ნაზი ბერიძე
06.02.2024

საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ისეა გაფუჭებული, რომ ამის კიდევ უფრო გაუარესება წარმოუდგენელიც კია - ასე აფასებენ ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას სუს-ის სკანდალური გამოძიების შესაძლო პოლიტიკურ შედეგებს. სამშაბათს უკრაინის საელჩომ საგანგებო განცხადება გაავრცელა. მმართველ გუნდში კი ეს საქმე იმის დასტურად მიაჩნიათ, რომ უკრაინის გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს საქართველოში „მეორე ფრონტის" გახსნა სურთ.

ორშაბათს, 5 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამსახურმა საქმის გახსნასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ამოღებულ იქნა 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით, „სარფის" პუნქტით შემოიტანეს და მისი გატანა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალიდან" იგეგმებოდა.

სუს-ის ცნობით, მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში საქართველოს 7, ასევე უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე იყო ჩართული. პროცესს კი ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური" ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა.

პირველი შეფასებები

ყოველივე ამასთან დაკავშირებით, სამშაბათს საქართველოში უკრაინის საელჩომ საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც იმედს გამოთქვამს, რომ ქართული მხარე საქმის პოლიტიზირებისგან თავს შეიკავებს.

„უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს ყველა გარემოებას, კერძოდ, როგორც ცნობილი გახდა, უკრაინის მოქალაქეების უკანონო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით.

„გამოვხატავთ დაინტერესებას და მზადყოფნას კონსტრუქციული ურთიერთობისთვის სამართალდამცავ და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან საქმის ყველა გარემოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გარკვევისა და მისი რეალური ორგანიზატორების დადგენის მიზნით", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საპასუხოდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხთან პოლიტიზირება არაფერ შუაშია.

„პოლიტიზირება არაფერ შუაშია, საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. რა შუაშია, აქ პოლიტიზირება? ქვეყნის უსაფრთხოებაც პოლიტიკური საკითხია, მაგრამ პოლიტიზირება არაფერ შუაშია. ელჩი რომ ჰყოლოდა უკრაინას საქართველოში, ასეთ განცხადებას ალბათ, არ გააკეთებდნენ", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე აზრით, სუს-ის მიერ გავრცელებული ფაქტები იმის დასტურია, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს საქართველოში მეორე ფრონტი სურთ.

„როცა ვიღაც ცდილობს ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით საქართველო რუსეთის აგრესიის სამიზნედ აქციოს, ეს ძალიან მძიმე მოვლენა და ძალიან შემაშფოთებელია. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რასაც პრინციპში, ღიად ამბობდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომ მათ სურდათ და ალბათ, დღესაც სურთ მეორე ფრონტი ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ფაქტები რაც ვიხილეთ, რაც სუს-ის მხრიდან გამომჟღავნდა, ამ ყველაფრის მორიგი დადასტურებაა", - განაცხადა კობახიძემ.

„რატომ აირჩიეს ტრანზიტისთვის საქართველო?"

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ფაქტობრივად ისედაც ნულზეა დასული და ამის კიდევ უფრო გაუარესება ძნელი წარმოსადგენია.

„საქართველო-უკრაინის ურთიერთობები უკვე ისეა გაფუჭებული, რომ არ ვიცი კიდევ რამ უნდა იმოქმედოს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაფუჭდეს.

„მე როგორც დავწერე, უკრაინას თავისი ელჩი გამოწვეული ჰყავს საქართველოდან, საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაგდეს უკრაინიდან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ურთიერთობები ნულზე არის დასული.

„თქვენ წარმოიდგინეთ, დავოსის ფორუმზე იყო ჩასული ქართული და უკრაინული დელეგაციები და ერთმანეთს არც კი შეხვდნენ, ხელიც კი არ ჩამოართვეს. უფრო სწორედ, ვერ ჩამოართვეს, იმიტომ, რომ ასეთი არის ურთიერთობები.

„გვესმის უკრაინელებისგან მუდმივი პრეტენზიები - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ა.შ. და ახლა მე რაც მოვისმინე სუს-ის განცხადებიდან, ფაქტობრივად ეს არის საქართველოს ტერიტორიის გამოყენების მცდელობა რუსეთში გარკვეული ტიპის ტერაქტების მოსაწყობად. გასაგებია, რომ როდესაც ეს ყველაფერი გამომზეურდებოდა, რუსეთის პრეტენზიები წამოვიდოდა საქართველოსკენ - რომ დარიალის საგუშაგოს მეშვეობით თავისუფლად გაატარეს ასაფეთქებელი ნივთიერება.

„დანარჩენი დეტალები მე არ ვიცი, მაგრამ თვითონ უკრაინის მოქალაქის ჩართულობა ამ ამბავში, თვითონ ეს ფაქტი - ასაფეთქებელი ნივთიერების გატარება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე - ძალიან სერიოზული პრობლემაა, რა კეთილშობილური მიზნებითაც არ უნდა ხდებოდეს.

„რატომ აირჩიეს მაინც და მაინც საქართველო, როდესაც რუსეთთან საერთო საზღვრებით შეეძლო სხვა გზებითაც შეეტანა ეს ყველაფერი, როგორც აქამდე აკეთებდნენ? სწორედ ის ფაქტი, რომ საქართველო იქნა შერჩეული მიუთითებს იმაზე, ყოველ შემთხვევაში ირიბად მაინც, რომ იყო გეგმა, რომ საქართველოც ყოფილიყო ჩართული რუსეთთან კონფრონტაციაში და რუსეთის საპასუხო რეაქცია მათ შორის წამოსულიყო საქართველოზეც", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

„ორმხრივი იდიოტიზმი"

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს „ორმხრივ იდიოტიზმს" უწოდებს. მისი შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზების მნიშვნელობა არც საქართველოს ხელისუფლებას ესმის და არც უკრაინისას.

„სანამ ეს ხელისუფლებაა აქ საქართველოში და ის ხელისუფლება იქ უკრაინაში, მე ვერ ვხედავ პერსპექტივას, მათ შორის რამე ნორმალიზება მოხდეს, იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, არცერთს არ ესმის ამ ურთიერთობის ნორმალიზების მნიშვნელობა. არ ესმით იმის მნიშვნელობა, რომ საჭიროა სტრატეგიული პარტნიორობა. საქართველოს ხელისუფლება უკრაინელებს უყურებს, როგორც „ნაცებს", უკრაინელები საქართველოს ხელისუფლებას უყურებენ როგორც „ქოცებს". რაც „ნაცებსა" და „ქოცებს" შორისაა დამოკიდებულება, დაახლოებით იგივეა საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა. ამიტომ არაფერი არ მოახდენს ამაზე ზეგავლენას. ერთადერთი საერთაშორისო ინსტიტუტებია, რაც, ჩემი აზრით, აკავებს ამ ორმხრივ იდიოტიზმს, უფრო რბილად ვერ ვიტყვი.

„საქართველო არ იყო შერჩეული ამ შემთხვევაში, არც ინცინდენტს არ ჰქონდა ადგილი, არც რამე შეთქმულება იყო. 9 ქვეყანა გამოიარეს და ეტყობა მსგავსი რაღაცები სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება", - განაცხადა „რეზონანსთან" დავით ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×