შეფასებები ძირითადად ქილიკზე იქნება დაფუძნებული.

„თუ დააკვირდებით სამთავრობო პროგრამის სათაურს, ის ყველაფერს ამბობს - „ევროპული სახელმწიფოსთვის". ეს არის საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მიზანი, მაგრამ, ამავდროულად, საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც მოთავსებულია ლუქსემბურგს, ნიდერლანდსა და ბელგიას შორის. ჩვენ ვართ იმ რეგიონში, სადაც მრავალი ინტერესი იკვეთება, ამიტომ ჩვენი პოლიტიკაც ვალდებულია, რომ ამ მრავალი ინტერესის გადაკვეთის ადგილზე იყო ადეკვატურად მოწოდებული ყველა ამ ინტერესების თუ გამოწვევების საპასუხოდ.

„დღეს სახეზე გვაქვს ერთ-ერთი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ დასავლეთ-აღმოსავლეთის დერეფნის სრულმასშტაბიანი რეალიზაცია მოხდეს. აქედან გამომდინარე, ჩინეთი არის ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მთავარი აქტორი და ეს მიმართულება, ბუნებრივია, რომ მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება. ამიტომ აქ ყველაფერი ლოგიკური და ნორმალურია. ასე რომ, ძალიან ვთხოვ ჩვენს ძვირფას ოპოზიციას, ეტლის ცხენივით თვალებზე ნუ აგვაფარებენ საფარებს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ფასადურს და ბუტაფორიულს უწოდებს ამ სამთავრობო გეგმას „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი პაატა მანჯგალაძე. მისი თქმით, „ივანიშვილის ფოჩიან კანფეტებს ხალხი არ ჭამს".

„ეს არის რეალობა და რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები ჩაწერონ ამა თუ იმ გეგმაში, „ქართული ოცნება" ამ გეგმით არასდროს მოქმედებს და არც არასდროს იმოქმედებს. საქართველოს მოქალაქისთვის მთავარი გამოწვევა დგას ასე - ან ფასადური ცვლილებები, ან რეალური ცვლილებები; ან იმედი და სამუშაო ადგილები, ან სიღარიბე. ოპოზიცია ვთავაზობთ რეალურ ცვლილებებს - სამუშაო ადგილებს, მაღალ ანაზღაურებას, ევროკავშირში ინტეგრაციას, „ქართული ოცნება" კი მათ 12 წელია ფურცელზე დაწერილ ფუჭ ოცნებებს სთავაზობს. დეტალებში შეყოლას აზრი არ აქვს, არცერთი სამთავრობო ე.წ. გეგმა არ განუხორციელებიათ", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

გეგმის წარდგენამდე, პრემიერობის ახლადწარდგენლიმა კანდიდატმა „ოცნების" 1-ლი თებერვლის შეკრებაზე საზოგადოებას დოკუმენტის მთავარი პრიორიტეტები გააცნო, რომელთაგან ერთ-ერთი ტერიტორიული მთლიანობის აღგენა იყო, ეს ოპოზიციამ ასევე გააკრიტიკა.

„როცა 26 მაისს არ ესწრებოდა (კობახიძე) სამხედრო აღლუმს და ისვენებდა, როცა ცხოვრებაში საოკუპაციო ხაზზე არ ყოფილა, რატომ დაიწყო პრემიერის კანდიდატის რანგში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე საუბარი? თუ დაიწყო, მაშინ როგორ აპირებს ამას, როცა არც დეოკუპაციის სტრატეგია არ განუახლებია „ქართულ ოცნებას", რაც ხელისუფლებაში მოვიდა მას შემდგომ და არათუ წინ არ წაგვიწევია ამ კუთხით, პირიქით, ანექსიის პროცესს ახორციელებს რუსეთი აქტიურად და ამაზე „ქართული ოცნების" გამო, პარლამენტმა პოზიცია ვერ დააფიქსირა. მეტიც, ისინი ბიჭვინთის ანექსიის პროცესს ოკუპაციას უწოდებენ, რაც ეწინააღმდეგება აქამდე უკვე პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებს ანექსიურ პროცესებთან დაკავშირებით", - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

„ქართული ოცნების" მთავარი კურსი არ იცვლება"

როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, სამთავრობო პროგრამა შესრულებადია, რადგან სტრატეგია თითქმის არ შეცვლილა. ამბობს, რომ ოპოზიციის კრიტიკა უსაფუძვლოა.

„ქართული ოცნების" მთავარი კურსი არ იცვლება იმის მიუხედავად, სამთავრობო შტოს ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძე იქნება თუ ირაკლი ღარიბაშვილი. ეს იმის გამოძახილია, რაც თავის დროზე მმარველმა გუნდმა თქვა და აქ არაფერი არ იცვლება. ნუ ავიწყდებათ, რომ როცა ხელისუფლებაში პასუხისმგებლიანი პარტიაა, ის იმ დანაპირებს ასრულებს, რაც მან გასული წლის დეკემბერში ბიუჯეტში ასახა.

„არანაირი სიახლე და სიურპრიზი არაა, როგორც რადიკალ ოპოზიციონერ აქტორებს ჰგონიათ. მმართველი პარტიის პოლიტიკოსები იმ კურსსა და იმ ხაზს აგრძელებენ, რაც დასახული აქვთ. არანაირი თვალთმაქცობა, არანაირი ტყუილი და ჯამბაზობა აქ არაა, რაც მეხუთე კოლონის წარმომადგენლებს ახასიათებთ ხოლმე.

„შეიძლება ითქვას, რომ გეგმაში არანაირი ცვლილება არ მომხდარა. შევხედოთ კობახიძე ახალი გუნდით როგორ მოდის. ბატონმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავად ისურვა, რომ დიპლომატიურ სამსახურში წასულიყო, სხვა არცერთი მინისტრი არ შეუცვლიათ, მანამდე კი იყო სპეკულაციები, თითქოს მინისტრები იცვლებოდნენ.

„თუმცა, ახლაც ძალიან სამარცხვინო და ბინძური სპეკულაციებია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საშუალება არ მისცა, მინისტრთა კაბინეტი შეეცვალაო... საინტერესოა, რატომ უნდა შეეცვალა ის გუნდი, რომელიც ეფექტურია და დასახულ ამოცანებს ასრულებს?! რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, ეს უსაფუძვლოა", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×