ელზა პაპოშვილი
15.03.2024

„ნაციონალური მოძრაობის" პიარს წინასაარჩევნოდ კვლავ ამერიკელი პიარ-კონსულტანტი ჯერემი როზნერი გაუძღვება. ოპოზიციურმა პარტიამ გეგმის  ნაწილის შესრულება კახეთიდან დაიწყო - „დიდი პრობლემა“, „ქვეყანა იცლება, ეკონომიკა ჩიხშია“, გაზეთები და პოსტერები ამ გზავნილებით ოპოზიციური პარტიის წევრებმა თელავში დაარიგეს.  

უცხოელი პიარ-კონსულტანტის დავალებების განხორციელება ასევე  მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო და ამისთვის მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა სასამართლო პროცესი გამოიყენა. ლევან ხაბეიშვილის შემდეგ შედარებებიც ანალოგიური იყო - საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის განცხადებიდან მალევე, ამავე თემაზე საგანგებო ბრიფინგი სააკაშვილის პარტიის პარტნიორმა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გამართა. როზნერის რჩევები გიორგი ვაშაძემაც, კოლეგების მსგავსად, ზედმიწევნით გაითვალისწინა. ისაუბრა სასურსათო კალათაზე და საქართველოში არსებული ფასები მანაც თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შეადარა.

თუმცა „ქართულმა ოცნება“ სააკაშვილის პარტიას არითმეტიკას უწუნებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ოპონენტებს კონკრეტული მონაცემებიც შეახსენეს, რომლებიც, მათი მტკიცებით, ადასტურებს, რომ საქართველოში ცხოვრება ყველაზე ნაკლებად გაძვირდა.

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა კოლეგებს, არითმეტიკასთან ერთად, პიარკონსულტანტიც დაუწუნა. მათი თქმით, ენმ-ს კონკრეტული სტრატეგია არ გააჩნიათ.   მმართველი გუნდის განცხადებით, ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის გადაფარვას ის ფასების კამპანიით ცდილობს.

„როზნერი წყევლად ექცა „ნაციონალურ მოძრაობას“. ფაქტობრივად, მთელი ეს პარტია ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებულმა საკითხებმა იმდენად დააბნია და გააქცია პოლიტიკური ველიდან, რომ როზნერის იდეა - ელაპარაკათ ფასებზე, კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა „ნაცმოძრაობისთვის“, ვინაიდან აქ გამოაჩინეს არაკომპეტენტურობა. პოპულიზმი და კითხვებიდან გაქცევა დამღუპველი არის პოლიტიკაში და კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ადგას დაღუპვის გზას და ამას, როგორც ჩანს, ხელს უწყობს როზნერის პიარ-სტრატეგიაც,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

„დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ხელმძღვანელობს როზნერის რჩევებით, საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას, სადაც სპეკულაციურად ცდილობს არსებული პრობლემატიკა, ჩვენი საზოგადოებისთვის რეალური პრობლემები გადაფაროს. მმართველი გუნდის მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული ფსევდოლიბერალური ღირებულებებეის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული ინიციატივა გადაიფაროს,“ - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ყველა დაპირება, რომელსაც ოპოზიცია და ხელისუფლება იძლევა, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. ოპოზიციამ აქცენტი სოციალურ საკითხებზე რომ გააკეთოს გასაგებია, მაგრამ საზოგადოებაში ამას რამდენად აქვს დამაჯერებლობა, მნიშვნელოვანი ეს არის.     

„გასაგებია, რომ ეკონომიკური და სოციალური ფონი ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმეა და ამაზე პოლიტიკოსებმა უნდა ისაუბრონ, მაგრამ განა ახლა მოსახლეობა ვერ ხვდება, რომ ამას პარტიები წანსაარჩევნოდ პირდებიან და მერე რომ მოვლენ ხელისუფლებაში, კაცმა არ იცის რა იქნება? მაინც და მაინც არჩევნები უნდა მოვიდეს, რომ გაახსენდეთ ხალხის პორბლემები? გასაგებია ოპოზიციის ტაქტიკა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მათი დღის წესრიგი შეიცვალა, მაგრამ მოდი, აბა, ხალხს ვკითხოთ, თუ სჯერა „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირების და თუ მიიჩნევს, რომ ის ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ამ პრობლემებს მოაგვარებს. 

„მათი ბაქიბუქი იმაზე, რომ წარსულში ქვეყანა ფეხზე დააყენეს, არ არის სწორი. საქმე კი იმაშია, რომ მაშინ იყო ჩრდილოვანი ეკონომიკა და კორუფცია. კი ბატონო, როცა სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ეს ჩრდილოვანი მმართველობა ეკონომიკის დასრულდა და ბიუჯეტში დაიწყეს ფულის მიტანა. თუმცა გაჩდნენ ხელისუფლებაში მაღალჩინოსნები, რომლებმაც ბიზნესის და ბიზნესმენების დარეკეტება თავად დაიწყეს. აბა, კეზერაშვილი როგორ გამდიდრდა? ხოდა ეს  ყველაფერი ხალხმ კარგად იცის და მათ მიმართ ნდობა ნაკლები აქვთ“, -ამბობს ძაბირაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×