თამთა ჩაჩანიძე
05.02.2024

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ყველა პოლიტიკურ ლიდერს მოუწოდებს რეფორმებს ძალიან სერიოზულად შეხედონ, რადგან პოლიტიკური კონსენსუსის ნაკლებობა აფერხებს გაწევრიანების პროცესს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ევროკავშირი ცდილობს 9 პუნქტზე „ორპარტიული მხარდაჭერა" ჰქონდეს, „რომ დასავლური ტრადიცია ჩვენთვის მისაღები იყოს".

ამასთან ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ევროკავშირი თვალს აღარაფერზე აღარ დახუჭავს და შემდეგ მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლა მთლიანად იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ შევასრულეთ 9 რეკომენდაცია, ელჩის მოწოდებაც ამას ითვალისწინებს.

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებიდან შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ რეფორმებს ამ გზით უახლოვდებიან, უფრო სწრაფად მიაღწევენ წარმატებას, ვიდრე ისინი, ვინც კოსმეტიკურ ცვლილებებს ახორციელებენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება საქართველოს, გასული წლის 12 პრიორიტეტს და ამჟამინდელ 9 ნაბიჯს, პარლამენტის როლი გადამწყვეტია. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, რომ ამ რეფორმებს ძალიან სერიოზულად შეხედონ. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებიდან შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ რეფორმებს ამ გზით უახლოვდებიან, უფრო სწრაფად მიაღწევენ წარმატებას, ვიდრე ისინი, ვინც კოსმეტიკურ ცვლილებებს ახორციელებენ. არ დაუშვათ შეცდომები. ეს რეფორმები ტრანსფორმაციული უნდა იყოს. არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ ცხრა საფეხურზე მუშაობაზე მეტია საჭირო", - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ნოემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში ადგენს მკაფიო ნაბიჯებს ევროკავშირის ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზასთან (acquis) შესაბამისობაში მოსაყვანად.

„ევროკავშირის ამ რეკომენდაციებზე საჭიროა ერთობლივი მუშაობა პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. თუ საქართველოს სურს იცოდეს, რა გააკეთოს მომავალ თვეებსა და წლებში, პასუხების უმეტესობა ამ ანგარიშშია.

„ბევრი სფერო დროს და ხარჯებს მოითხოვს. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, რაც უფრო მალე დაიწყებთ, უფრო იოლი იქნება და როგორც კი წარმატებას მიაღწევთ და დაიწყებთ ევროკავშირის სტანდარტების გამოყენებას, შეძლებთ ინვესტიციების მოზიდვას, მათ შორის კერძო სექტორიდან. ინვესტორები აფასებენ სტაბილურობას, რომელიც მოაქვს ევროკავშირის წესების გამოყენებას და ერთიან ბაზარზე ინტეგრირებას", - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, რეფორმების განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესია ეროვნული კონსენსუსი.

„თუკი ერთი პოლიტიკური ფაქტორი უნდა დავასახელო, რომელიც აჩქარებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზას და აშკარად ეფუძნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებას, ეს იქნება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ეროვნული კონსენსუსის განვითარება. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გადადოს გვერდზე პოლიტიკური უთანხმოებები იმისთვის, რომ იმუშაონ ერთად და განახორციელონ ეს რეფორმები. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პოლიტიკური კონსენსუსის ნაკლებობა აფერხებს გაწევრიანების პროცესს", - აღნიშნა ელჩმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ საქარტველომ მაქსიმალურად უნდა ეცადოს, „არ დავუშვათ ის შეცდომები, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა დაუშვეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში" , მაქსიმალურად გავიზიაროთ მათი გამოცდილება, რათა „ჩვენი ევროკავშირში წევრობის მიზნამდე გზა იყოს უფრო მოკლე".

მისივე თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს რეფორმების გატარების კუთხით, ასევე, მოლაპარაკებების წარმოების პროცესში და მათთან ინტენსიური აზრთა გაცვლა-გამოცვლა მნიშვნელოვანია.

"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები უკვე ათწლეულზე მეტია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არიან და მათი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა. დღეს აქ ითქვა, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, არ დავუშვათ ის შეცდომები, რაც მათ დაუშვეს ამ პროცესში და მაქსიმალურად გავიზიაროთ ის გამოცდილება, რაც ამ ქვეყნებს აქვთ, იმისათვის, რომ ჩვენი ევროკავშირში წევრობის მიზნამდე გზა იყოს უფრო მოკლე, ვიდრე ეს არის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის.

„მათ აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება რეფორმების გატარების კუთხით, მოლაპარაკებების წარმოების პროცესში და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ეს დიალოგი და მათთან გვქონდეს ეს ინტენსიური აზრთა გაცვლა-გამოცვლა," - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირს საქართველოსგან „ორპატიული მხარდაჭერა" სჭირდება, დასავლური ტრადიციის შესაბამისად.

„ალბათ გაგვიგია ხოლმე, რომ ქართულ მხარეს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკისგან და ა.შ. არის საკითხები რომელზედაც ეს ორი პარტია (რესპუბლიკელები-დემოკრატები) ერთნაირ პოზიციას აფიქსირებს, ანალოგიური ტიპის პარტნიორობა უნდათ ჩვენგანაც და სურთ, რომ დასავლური ტრადიცია ჩვენთვის მისაღები იყოს.

„ჩვენთან პარტიები ჯერჯერობით არ თანხმდებიან იმიტომ, რომ არ ელაპარაკებიან და დასავლეთში თუ პრინციპულია დაპირისპირება - პრინციპული ლაპარაკი მიდის და თუ თანამშრომლობის საშუალებაა - თანამშრომლობენ.

„ამ მხრივ ცოტა განსხვავებული მოველენა იყო, როცა შარლ მიშელი ჩამოვიდა დოკუმენტზე, რომელიც პარლამენტში მუშაობის ჩართვას გულისხმობდა, რაც მოხერხდა. ვერ ვიტყვით, რომ ეს პროცესი უნაკლო იყო, მაგრამ რაღაც მცირე ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენს პარტნიორებს ხშირად ავიწყდებათ, რომ კონსენსუსი, თანამშრომლობა და ის ცნებები, რაც ჩვენგან ასე დაბეჯითებით ითხოვენ, საკმაოდ მაღალ პოლიტიკურ კულტურას გულისხმობს, თან ისეთს, რომელიც ხშირად თავად დასავლეთშიც იშვიათობაა.

„მეჩვენება, რომ ხანდახან ჩვენი პარტნიორები მოთხოვნებში აშკარად აჭარბებენ ხოლმე, ანგარიშს არ უწევენ ჩვენს ახალგაზრდა ასაკს, პოლიტიკურ რეალობას",-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირი თვალს აღარაფერზე აღარ დახუჭავს და შემდეგ ეტაპზე გადასვლა მთლიანად იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ შევასრულეთ 9 რეკომენდაცია, ელჩის მოწოდებაც ამას ითვალისწინებს.

„ცოტა დიპლომატიური მინიშნებაა, თუმცა პირველ რიგში პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, რადგან ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებების მიმღები ისაა და 9 პუნქტის შესრულებაც მას ეკისრება, რა თქმა უნდა, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა ითანამშრომლოს.

„საერთო ჯამში რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს, როგორც ეს უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში ხდება, მაშინ საქართველომ 9 ნაბიჯი უნდა შეასრულოს. კანდიდატის სტატუსი წევრობას არ ნიშნავს, ამიტომაც რაღაც ზღვარი არსებობს და ევროკავშირი თვალს არაფერზე აღარ დახუჭავს და მოთხოვნები უფრო გაიზრდება",-განაცხადა ჩიტაძემ.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ბოლომდე ითანამშრომლონ 9 პუნქტთან დაკავშირებით, ანალიტიკოსმა გვითხრა:

„ამაზე საუბარი ცოტა რთულია, თვითინ ხელისუფლება ხშირად ამწვავებს ვითარებას და ოპოზიციას შეურაცხყოფას აყენებს და ამ შემთხევავში ესაა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა",-განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×