ელზა პაპოშვილი
06.02.2024

სალომე ზურაბიშვილი საკოორდინაციო ცენტრს აფუძნებს. პრეზიდენტი თქმით, ეს იქნება პლატფორმა, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებას. ოპოზიციის ნაწილმა მას მხარდაჭერა გამოუცხადა. მმართველი პარტია კი ამას ახალი ოპოზიციური „ფანჩატურის“ შექმნად აფასებს. რა იგულისხმება პრეზიდენტის მიერ საკოორდინაციო ცენტრის „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ დაფუძნებაში?

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშილიც გამოეხმაურა და მოქმედი პრეზიდენტის შეთავაზება დადებითად შეაფასა. გარდა ამისა, სააკაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, იმსჯელონ საპარლამენტო არჩევნების მოგების შემდეგ წარსადგენ პრეზიდენტობის საერთო კანდიდატზე და განაცხადა, რომ მას უკვე გამოკვეთილი აქვს, თუ ვინ შეიძლება იყოს ეს კანდიდატი.

მმართველ პარტიაში კი მიიჩნევენ, რომ „ერთობის პლატფორმის“ სახით პრეზიდენტს „ოპოზიციური ფანჩატურის“ ერთგვარი მოდერნიზება სურს. ამის შესახებ პარლამენტში „ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ეს იყო რიგითი ოპოზიციონერის გამოსვლა, რომელსაც აქვს სურვილი, სათავეში ჩაუდგეს რაღაც ოპოზიციურ მოძრაობას და აქვს შეთავაზება, რომ შალვას ფანჩატური გარემონტდეს და გადაიქცეს სალომეს ფანჩატურად. ვერცერთ განსხვავებას ვერ იპოვით მის დღევანდელ გამოსვლასა და ყველაზე რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლას შორის. როდესაც ოდნავ მაინც გაქვს სურვილი, ოდნავ მაინც იყო ობიექტური ერთი სიტყვა მაინც უნდა დაგცდეს, რომ შენს ქვეყანაში რაღაც ხდება კარგი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძე ასახელებს სამ ვერსიას, რა როლი შეიძლება მოირგოს სალომე ზურაბიშვილმა.

„როგორც ჩანს მას აქვს გარკვეული როლი, რომელიც შეიძლება რამდენიმე ვერსიად დაკონვერტირდეს: ან უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და თავისი პოლიტიკური აქტუალიზაცია საერთოდ გააქროს; მეორე - არ შეიწყალოს სააკაშვილი და თავისთან შექმნას რაღაც პოლიტიკური ცენტრი და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და მესამე ვერსია, რაც მის გამოსვლაში იკვეთება: არ გადადგეს, შეინარჩუნოს პრეზიდენტის პოზიცია და განახორციელოს დარტყმა რადიკალური ოპიზიციის წარმოდგენებიდან და მათი გეგმებიდან გამომდინარე. ეს სამი ვერსია შეიძლება იყოს, ვნახოთ, რომელ ვერსიას მიჰყვება და რომელ დავალებას შეასრულებს”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვინ უერთდება პრეზიდენტს 

უკვე ცნობილია, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ პლატფორმაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა გაავრცელა.

ბუჩუკურის წერს, რომ მათთვის მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა მრავალპარტიული პლატფორმის შექმნის შესახებ, თუმცა პრეზიდენტთან თან თანამშრომლობას გააგრძელებენ.

„მის მიერ დღეს პარლამენტში მოულოდნელად გაჟღერებული მრავალპარტიული პლატფორმა, სადაც მონაწილეობას ასევე იღებენ ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებდნენ და დღესაც აყენებენ, ჩვენთვის მიუღებელია. შესაბამისად, ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ“, -ამბობს ბუჩუკური.

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის ინიციატივით კმაყოფილია, თუმცა ამბობს, რომ გაერთიანებასთან დაკავშირებით ოპოზიციის იმედი არ აქვს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშილთან შეხვედრაზე მივლენ, თუმცა, რამდენად შესაძლებელი იქნება ოპოზიციის გაერთიანება, ძნელი სათქმელია. 

„იდეაა არაჩვეულებრივი. ვუთხარი კიდეც საჯაროდ, რომ ჩვენ მზად ვართ, მივიდეთ, ყველას მოვუსმინოთ, ჩვენი აზრები ვთქვათ, მაგრამ რომ გითხრათ, რომ დიდი მოლოდინი მაქვს, რომ აქედან რამე გამოვა - არა. იმიტომ, რომ მეეჭვება ბევრმა ოპოზიციონერმა ან ერთმანეთზე თავდასხმები და ლანძღვა შეწყვიტოს, ან საკუთარი ამბიციები უკან დაწიოს“, - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

„ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივას.

„ყველას მინდა შევახსენო, რომ „ლელო“ იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკური სუბიექტი და მონაწილე ევროპული ინტეგრაციის პროცესის, შარლ მიშელის დოკუმენტის შემუშავების პროცესიდან მთელი შემდგომი ეპოპეის ჩათვლით. „ლელო“ იყო აქტიურად ჩართული ყველგან, სადაც ევროპული საქმე კეთდებოდა. „ლელო“ არ მონაწილეობდა იქ, სადაც ევროპული საქმის იმიტაცია იყო და არც ხვალ მიიღებს მონაწილეობას ამაში, რადგან ეს არის სახელმწიფოებრივი საქმე. პრეზიდენტის შემოთავაზებას მიველსამებით“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ კი განაცხადა, რომ ენმ მზადაა მონაწილეობა მიიღოს პრეზიდენტის ინიციატივაში.

„მინდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ თქვენს ინიციატივაში, რადგან ჩვენთვის უმთავრესია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული და მაშასადამე, ეროვნული ინტერესი“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

„ზურაბიშვილი ოპოზიციას პრეზიდენტის პლატფორმიდან დაეხმარება“

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ სკეპტიკურად უყურებს. 

„ჩვენი ბევრი ანალიტიკოსის პროგნოზი არ გამართლდა იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილი აპირებდა გადადგომას, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას და შემდეგ 2024 წლის საპარლამნეტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მე თქვენთან ადრეც მითქვამს, რომ მოსალოდნელი იყო, რომ  ის ოპოზიციას სწორედ პრეზიდენტობის პლატფორმიდან დაემხარებოდა. ზურაბიშვილი რომ გადადგეს და რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ერთად გამოვიდეს არჩევნებზე, ის გახდება ჩვეულებრივი ოპოზიციონერი და მას აღარ ექნება ის ფასი, რაც პრეზიდენტად ყოფნის შემთხვევაში აქვს. პრეზიდენტის რანგიდან კი ფიქრობს, რომ არჩევნებში ოპოზიციას უფრო დაეხმარება. 

„მან  პირდაპირ დააანონსა, რომ ის იქნება ოპოზიციის მხარეს და მისი იმედი უნდა ჰქონდეთ. სად ახლა პრეზიდენტი როცა ამბობს, რომ გაყალბდა ან რაღაცა და სად ჩვეულებრივი რიგითი ოპოზიციონერი. ალბათ ფიქრობს, რომ მის სიტყვას დასავლეთში უფრო ფასი და დამაჯერებლობა ექნება. მას ტყუილად არ უხსენებია სასამართლო, პროკურატურა, კორუფცია და ა.შ. ის ამ ყველაფერს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებს“, - ამბობს ანჯაფარიძე. 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას და იმის ვარაუდს, რომ შესაძლოა ზურაბიშვილი იყოს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, არავინ ეკითხება ვინ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი. მითუმეტეს, რომ თუკი „ოცნება“ ისევ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვა, ხმოსნების მეშვეობით ის აირჩევს საპრეზიდენტო კანდიდატსაც და პრეზიდენტიც ის გახდება.      

„სააკაშვილს გავლენა საკუთარ პარტიაზე აღარ აქვს და მთლიანი ოპოზიცია დათანხმდება თუ არა რაიმეზე, ეს ხომ ცალკე ღიმილის მომგვრელია. უკრაინის მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ  ჩვენს ოპოზიციაში ყველას პირველობა სურს - ხაზარაძე, გახარია და სხვა პოლიტიკური ლიდერები ამბიციებს არც მალავენ. ამიტომ მხოლოდ ზურაბიშვილი ვერ იქნება ოპოზიციის ერთიანი ლიდერი“, -ამბობს ანჯაფარიძე „რეზონანსთან“.

„ზურაბიშვილი სიტუაციიდან გამომდინარე თამაშობს“

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის თამაშს თამაშობს და მას მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მომავალი ადარდებს. როგორც ჩიტაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, ზურაბიშვილს სიტუაციიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს დამოკიდებულება და პოზიცია. ამიტომ ოპოზიციას მის ნდობას  არ ურჩევდა.   

„არ ვიცი ვის სჯერა ზურაბიშვილის განცხადების, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ეს ქალბატონი არ არის ადამიანი, რომელიც გარკვეული პოლიტიკური პრინციპებიდან გამომდინარე მოქმედებს. ის მოქმედებს სიტუაციის მიხედვით. ახლა ხედავს, რომ დასავლეთის სახელით საუბარი და პროდასავლურობა ძალიან კარგად გაყიდვადია და ცდილობს ამის გამოყენებას. 

„რა თქმა უნდა, მას სურს, რომ ერთიანი ოპოზიციის ლიდერი იყოს. მისი ამბიციები ყველამ კარგად იცის. ადრე გვახსოვს, როდესაც ლევან გაჩეჩილაძე აპირებდა პრეზიდენტობას, პრემიერად თავისი თავის დასახელბა მოსთხოვა. არც ახლა იზამს ისე, რომ რიგით მებრძოლის როლში მოგვევლინოს. შესაძლოა ისევ პრეზიდენტობის კანდიდატობა უნდა და ახლა ფიქრობს, რომ ამის შანსი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერად ყოფნის ამპლუაში ექნება. 

„არ ვიცი როგორ და რა ფორმით შესაძლოა  ოპოზიციას დაეხმაროს, მაგრამ - გუშინ კარგი იყო ივანიშვილი, როცა გჭირდებოდა და დღეს ცუდია,  რადგან აღარ გჭირდება - ასე არ გამოვა. იგივე ქნა მიხეილ სააკაშვილზეც - როცა აღარ სჭირდებოდა, მის წინააღმდეგ წავიდა და ოპოზიციაში გადაინაცვლა. 

„მეორეც - ოპოზიციურ ფლანგზე როგორ გადავა, როცა სააკაშვილის შეწყალებაზე არაფერს ამბობს?! მე არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილმა ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატად ზურაბიშვილის დასახელება მოიაზრა. ყველას კარგად ესმის, რომ მასთან დაკავშირებით ენმ-ს და მის ამომრჩეველს ძალიან ცუდი დამოკიდებულება ექნება. გარდა ამისა, ზურაბიშვილს ე.წ. შუაშისტურ ამომრჩეველზე ნადირობისას კონკურენტებად გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ჰყავს. ამიტომ რთულია იმაზე საუბრი, რომ ეს ხალხი ზურაბიშვილს ლიდერობას დაუთმობს“, - ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×