თამთა ჩაჩანიძე
06.02.2024

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 6 თებერვლის ბოლო მოხსენება პარლამენტში მოსალოდნელზე მწვავე აღმოჩნდა - ის „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ღიად პირველად დაუპირისპირდა, გააკრიტიკა როგორც სამთავრობო, ისე „ოცნების" პარტიული ცვლილებები. ისაუბრა ელიტურ კორუფციაზე, გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე და „ერთობლივი პლატფორმის" შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, შესაძლოა, ახალი პლატფორმის შექმნით, პრეზიდენტს რაიმე არაფორმალურ ლიდერობაზე ჰქონდეს პრეტენზია, თუმცა ამბობენ, რომ ეს პოლიტიკურ პროცესზე ვერ იმოქმედებს, რადგან, პირველ რიგში, საეჭვოა ამდენი პარტიის ლიდერმა ზურაბიშვილს ასე უცბათ პირველობა დაუთმონ, თუნდაც არაფორმალური.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა გადაჭრით უარყო არსებული ვარაუდი, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ ის შესაძლოა გადადგეს და რომელიმე ოპოზიციურ პლატფორმასთან აერთად არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ამბობს, რომ თანამდებობაზე ბოლომდე დარჩება, თუმცა პარალელურად აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება ქვეყნისათვის.

ამასთან, მან ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, შეწყვიტონ ერთმანეთის კრიტიკა და გაერთიანდნენ საერთო მიზნის გარშემო, რადგან საზოგადოებას უკვე აღარ სჯერა და აღარ სურს იხილოს სხვადასხვა პარტიების გაერთიანების სქემები. მის მიერ შეთავაზებული „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის" კი , რის ჩამოყალიბებაშიც პასუხისმგებლობას იღებს, ასეთი გაერთიანების საკოორდინაციო ცენტრი იქნება.

დაპირისპირება ივანიშვილთან და „ოცნების" ლიდერებთან

როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, კითხვების მთავარი ადრესატი ბიძინა ივანიშვილია.

„საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას. ამიტომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს - რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე? საზოგადოებამ არ იცის ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ - ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა, თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა, მიზეზების გამო, რაც არ ვიცით?

„რადგან საზოგადოება მმართველობის ახალ, ევროპულ მოდელს ელოდება, ისიც უნდა იცოდეს და უნდა უთხრათ, თუ როგორ აპირებთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის; საზოგადოება თქვენგან პასუხს ელოდება - როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე-ჩინჩალაძეს, მაშინ, როცა ერთი მხრივ, ებრძვით - ან ასე ამბობთ - „ნაციონალურ მოძრაობას" და მეორე მხრივ კი, მის გადმონაშთებს არაფერი ემუქრებათ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ზურაბიშვილის ის კრიტიკული განცხადება, სადაც ივანიშვილს ახსენებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამით ზურაბიშვილმა საზოგადოებას დაპირისპირების იმპულსი მიაწოდა.

„არ მეგონა, რომ დაუპირისპირდებოდა. ახლა დაპირისპირებებისთვის მაინცდამაინც ხელსაყრელი მომენტი არაა. ეს წყალს ასხამს „ოცნების" ფრაზაზე, რომ პრეზიდენტი ოპოზიციისკენ გადაიხარა. გამოდის, რომ პრეზიდენტი პრეზიდენტი აღარაა, ის გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ლიდერია და არა ქვეყნის გამაერთიანებელი.

„მან საზოგადოებას გაერთიანების იმპულსის ნაცვლად, დაპირისპირების იმპულსი მიაწოდა და ესაა ჩემთვის გაუგებარი. ერის ასეთი გაერთიანების ფასი ზურაბიშვილმა კარგად იცის, რადგან ადრე თავად იყო ამის ინიციატორი, მაშინ შარლ მიშელთან პარტნიორობდა, ახლა მეშინია უცხოეთის რომელიმე სუბიექტმა ხომ არ მოსთხოვა დაპირისპირება და ამიტომ ხომ არ გაუსვა ხაზი ამას.

„როცა მას უცხოეთიდან პარტნიორებმა მოსთხოვეს, მან გამაერთიენებელის როლი შესანიშნავად შეასრულა და ახლა თავზე დაპირისპირების გამღვივებლის როლი აიღო. ეს მოთხოვნა საიდან გააჩნდა და რა საჭიროება იყო, ბუნდოვანია. რასაც პრეზიდენტი (ივანიშვილზე) ამბობს, რომ „არ ვიცითო" , პოლიტიკაში შესაძლოა ბევრი რამ არ იცოდე. მოჭადრაკე ამბობს წინასწარ მე ამას და ამას გავაკეთებო? სტრატეგიას არ ამხელს იმიტომ, რომ პირისპირ მეტოქე უზის, რომელიც ამას გამოიყენებს. პოლიტიკოსი კი, როგორც წესი, მოჭადრაკის სტილში მოქმედებს და თავის ჩანაფიქრს არ ამხელს.

„ბზეჟინსკიმ პოლიტიკას საჭადრაკო დაფა უწოდა. ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ეგეც იყო,რომ ისეთი ნაბიჯები იდგმება, რაც წინასწარ უცნობია. მადლობა ღმერთს, იმ პერიოდიდან გამოვედით, როცა ყველაფერს ქუჩაში ვყვიროდით ვინ რას აპირებდა", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ ზურაბიშვილის მხრიდან ივანიშვილის კრიტიკა გაცნობიერებული აუცილებლობითაა ნაკარნახევი.

„ძალიან მძიმე და უახლეს ისტორიაში გარდამტეხი წელი გველოდება - შევინარჩუნებთ ევროპულ ორიანტაციას და სტაბილურ სვლას, თუ კვლავ დავდგებით პოლარიზაციის გაღრმავებისა და სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. ზურაბიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამ ურთულეს პრობლემას აცნობიერებას და მისი გამოსვლაც სწორედ გაცნობიერებული აუცილებლობითაა ნაკარნახევი. მას ეს სათქმელი უნდა ეთქვა.

„საკმაოდ კარგი გამოსვლა ჰქონდა. ის რეალურ და ნორმალურ ჩარჩოებს არ გასცდენია, შეურაცხმყოფელი და რადიკალური არ ყოფილა, მაგრამ იყო ობიექტური. ის ვერ იქნებოდა მაამებლური ვერც ხელისუფლების და ვერც ივანიშვილის მიმართ. მის გამოსვლაში ოდნავ ყალბი ნოტიც რომ გარეულიყო, ხიბლს დაკარგავდა", - განაცხადა ძაბირაძემ.

ზურაბიშვილი ბოლომდე რჩება

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ასევე გადაჭრით უარყო ხმები, რომელსაც ძირითადად მმართველი პარტიის წარმომადგენლები ავრცელებენ - რომ ზურაბიშვილი შეიძლება საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გადადგეს და ოპოზიციურ ფლანზე რომელიმე პლატფორმიდან არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

„ვიღაცას შეიძლება იმედი ჰქონდა, ან კიდევ აქვს, რომ წყენა, შევიწროება, ან სხვა რამ დამღლიდა, გამტეხდა და უარს მათქმევინებდა თქვენ წინაშე დადებულ ფიცზე. პირიქით, მე ამ ფიცის უზარმაზარ ძალას დღესაც ვგრძნობ და ბოლომდე ვიქნები ჩემს ადგილზე, ამ ფიცის და კონსტიტუციის ბოლომდე ერთგული.

„ასევე, ვიღაცას შეიძლება ძალიან აწყობდეს, რომ გადამიყვანოს პოლიტიკური ჭიდილის არენაზე და რომელიმე პოლიტიკური ძალის, პოზიციის, თუ ოპოზიციის ლიდერად წარმომაჩინოს. ამაოდ! ეს გზა გავლილი მაქვს. მჯერა, რომ ქვეყანას დღეს სწორედ უპარტიო თუმცა არა უპრინციპო, სტრატეგიული ხედვის და არა პოლიტიკური ამბიციის და პირადი ინტერესების მქონე სახელმწიფო ლიდერი სჭირდება, რომელიც ბოლომდე ემსახურება მთავარ მიზანს - საბჭოთა წარსულის ევროპული მომავლით ჩანაცვლებას, ქვეყნის დამოუკიდებლობის სამუდამოდ გამყარებას თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპული ოჯახის წიაღში", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ლოგიკურია ოპოზიციიის დაბალი რეიტინგის გამო.

„სოციოლოგიური კვლევები აჩვენებენ, რომ ოპოზიციურ ნიშაში მყოფ პოლიტიკურ ძალებს რეიტინგი არ აქვთ. ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს ამ ლოგიკის გამო არ დგამს და ვვარაუდობ, რომ მას უცხოეთში ეგულება ის წრეები, რომელთა თვალში მისი ეს ნაბიჯები დადებითად აღიქმება და როცა ვადა გაუვა, დაასაქმებენ",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე ამბობს, რომ მოსაზრებები ოპოზიციურ ფლანგზე პრეზიდენტის გადასვლის შესახებ, მისი რეიტინგიდან და იმ აუცილებლობიდან გამომდინარე გაჩნდა, რაც დღეს ოპოზიციურ ფნალგზეა - რომ ოპოზიცია გამაერთიანებელ ნეიტრალურ ლიდერს საჭიროებს.

„ეს მოსაზრებები მისი რეიტინგიდან გამომდინარე იყო. თუმცა ბოლო გამოსვლამდე მას რაიმე განმარტება არ მიუცია, ეს პირველ რიგში გამომდინარეობდა იქიდან, რომ ოპოზიცია რაიმე გამაერთიანებელ ნეიტრალურ ლიდერს საჭიროებდა და მეორე, ამ ლიდერს უნდა ჰქონოდა მკაფიოდ გამოხატული პროდასავლური ორიენტაცია, პარტნიორებისგან მხარდაჭერა და ქვეყნის შიგნით მზარდი რეიტინგი. ამ ყველაფერს სალომე ზურაბიშვილი რომ აკმაყოფილებდა, ამიტომაც იყო ლაპარაკი - რომ კარგი იქნებოდა, თუ გადავიდოდა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გახდებოდა. მან ამაზე უარი თქვა და აპირებს პრეზიდენტად დარჩეს არჩევნების დროს და ამ ნეიტრალური პოსტიდან დაკვირვება გააგრძელოს", - განაცხადა ძაბირაძემ.

ერთობის პლატფორმა

სიტყვის დასასრულს ზურაბიშვილმა ოპოზიციას ერთობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მზადაა ახალი პლატფრმის ჩამოყალიბებისთვის.

„გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი. ქვეყანას სჭირდება ერთობა. საზოგადოებას აღარ სჯერა და აღარ სურს იხილოს არაერთხელ უკვე გავლილი პარტიების გაერთიანების სქემები. ასევე არ სჯერა ცალ-ცალკე ტოტალურ გამარჯვებაზე გამოცხადებული პრეტენზიების. სჭირდება რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება და ენერგიის მობილიზება.

„მიზანი გაგვაჩნია - ევროპული მომავალი. ამისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებით. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის". მე მზად ვარ, ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში ჩემი პასუხისმგებლობა ავიღო და ჩემს ადმინისტრაციასთან დავაარსო საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.

„ამ მიზნით, მომავალ დღეებში ვაპირებ, მოვიწვიო პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირები. ეს მიდგომა ინკლუზიური უნდა იყოს და მზად ვარ, შევხვდე და მოვუსმინო ყველას. სხვა გამარჯვების ფორმულა არ არსებობს, რამეთუ წარსულიდან წამოსული დაქსაქსულობა და დაპირისპირება მხოლოდ სკეპტიციზმს და უიმედობას გააღვივებს, რაც, პირველ რიგში, ქვეყანას ასუსტებს. გამარჯვების ფორმულაში არ იგულისხმება რომელიმე მხარის თუ პარტიის გამარჯვება, არამედ ერთობის, ევროპულობის და ქვეყნის გამარჯვება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, პრეზიდენტი ცდილობს დასავლეთს დაანახოს, რომ რაღაც პოლიტიკური პროცესის ავტორია.

„უნდა, რომ ოპოზიციურ მოძრაობას მეტი მასშტაბი მისცეს. სავარაუდოა, რომ მის ოპოზიციონერობას ვიღაცა გარედან აფასებს, რადგან თავად ოპოზიციური პარტიების შიგნითაც კი, შეფასება მის მიმართ კრიტიკულია. ასეთი საუბრებია - თუ გინდათ რომ დაგიჯეროთ, გაათავისუფლეთ სააკაშვილიო.

„პრეზიდენტი ცდილობს აჩვენოს, რომ რაღაც პოლიტიკური პროცესის ავტორია, ისეთი პოლიტიკური პროცესისა, რომელიც უცხოელების თვალში შეიძლება დადებითი იყოს. არ მაქვს ის განცდა, რომ ივანიშვილისა და მისი პარტიის მიმართ დასავლეთში კრიტიკული დამოკიდებულება მოიხსნა და სავარაუდოა, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობს და ადრეც იყო. ამ დამოკიდებულების მატარებელი პოლიტიკოსების საჩვენებლად მოქმედებს ახლა ზურაბიშვილი.

„პოლიტიკური პლატფორმის ავტორობა შეიძლება შესამჩნევი და დასაფასებელი ნაბიჯია მათთვის, ვინც მის ნაბიჯებს გარედან აფასებს, მაგრამ ლიდერობა სხვა მოწოდებაა. ეს შეიძლება მოგვიანებით რამეში გამოვლინდეს. თუმცა მეეჭვება, რომ ამდენი პარტიის ლიდერია და მათ უცბათ გვირგვინი და ტახტი ზურაბიშვილს დაუთმონ, მათთვის ეს რაღაცის მომტანი უნდა იყოს. მაგრამ ეს არც მათთვის არაფრის მომტანი არ იქნება და არც ზურაბიშვილისთვის.

„დავუშვათ გაერთიადა ამ პლატფორმაზე ოპოზიცია, მაგრამ ეს რას მისცემს თავად ოპოზიციას? მაშინ ისინი ერთ პარტიად უნდა გაერთიანდნენ, ესე იგი თითოეულმა პარტიამ თავისი წილი მანდატები სხვებს უნდა დაუთმოს, თან არცერთს გარანტია არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეთ, რომ გაერთიანების შემთხვევაში ამომრჩეველთა ჯამი მიიღონ. შესაძლოა ერთი პარტიის მომხრეები მეორე პარტიის წინააღმდეგები იყვნენ და გაერთიანებას მხარი არ დაუჭირონ", -განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ შესაძლოა ახალი პლატფორმის შექმნით პრეზიდენტს რაიმე არაფორმალურ ლიდერობაზე ჰქონდეს პრეტენზია, თუმცა ეს პოლიტიკურ პროცესზე ვერ იმოქმედებს.

„პრეზიდენტმა თქვა, რომ ერთობლივი პლატფორმა უნდა შეიქმნას, თუმცა ამის პრაქტიკული რეალიზების ცოტა მეეჭვება. სადავო თვემებიც არის მის გამოსვლაში. ევროპული სახელმწიფოს შექმნა გაცილებით რთული პროცესია, ვიდრე ეს ვიღაცას წარმოუდგენია, მეტ ანალიზს და მეტ არაორდინალურ გადაწყვეტიებებს მოითხოვს.

„არ ვიცი ეს პლატფორმა რა ფორმას მიიღებს. რაც ვუსმინე, მგონი ეს იყო შეთავაზება არა მხოლოდ ოპოზიციისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის, არამედ მთელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრისთვის.

„შესაძლოა მას რაიმე არაფორმალურ ლიდერობაზე ჰქონდეს პრეტენზია და მოთხოვნილება, მაგრამ ეს პოლიტიკურ პროცესზე ვერ იმოქმედებს და ისეთ გავლენას ვერ მოახდენს, რომ საზოგადოება მასზე გადაერთოს, არ მგონია, რომ ამ პლატფორმის შექმნით, ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნის მცდელობა იყოს. ეს ვერც მიესწრება. ამ პლატფორმაში შესაძლოა წამყვანი როლი ჰქონდეს, მაგრამ ეს ქარტიის შექმნას გულისხმობს, სადაც სამოქმედო გეგმები, ან აუცილებელი ნაბიჯები იქნება გაწერილი. ალბათ 9 პუნქტის ტრანსპორტირება მოხდება და ამ ქარტიის ხერხემალიც ეს იქნება და მას რაღაც სახალხო მოძრაობის შექმნაზე პრეტენზია ვერ ექნება", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×