თამთა ჩაჩანიძე
07.02.2024

„ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციას გეგმავს, თუმცა, მათთვის მთავარი ფუნდამენტური საკითხი სააკაშვილის შეწყალებაა. ანალიტიკოსების თქმით, ზურაბიშვილი სააკაშვილს ციხიდან „ასე მოულოდნელად" არ გამოუშვებს, თუმცა, გამორიცხული არაფერია.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მიმართებით ყველა, საჯარო თუ არასაჯარო კომუნიკაციაში, „ნაციონალური მოძრაობისთვის" ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხი, პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებაა, რადგან ვთვლით, რომ ეს არის ისტორიული უსამართლობა და ამის დასრულების კონსტიტუციური ბერკეტი აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელიც ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესში უნდა გამოიყენოს", - ამ ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ფორმალური გაერთიანება აუცილებელი არაა და მნიშვნელოვანია „საერთო ოპოზიციური ძალისხმევა ივანიშვილის ხელისუფლების შესაცვლელად".

„არ არის აუცილებელი ფორმალური და ხელოვნური გაერთიანება ერთი ბლოკის ქვეშ ან კოალიციაში. მნიშვნელოვანია საერთო ოპოზიციური ძალისხმევა ივანიშვილის ხელისუფლების შესაცვლელად. ეს გვესმის ყველას და ამაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც ძალიან ღიად ისაუბრა - ვფიქრობ, ყველაზე ღიად და მკაფიოდ მის ყველა სხვა გამოსვლასთან შედარებით, როდესაც მან თქვა, რომ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა უნდა ჩანაცვლდეს ევროპული და სავარაუდოდ, კოალიციური მმართველობის მოდელით და ამას მოელის ევროკავშირი. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი განაცხადია", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამბობს, რომ ყველამ უნდა იფიქროს არა პარტიულ შედეგზე, არამედ ქვეყნის ევროპულ მომავალზე.

„ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ ინიციატივას შევუერთდებით, რადგან ჩვენთვის უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის ხელისუფლების ცვლილება და მიგვაჩნია, რომ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური კონსოლიდაცია და კონსოლიდაცია საზოგადოებაში. ჩვენთვის ეს არჩევნები არის არჩევნები, სადაც ყველამ უნდა იფიქროს არა პარტიულ შედეგზე და ამოცანებზე, არამედ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ჩვენც ამოვდივართ არა პარტიული გათვლებით, არამედ ორიენტირებული ვართ ჩვენი ქვეყნის დიდ ეროვნულ, ევროპულ მიზნებზე", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მოწვევა ჯერ არ მიუღიათ, თუმცა "სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ექნებათ შესაძლებლობა, მეტი კონკრეტიკა მიიღონ პრეზიდენტის ინიციატივაზე".

„ველით, რომ მისგან მოვისმენთ მეტ კონკრეტიკას და დეტალებს იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში მოვისმინეთ და მზაობას გამოვთქვამთ, რომ შევუერთდეთ, თუმცა დამატებითი დეტალების გაგება მნიშვნელოვანია", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

6 თებერვალს პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ახალი „ფეისბუქ" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ოპოზიციურ ძალებს სთავაზობს გამარჯვების შემდეგ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე ჩამოყალიბდნენ, ამბობს, რომ ის დახალოებით ხვდება ვინცაა და სხვისი აზრიც აინტერესებს. საზოგადოების ნაწილმა კი საპრეზიდენტო კანდიდატში ზურაბიშვილი იგულისხმა, თუმცა, თავად კონკრეტულად არავინ დაუსახელებია.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით: ვეთანხმები, რომ არ არის ხელოვნური ფორმალური გაერთიანებების დრო, ამავე დროს, ჩამოსაყალიბებელია ერთობლივი პროევროპული ძალების საკოორდინაციო ფრონტი, თუნდაც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ.

„როგორც პირველ ნაბიჯს, მე ყველა დასავლურ ძალას ვთავაზობ, ჩამოვყალიბდეთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე. მე დაახლოებით ვხვდები, თუ ვინ იკვეთება ასეთ კანდიდატად, მაგრამ ასევე სხვების აზრის გაგება მაინტერესებს",-წერს სააკაშვილი.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ ზურაბიშვილმა სააკაშვილის გამოშვება გადაწყვიტა, იმ დროს დაამთხვევს, როცა ოპოზიციისგან საპროტესტო აქცია იქნება.

„რამდენჯერმე მედიაში ვნახეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა ოპოზიციონერს შეხვდა რადიკალური ფლანგიდან, ეს რაც მედიაში გამოქვეყნდა და რა კერძო შეხვედრებიც იყო, რომელიც არ გაშუქებულა. ადვილი წარმოსადგენია, რომ ეს კონსულტაციები მარტო ეკრანებიდან და ტრიბუნებიდან არ აქვს.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში ბოლო გამოსვლას, მან მინიშნება გააკეთა - პლატფორმას დაარქმევს თუ სხვა ტიპის ორგანიზაციას, ფაქტია, ის აპირებს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე გადაინაცვლოს და დიდი ალბათობით საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

„აქ დგება ისევ და ისეცვ ის შეკითხვა, აქვს კი მას ის რეიტინგი, რომ თუნდაც რომელიმე ძველ, ან ახალშექმნილ პარტიაში მისი მონაწიეობისას 5%-იანი ბარიერი გარანტირებულად მოიპოვოს?! ეს სათუო და ძალიან საეჭვოა.

„კონსულტაციები თუ არის სააკაშვილის გამოშვებაზე და თუ გამოუშვებს, ჩემი ვარაუდით, სანამ სამართალდამცველები სააკაშვილს უკან ციხეში შეაბრუნებენ მიმდინარე საქმეებზე, ეს შესაძლოა ისეთ დროს იყოს, როცა რადიკალური ოპოზიცია და სააკაშვილის მხარდამჭერები რუსთაველზე შეკრებილები იქნებიან, რომ რაღაც პიარულ-პოლიტიკური ეფექტი ჰქონდეს.

„ასე მოულოდნელად არ შეიძლება სააკაშვილის გამოშვება, მაგრამ თუ გამოუშვებს მიტინგის გარეშე არა მგონია მოხდეს. ჩავთვალოთ, რომ ომის პარტიიდან რამდენიმე საათში რამდენიმე ასეული მხარდამჭერი აუცილებლად შეიკრიბება. სალომე ზურაბიშვილის არაადეკვატურობიდან გამომდინარე, არაფერი არაა გამორიცხული, თუმცა, თუ სააკაშვილი მაინც გამოუშვა, ეს პოლიტიკურ ბალანსს დიდად არ შეცვლის.

„ეს არაადეკვატურობა მან 6 თებერვალს პარლამენტის სხდომათა დარბაზში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, სადაც მმართველ პარტიას ძალიან უსაფუძვლო და უაზრო ბრალდებები წაუყენა, რასაც ნამდვილად არ იმსახურებს",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×