თამთა ჩაჩანიძე
05.02.2024

სამშაბათს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ბოლო მოხსენებით წარსდგება, საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი ტრიბუნას კვლავ მმართველი პარტიის კრიტიკისთვის გამოიყენებს, თუმცა, მიაჩნიათ, რომ ეს უფრო ფორმალური მოხსენება იქნება. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილი საკუთარ გამოსვლაში, სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. ამასთან ოპოზიციონერები „პოლიტიკურ კინკლაობას" პროგნოზირებენ „ოცნებასა" და ზურაბიშვილს შორის.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტის გამოსვლაში „ოცნების" მისამართით კრიტიკა მოსალოდნელია, თუმცა, ინციდენტებს ადგილი არ ექნება, რადგან ეს არც მმართველ პარტიას აწყობს მთავრობის დამტკიცების წინ და არც პრეზიდენტს.

რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, სიტყვით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქციათა თავმჯდომარეები გამოვლენ. რის შემდეგაც, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საკანონმდებლო ორგანოს წევრებს დასკვნითი სიტყვით მიმართოს.

რას ამბობენ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში

ჩემი მოლოდინი ასეთია, რომ ეს არ იქნება მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში, არამედ იქნება არადანიშნულებისამებრ გამოყენებული პლატფორმა და შესაძლებლობა და რეალურად, მოემსახურება იმ ოპოზიციური გეგმების განხორციელებას, რომლის შესრულებაშიც, სამწუხაროდ, დიდი ხანია ზურაბიშვილი ჩაბმულია,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით სარჯველაძე 6 იანვარს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ანგარიშის წარდგენას გამოეხმაურა.მისივე თქმით, ზურაბიშვილის გამოსვლა დაახლოებით იმ სტილში იქნება, „როგორც ამას რიგითი ოპოზიციონერი პარლამენტში ყოველდღიურად აკეთებს".

„საქმე იმაშია, რომ მას რეგლამენტის მიხედვით უწევს ანგარიშის წარმოდგენა. სამწუხაროდ, ჩემი მოლოდინი ასეთია, რომ ეს არ იქნება წლიური ანგარიში მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, არამედ ეს იქნება არადანიშნულებისამებრ გამოყენებული პლატფორმა და შესაძლებლობა და რეალურად, მოემსახურება იმ ოპოზიციური გეგმების განხორციელებას, რომლის შესრულებაშიც, სამწუხაროდ, დიდი ხანია ზურაბიშვილი ჩაბმულია.

„ასეთი მოლოდინი მაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც რეგლამენტის ნორმები ბრძანებს, ისე გაიმართება ანგარიშის მოსმენა. ამას პირობითად შეგვიძლია დავარქვათ ანგარიში, ისე იქნება დაახლოებით იმ სტილში გამოსვლა, როგორც ამას რიგითი ოპოზიციონერი აკეთებს პარლამენტში ყოველდღიურად",-განაცხადა სარჯველაძემ.

„ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა პარლამენტში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პრეზიდენტის მოხსენება მხოლოდ ფორმალური იქნება.

„ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის და პოლიტიკოსის ვალდებულებაა, რომ პატივი ვცე ინსტიტუციას და ამ შემთხვევაში ჩემი ინსტიტუციის მიმართ პატივისცემის და არა მისი პიროვნების პატივისცემის გამო, რა თქმა უნდა, დავესწრები ანგარიშს.

„მისი პიროვნების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, როგორც თითოეულმა ინდივიდუალურად, ასევე „ქართულმა ოცნებამ", გამოვხატეთ, დავასაბუთეთ და ვამხილეთ მისი ანტიკონსტიტუციური და სამწუხაროდ, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები. ამიტომ, თავისთავად ეს მოხსენება იქნება მხოლოდ ფორმალური და ასევე ვწუხვარ, რეგლამენტი არ გვაძლევს საშუალებას, რომ ყველამ სათანადო პასუხი გავცეთ მის საქმიანობას, რის შეჯამებასაც იგი პარლამენტში მოახდენს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ველოდები, რომ „ქართული ოცნების" მხრიდან იქნება შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი გამონათქვამები, იმიტომ, რომ ისინი ზნეს არ შეიცვლიან, ეს არის მათი ბუნება - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნების" მიზანია, რომ გამომწვევად მოიქცნენ, რასაც რეაქცია მოჰყვება პრეზიდენტისა და ოპოზიციის მხრიდან და საბოლოოდ, გადაიზარდოს პოლიტიკურ კინკლაობაში.

„ველოდები, რომ „ქართული ოცნების" მხრიდან იქნება შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი გამონათქვამები, იმიტომ, რომ ისინი ზნეს არ შეიცვლიან, ეს არის მათი ბუნება, რომ თქვან, მოიქცნენ გამომწვევად, შემდეგ ამას მოჰყვეს რეაქცია პრეზიდენტის და ოპოზიციის მხრიდან და გადაიზარდოს პოლიტიკურ კინკლაობაში. რატომ? - ამას მიზანმიმართულად აკეთებენ რომ მთავარ საკითხებზე, რაზეც „ქართული ოცნებაა" პასუხისმგებელი, ხალხმა სიმართლე არ გაიგოს.

„რატომ არ არის სამუშაო ადგილები? რატომ გარბის საქართველოს მოქალაქე საქართველოდან? რატომ შიმშილობენ ბავშვები? რატომ არ აქვთ ჩვენს პენსიონერებს ღირსეული ცხოვრების პირობები? - ამაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა" და ამ დისკუსიებში რომ არ ჩავერთოთ და ვამხილოთ ისინი, ურჩევნიათ პოლიტიკურ კინკლაობაში ჩაგვითრიონ. ამიტომ „სტრატეგია აღმაშენებელი", გამარჯვების კოალიცია ამ კინკლაობაში ჩართვას, რაც არ უნდა თქვან არ ვაპირებთ, მაგრამ საქმიან დისკუსიებში დიახაც, ვამხელთ და გამოვიწვევთ „ქართულ ოცნებას", იმიტომ, რომ მოქალაქემ ზუსტად იცოდეს, სად არის გამოსავალი", - განაცხადა მანჯგალაძემ.

როგორი იქნება ზურაბიშვილის ბოლო მოხსენება

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზურაბიშვილისგან კრიტიკული გამოსვლა მოსალოდნელია, თუმცა, ეს პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენს.

„დღევანდელი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის აგენტოკრატიის წარმომადგენელი, ანუ, ის არის უცხოეთის აგენტი საქართველოში. მას მისი პატრონები რასაც ეტყვიან ზუსტად იმას იტყვის. არავითარ ინციდენტს არ ველოდები, რადგან ზურაბიშვილი პოლიტიკურად ნულს ქვემოთ მინიუსებშია.

„ზურაბიშვილი განულებულზეგანულებული ფიგურაა, გინდ დაულაპარაკებია და გინდ არა. რა თქმა უნდა, ვითომ კრიტიკულად გამოვა, მაგრამ, ეს არა მისი, არამედ მისი პატრონების ლაპარაკი იქნება, რომლებმაც ის ერთ-ერთ ქვეყანაში ჩაიყვანეს, დააყენეს ერთ-ერთ თავისუფლების ქანდაკების ფონზე და იქიდან აძახებინეს დახოცეთ ქართველი პოლიციელებიო, ეს იმ პრეზიდენტს აძახებინეს, რომელიც თავად უნდა იყოს იმ პოლიციელების უსაფრთხოების გარანტი",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა იქნება, როგორც მნიშვნელოვანი, ისე კრიტიკული, თუმცა, არა ისეთი, რომ რაიმე სახის ინციდენტებს ჰქონდეს ადგილი.

„მნიშვნელოვანი გამოსვლაც იქნება და კრიტიკულიც, მაგრამ ინციდენტებს არ ველოდები. წესით „ქართულმა ოცნებამ" რაღაც-რაღაცეებისგან თავი უნდა შეიკავოს, თავის თავს წარმატებულად სთვლის და მთავრობის დამტკიცების წინ უნდათ კი ეს სკანდალები? არა მგონია.

„მგონია, რომ პრეზიდენტის ბოლო გამოსვლისას შეეცდებიან რაღაცნაირად თავი შეიკავონ, თუმცა, ზურაბიშვილის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს არ გამოხატავენ, კრიტიკულებიც იქნებიან და ცოტა წაკბენენ კიდევაც, მაგრამ, არა მგონია უფრო მეტად აგრესიულები იყვნენ, ვიდრე შარშან და შარშანწინ. გააჩნია, როგორი მოხსენება იქნება.

„პრეზიდენტს უფრო მეტად იმაზე ექნება აქცენტი, რომ გაწევრიანებაზე მუშაობა იყოს. ზურაბიშვილი ყურადღებას მაინც თავის დამსახურებაზე გაამახვილებს და მას ამის უფლება აქვს, რომ მან ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით ბევრი რამ გააკეთა და ნამდვილად ასე იყო.

„მგონია რომ ზურაბიშვილმა კარგი ნიშა დაიკავა, შემრიგებლის პოზიცია უჭირავს და ალბათ იტყვის - ჩვენ გვჭირდება ერთობა და რა საჭიროა დაპირისპირება და კონფრონტაცია?! ამის მშვენიერი მაგალითი იყო მაშინ, როცა ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ ზეიმზე მივიდა და არ მიუშვეს, მას კონფრონტაციის მოხსნა უნდოდა, მაგრამ „ოცნება" ამაზე არ წაყვა.

„მგონია, რომ მისი ძირითადი გამოსვლა ამ კონტექსტში იქნება, რომ საქართველოს არ სჭირდება კონფრონტაცია და პოლარიზაცია, საჭიროა მშვიდობა, ხელს გიწვდით მშვიდობისთვის და მოდი ერთად შევქმნათ რაღაც ერთიანი პერსპექტივა საქართველოსთვის. ძნელი სათქმელია, მაგრამ, ეჭვი მეპარება, რომ სალომე ზურაბიშვილმა ისეთი რამე თქვას, რაც ჩემთვის მოულოდნელი იქნება",-განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×