თამთა ჩაჩანიძე
19.03.2024

მიმდინარე კვირის ბოლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, შესაძლოა, ახალი ომი დაიწყოს, თუ სომხეთის ხელისუფლება ორ ქვეყნის სახემწიფოს საზღვრის კორექტირებას ახლავე არ დათანხმდება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს. მანამდე ბაქომ ერევანს რვა სოფლის „დაუყოვნებლივ, ყოველგვარი პირობის გარეშე" გადაცემა მოსთხოვა, ამის საპირწონედ კი სომხეთის მთავრობა ასახელებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე 31 სოფელს, რომელიც მათი თქმით სომხეთს ეკუთვნის, რაც ბაქომ კატეგოირულად უარყო.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ბაქოს მიერ მოთხოვნილ რვა სოფელზე გადის თბილისი-ერევანის დამაკავშირებელი ერთ-ერთი ძირითადი გზა, ასევე, რუსეთიდან მომავალი „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის" მაგისტრალური გაზსადენი, რომელიც საქართველოს კვეთს და სომხეთს გაზით ამარაგებს.

როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, საქმე სერიოზულადაა, თუმცა ვითარების დაძაბვა და საომარი მოქმედებები არცერთ მხარეს არ აწყობს. აზერბაიჯან-სომხეთის შეიარაღებული კონფლიქტი არ აწყობს არც დასავლეთს, ნატოს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის 17-19 მარტის რეგიონალური ტურნეს ერთ-ერთ მთავარ საკითხი, შესაძლოა, სწორედ ეს იყო.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, საომარი მქომედებების განახლების საფრთხე 10%-ია, თუმცა სომხეთს იმდენად პრეტენზია არ აქვს 31 სოფელზე, რამდენადაც ესაა საპირისპირო პასუხი და თუ ბაქოზე მოახდენენ გავლენას, პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან გაგრძელდება.

რას ამბობს ფაშინიანი

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ თუ საზღვრის დელიმიტაცია დემარკაციის პროცესი არ დაიწყება, ომი შესაძლოა უკვე კვირის ბოლოს დაიწყოს. საუბარია საზღვრის მონაკვეთზე სომხეთის ტავუშის რაიონში, სოფლებს ბაგანისსა და ბერქაბერს შორის. ეს განცხადებაც ფაშინიამმა სწორედ ტავუშის რაიონის სოფელ ვოსკეპარში მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.

„ეს ნიშმავს, რომ კვირის ბოლოს ომი იქნება და მე ვიცი ამ ომის ბოლო რა იქნება. მერე კი, როცა ჩვენ სამდე რესპუბლიკის მოედანზე შევხვდებით, მეტყვით - „კარგი, ჩვენ უბრალო სოფლელები ვართ და ინფორმაცია არ გვქონდა, მაგრამ თქვენ ხომ ყველაფერი იცოდითო", - განაცხადა ფაშინიანმა.

როგორც სომხური „ნიუს.ამ"წერს, ფაშინიანი მიიჩნევს, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან ომი არ უნდა დაუშვას, ამიტომ „საზღვრის მოწესრიგება" აუცილებელია. პრემიერ-მინისტრის თქმით, „არსებობს რეალური შესაძლებლობა" დაიწყოს ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი.

მარტის დასაწყისში აზერბაიჯანმა სომხეთს საზღვართან ახლოს მყოფი რვა სოფლის გათავისუფლება მოსთხოვა, რომელსაც ბაქო ოკუპირებულად მიიჩნევს. საუბარია ტავუშის რეგიონში არაექსკლავურ ბაღანის-აირუმზე, აშაგი ასკიფარაზე, ხეირიმლისა და გიზილგაჯლიზე და ექსკლავებზე იუხარი-ასქიფარა, ქარქი, სოფულუ, ბარხუდარლი. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი სოფელი ცარიელია.

ამასთან, სომხეთი აცხადებს, რომ ბაქოს 31 სომხური სოფელი აქვს უკანონოდ ოკუპირებული სასაზღვრო ზონაში, თუმცა აზერბაიჯანმა ეს უარყო.

„ასევე ვაყენებთ 31 სოფლის საკითხს, რომელშიც შედის ბერქაბერი, აიგეჰოვიტი, ვაზაშენი, პარავაკარი, სია გამოქვეყნებულია", - აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერის თქმით, ოპოზიცია მას იმაში ადანაშაულებს, რომ აზერბაიჯანისთვის ტავუშის სოფლების დათმობა სურს.

„ოპოზიცია ამბობს, რომ მას (ფაშინიანს) სურს ტავუშის სოფლების დათმობა. ტავუშის პროვინციაშია სოფელი ხრიმლუ? ვინ არის ამ სოფლის ადმინისტრაციის უფროსი? გაცნობა მინდა. ტავუშში არის სოფელი ასკიფარა? ვინ არიან ამ სოფლის მკვიდრნი? იმისთვის, რომ მივიღოთ ის, რაც ლეგიტიმურად ჩვენია, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გასცეთ ის, რაც ლეგიტიმურად ჩვენი არ არის", - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, დაიწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი ბაგანისიდან ბერქაბერამდე ტერიტორიაზე.

„ვხედავთ, რომ არის რეალური შესაძლებლობა, დაიწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი ამ მონაკვეთზე - ბაგანისიდან ბერქაბერამდე. აზერბაიჯანი აყენებს საკითხს ოთხი არაანკლავური სოფლის შესახებ, ჩვენ ვსაუბრობთ 31 სოფელზე. აზერბაიჯანი იყენებს ასეთ არგუმენტს, რომ სომხეთის არცერთი დასახლებული პუნქტის ფაქტობრივი ტერიტორია აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ არ არის, ანუ არც ერთი სოფლის საცხოვრებელი ტერიტორია არ არის აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ. ისინი ამბობენ: მოდით, თავად გავათავისუფლოთ დასახლებული პუნქტები და მერე ვისაუბროთ სოფლების სასიცოცხლო მნიშვნელობის ტერიტორიებზე.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპროტესტებთ და ვამბობთ, რომ სოფელი არ არის მხოლოდ სოფლის საკრებულო, ეს არის მისი სასიცოცხლო მნიშვნელობის ტერიტორიებიც. ჩვენი პოლიტიკა არის ის, რომ ომი არ უნდა დავუშვათ. და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ მხარეში სომხეთის საზღვრის კორექტირება მოვახდინოთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ არა მხოლოდ სომხეთის გულისთვის, არამედ კონკრეტულად სოფლების ვოსკეპარისა და კირანცისთვის, რათა ამ სოფლების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ", - აღნიშნა ფაშინიანმა.

„საქმე სერიოზულადაა"

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ საომარი მოქმედების დაწყების რისკი არსებობს, თუმცა ეს ლოგიკურად არცერთ მხარეს არ უნდა აწყობდეს. ზაქარეიშვილი იმედოვნებს, რომ პროცესი მლაპარაკებების მაგიდასთან გაგრძელდება.

„საქმე ნამდვილად სერიოზულადაა, ბაქოს სოფლების დაბრუნების სურვილი აქვს. სხვათა შორის, ვინც თბილისიდან ერევანში სევანის გავლით ყოფილა, გზა იმ სოფლებს გადის, რომელსაც ბაქო ითხოვს. თუ ეს სოფლები გადაეცა, მაშინ ეს გზა საერთოდ ჩაიკეტება და თუ შემდეგ სხვა გზა არ გაივლო, ერევანზე (საქართველოდან) მხოლოდ ერთი გზა იქნება - სპიტაკიდან. დღეს ორი გზაა.

„მგონია, რომ სომხეთს იმდენად პრეტენზია არ აქვს სხვა სოფლებზე, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, რამდენადაც ესაა საპირისპირო პასუხი, რომ თუ შენ მე რვა სოფელს მთხოვ, მაშინ მე ჩემი ხედვები მაქვს 31 სოფელზე. ანუ ნიშნავს, რომ - მოდი, მოვილაპარაკოთ, შევჯერდეთ, შევთანხმდეთ, ეს პრეტენზიები არ გვინდა, მე მზად ვარ მოვილაპარაკო და 31 სოფელზე პრეტენზიები არ მექნება, თუ შენ რვა სოფელზე პრეტენზიები არ გექნება - დაახლოებით ასეთი დამოკიდებულება აქვს სომხეთს.

„სტოლტენბერგი ბაქოში იყო ჩასული და ბუნებრივია აზერბაიჯანი თავის პრეტენზიებს ეტყოდა, ყველაფერი ხმამაღლა არ ითქმებოდა. დღეს ნატოს გენმდივანი ერევანშია და დარწმუნებული ვარ, რომ ერევანი დასავლეთს თავის ტკივილს კიდევ უფრო მეტად ეტყვის, ვიდრე ბაქო ეტყოდა, რადგან სომხეთი დასავლეთისკენ მიდის.

„დასავლეთის ინტერესებში არაა, რომ ახლა საომარი მოამქდებები ამ სოფლების გამო ხელახლა ატყდეს. თან ალიევმა სტოლტენბერგთან შეხვედრისას თქვა, რომ სამშვიდობო პროცესთან ასე ახლოს არასდროს არ ვყფილვართო.

„ჰიპოთეტურად, მაღალი არა, მაგრამ მაინც არსებობს იმის ალბათობა, რომ ამ სოფლების გამო დაპირისპირება მოხდეს, არა ფართომასშტაბიანი, არამედ ლოკალური. მე მაინც მგონია, რომ ეს არ მოხდება და დასავლეთი, მათ შორის თურქეთი, დაინტერესებულია, რომ ამ სოფლების გამო დაპირისპირება არ მოხდეს. თუმცა არავინ არაა მზად ეს სოფლები დაივიწყოს. ამ სოფლებზე საუბარი მოლაპარაკებების პროცესში უნდა გადავიდეს და არა საომარ მოქმედებებში.

„მგონია, რომ მსოფლიომ უნდა მოახერხოს და გავლენა მოახდინოს პირველ რიგში ბაქოზე. თუ ამ რვა სოფელზე უარს იტყვის, მაშინ თითქმის 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთზე მოახდენენ გავლენას, რომ უარი თქვას 31 სოფელზე", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შანსი ათი პროცენტია.

„არაფრის 100%-ით გამორიცხვა არ შეიძლება, 90/10%-ზე დავტოვებდი - ათპროცენტიანი საომარი მოქმედებების განახლებაზე. მგონია, რომ ბაქოს ახლა ეს არ აწყობს, რადგან ეს უკვე დღევანდელ საერთაშორისოდ სამართლით აღიარებულ სომხეთის ტერიტორიის ფარგლებშია. მანამდე ყველაფერი ყარაბაღის ფარგლებში ხდებოდა, რაც საერთაშორისო სამართლით აღიარებული აზერბაიჯანის ტერიტორიაა. მემგონი ეს ბაქოს არ უნდა აწყობდეს.

„წესით, აქ საქართველო შუამავალი უნდა იყოს. თუ ბრიუსელია, მოსკოვია, თურქეთია, საქართველო რატომ არ უნდა ყოფილიყო?! სამწუხაროდ, ჩვენ ყველა შანსები გავუშვით ხელიდან, მხოლოდ ლაპარაკია, რომ „მზად ვართ... მზად ვართ" - ყველაფერი დამთავრდა და მზად რისთვის ხარ? ფარისევლური და დემაგოგიური ფრაზები, რომ ჩვენ მშვიდობისთვის მზად ვართ, ყველაფერი ზღაპარია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×