ნაზი ბერიძე
06.02.2024

მმართველი პარტიის ლიდერები თვენახევრის წინ აცხადებდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მათ მინიმუმ 60%-იანი მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ. ახლა კი მათი მოლოდინი მნიშნელოვნად გაიზარდა და უკვე 75%-ზე საუბრობენ. რამდენად რეალურია ასეთი ოპტიმიზმი და რა უდევს მას საფუძლად? ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ამ ყველაფერს ლოგიკურად მიიჩნევს, რადგან, მისი შეფასებით, დღეს საქართველოს „ოპოზიცია აღარ ჰყავს".

„ოცნების" 60%-იან მხარდაჭერაზე 30 დეკემბერს პარტიის საპატიო თავმჯდომარედ არჩეულმა ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა განცახდება:

„ქართულ ოცნებას" დღეს 60 პროცენტამდე აქვს რეალური რეიტინგი და არა ის, რასაც ცრუ კვლევებით აქვეყნებს ოპოზიცია. ამაზე აქცენტიც ძალიან კარგად გავაკეთე ჩემს გამოსვლაში, რომ მე ამისთვის არ მოვედი, მოვედი იმისთვის, რაც ვთქვი", - განაცხადა ივანიშვილმა.

60%-იანი მხარდაჭერის შემთხვევაში, „ოცნებას" პარლამენტში 90 ადგილის მიღების იმედი უნდა ჰქონდეს.დღეს კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს - 113 მანდატს, რაც არჩევნებზე ხმების დაახლოებით 75%-ის მიღების ექვივალენტურია.

„ნაცმოძრაობას" და გახარიას კოალიციები აქვს შექმნილი საკრებულოში, აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანს რამდენად ფიქტიურია ეს გამიჯვნა. მიდის პატარა თამაშები. საბოლო ჯამში, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, რაც შეიძლება ნაკლები მანდატი მიიღოს პარლამენტში. ჩვენი სურვილია საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ. ბოლო კვლევების მიხედვით 60%-თან ახლოს არის ჩვენი რეიტინგი, შესაბამისად, ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს, შესაბამისად, ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები გვაქვს იმისათვის, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებში მივიღოთ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა. საკონსტიტუციო უმრავლესობაში ვგულისხმობ 113 მანდატს და არა 100 მანდატს", - განაცხადა კობახიძემ სამშაბათს პარლამენტშ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კიდევ უფრო რადიკალური პროგნოზი აქვს საპარლამენტო უმრავლესობაშ შემავალ „ოცნების" მოკავშირე „ხალხის ძალას". მათი წარმომადგენელი გურა მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია 150-კაციან პარლამენტში მხოლოდ 30 ადგილის მიღებას შეძლებს.

„ოპოზიციაში იცით რა ხდება? დაახლოებით 30 მანდატისთვის ემზადებიან, რომელიც, სავარაუდოდ, ოპოზიციას შეხვდება მომავალ პარლამენტში. ოპოზიციის წარმომადგენლები რას ამბობენ - მე გადავლახავ 5 %-იან ბარიერს, სხვამ იკითხოსო. როდესაც ტექნიკურ საკითხებზე არის საუბარი, ყველა ამბობს, რომ გადალახავს 5 %-იან ბარიერს. იქ საუბარი არაა დიდ პროცენტებზე.

„ახლა მიდის ბრძოლა დაახლოებით, 30 მანდატში ვინ მეტს მანდატს წაართმევს „ნაციონალურ მოძრაობას", რომ 30-ვე მანდატი არ აიღოს #5-მა. იქნებ 10-15 მანდატი ე.წ. „მესამე ძალამ", რომელიც არის იგივე „ნაცმოძრაობა", როგორმე მათ აიღონ. ეს უკვე რეალობაა. ამას ჩვენ კარგად ვხედავთ. „ენდიაისა" და „აირაის" ვერ დააბრალებ სახელისუფლო გუნდის მეხოტბეობას, მაგრამ იმ არაობიექტურ კვლევებშიც კი ჩანს, რომ სახელისუფლო გუნდს აქვს 2,5 -ჯერ მეტი, ვიდრე ჯამში აღებული ოპოზიციას. როგორი ვეფხვის ფორმაც არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ, თუ გული წრუწუნასი აქვს, ის დარჩება ისეთივე მშიშარად. ეს მოცემულობაა ოპოზიციაში. რეალურად ისინი იბრძვიან დაახლოებით 30 მანდატის გადანაწილებისთვის", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ „ოცნების" მოლოდინი რეალურია, რადგან დღეს საქართველოს „ოპოზიცია აღარ ჰყავს".

„სავსებით რეალურა 75%. თუ ოპოზიცია ვერაფერს გააკეთებს, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ასე მოხდებოდა. იმიტომ, რომ დღეს ოპოზიციის რეიტინგი საკმაოდ დაბალია, ისინი ვერაფერს სთავაზობენ საზოგადოებას და პრაქტიკულად „ოცნება" ყოველგვარი გარჯის და მუშაობის გარეშე აიღებს მაქსიმალურ ხმებს. ეს აშკარად ჩანს.

„რა თქმა უნდა, ოქტომბრისთვის შეიძლება ბევრი რამე შეიცვალოს. უკრაინაში მოვლენებიც ასევე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, რამე დიდი შეცდომა შეიძლება დაუშვას „ოცნებამ". ასევე ოპოზიცია შესაძლოა ჩამოყალიბდეს და რაღაც შესთავაზოს საზოგადოებას - რეფორმები სხვადასხვა დარგში, როგორიც არი ჯანდაცვა, განათლება, უსაფრთხოება, სასამართლო, რაზეც დღეს არ ლაპარაკობენ საერთოდ. მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან აშკარად ჩანს, რომ „ოცნებას" აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი უპირატესობა და ის აპირებს ამ უპირატესობის გაღრმავებას. ამიტომაც მოხდა ის, რომ შეიცვალა ლიდერები, რათა მათი პოლიტიკა უფრო შემტევი, უფრო თავხედური გახდეს.

„რის საფუძველზე გაეზარდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოლოდინი? პირველ რიგში ოპოზიციის ჩამოუყალიბლებობის საფუძველზე. მეორეა ის, რომ უკრაინაში არ არის შედეგები მკაფიო. ის, რა სპექტაკლიც დადგეს ახლა, ვითომ ტერაქტის მოწყობა, პირდაპირ რომ გამოაქვეყნეს - ეს ძალიან ცუდის ნიშანია. მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც მაგის მაგვარი იყო, მაგრამ რომ ჩატარებულიყო გამოძიება და უკრაინასთან დაეწყო თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებას და თუ უკრაინა არ წამოვიდოდა თანამშრომლობაზე, მერე გამოექვეყნებინა, მაშინ გასაგები იქნებოდა. მაგრამ აშკარად არც აციეს, არც აცხელეს, არავინ არ გააფრთხილეს და გამოაქვეყნეს მოცემულობები. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია და კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ცდილობენ არსებული ვითარება სათავისოდ გამოიყენონ, უკრაინა ჩაძირონ და რუსეთი წინ წამოწიონ. ამ ფონზე ცდილობენ რაღაცნაირად უფრო მეტი ხმები მოიპოვონ.

„ოპოზიცია არ ჰყავს დღეს საქართველოს. ჩააფლავა ოპოზიციამ დისკურსია მეორე ფრონტზე, ჩააფლავა დისკურსია ხატების შეურაცხყოფაზე, ეკლესიაზე... შეეძლოთ შესულიყვნენ კამათში... რას ნიშნავს ეს? არ არსებობს, თემა არ წამოწიოს „ქართულმა ოცნებამ" და არ გაიმარჯვოს", - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×