ნატალია ჯვარიძე
19.03.2024

მოყვება თუ არა მასშტაბური პროტესტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებას და რაში სჭირდება ეს მმართველ პარტიას? ოპოზიციაზე უფრო მეტად, მოსალოდნელ საპროტესტო გამოსვლებზე ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტიურად საუბრობენ თავად „ქართულ ოცნებაში". ანალიტიკოსთა აზრით, აქციები მოსალოდნელია, თუმცა არა მასშტაბური. თავად ეს კანონპროექტი კი ერთგვარი პოლიტიკური მახეა, რომელიც წინასაარჩევნოდ „ოცნებამ" ოპოზიციას დაუგო.

მარტის დასაწყისში „ქართულმა ოცნებამ" დაანონსა, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი პარლამენტში შევიდოდა. სამშაბათს კი, განაცხადეს, რომ ის ამ კვირის ბოლომდე იქნებოდა დაინიცირებული. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპონენტები ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან. ამასთან დაკავშირებით მან ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" ახსენა.

„ჩვენ ორი კვირის წინ დავაანონსეთ, რომ ვაპირებდით ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის პარლამეტში შეტანას, თუმცა გამოხმაურება ჩვენი ოპონენტების მხრიდან არ ყოფილა, გარდა ირიბი დათანხმებისა ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგომაზე. ჩვენ დავაინიცირებთ მიმდინარე კვირაში აღნიშნულ კანონპროექტს. როგორც იცით, ამით ჩვენი ოპონენტები დაინტერესდნენ და ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი კანონის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან. მათ ჩაუტარდათ ტრენინგები, რომელიც „პრაიდის" ორგანიზებითა და გაერო-ს განვითარების ფონდის დაფინანსებით გაიმართა, რაზეც „პრაიდის" წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სემინარი რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ტარდებოდა, ხოლო გაერო-ს განვითარების ფონდმა თქვა, რომ მათ დააფინანსეს ტრენინგები, რომლებიც უმცირესობების უფლებებს ეხებოდა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები უკეთეს შემთხვევაში გაექცნენ პასუხს, უარესში კი დადგნენ ზუსტად პროპაგანდის მხარეს. მისი თქმით, რამდენიმე დღეში სინქრონში ალაპარაკებულ, კოორდინირებულ კამპანიას ვნახავთ, რომელსაც „ერთი დირიჟორი ეყოლება".

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ეს ინიციატივა გამოვთქვით და პარტიებს მოვუწოდეთ, რომ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ, ვნახეთ, რომ უკეთეს შემთხვევაში გაექცნენ პასუხს, უარეს შემთხვევაში კი დადგნენ ზუსტად პროპაგანდის მხარეს. საბოლოოდ, ამ შემთხვევაში პასუხიდან გაქცევაც ნიშნავს პროპაგანდის მხარეს დადგომას. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, რამდენიმე დღეში დაინახავთ სინქრონში ალაპარაკებულ, კოორდინირებულ კამპანიას, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება. რაც შეეხება შინაარსს, იხილავს ყველა მას შემდეგ, რაც ეს ინიციატივა დარეგისტრირდება. საჭიროებებთან დაკავშირებით იმიტომაც ვერ ლაპარაკობენ, რომ ფაქტია, ამის საწინააღმდეგო არგუმენტი არ აქვთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ საპროტესტო აქციები იქნება, რადგან ეს უკვე დააანონსა „თბილისი პრაიდმა", მაგრამ ეს არ გადაიზრდება მასშტაბურ გამოსვლებში. მისი აზრით, თუკი ოპოზიცია რაიმე სახით ჩაერევა ამ პროცესებში, ისინი შეეცდებიან ეს კანონპროექტი ევროკომისიის რეკომენდაციებს დაუკავშირონ და მოქალაქეები დაარწმუნონ, რომ მისი მიღება ევროკავშირში გაწევრიანებას კითხვის ქვეშ დააყენებს.

„საპროტესტო გამოსვლები იქნება და ამას მოწმობს „თბილისი პრაიდის" მიერ გამოქვეყნებული წერილი, სადაც მათ საზოგადოების ნაწილთან ერთად ქუჩაში გასვლა და აქციების დაწყება დააანონსეს. გარდა ამისა, მათ დიდი მათ დაფინანსება აქვთ სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციებიდან და საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ საპროტესტო გამოსვლები იყოს, მაგრამ ეს არ იქნება მასშტაბური, რადგან პოლიტიკური პარტიებისგან მაინც და მაინც დიდი მხარდაჭრა ვერ ექნებათ. ეს იმიტომ, რომ წინ არჩევნებია და არ მგონია ლგბტ თემის ირგვლივ აგორებულ საპროტესტო აქციას აყვნენ. ჩვენი ქართული ტრადიციული რეალობის გაგების გათვალისწინებით, ლგბტ თემაზე პედალირება პოლიტიკური პარტიებისთვის მომგებიანი აღარ არის. იმის მიუხედავად, რომ იმ ცნობილი პრაიდის დაგეგმისას ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა და მხარი დაუჭირა.

„მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ თუ ოპოზიცია რაღაც მხრივ ჩაერევა, ის ყველანაირად ეცდება ისე შეფუთოს აღნიშნული კანონპროექტი, რომ თითქოს ეს საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევაა და თუ ხელისუფლება მას დაუპირისპირდება, ევროკავშირის რეკომენდაციებს ვერ შეასრულებს. ვგულისხმობ იმ პარტიებს, რომლებიც ამბობენ, რომ ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ - „ნაციონალური მოძრაობა" და გვარამია-მელიას „ახალი". ისინი შეეცდებიან ისე გამოიყვანონ, თითქოს ქართულ ტრადიციებს კი არ უპირისპირდებიან, არამედ ევროპული ღირებულებების ერთგულები რჩებიან, მაგრამ რამდენად გამოუვათ, ეს ცოტა რთული სათქმელია. ეს გარკვეულწილად პოლიტიკური მახეა ოპოზიციისთვის, რადგან ლგბტ თემის მოსახლეობაში ასეთი თავგამოდებული ადვოკატირება პოპულალურ საქციელად არ აღიქმება", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც ასევე ფიქრობს, რომ პარლამენტში ამ კანონპროექტის ინიცირებას მასობრივი პროტესტი არ მოჰყვება.

„ვფიქრობ, საპროტესტო აქცია იქნება. ვისაც დაანონსებული აქვს, ისინი გამოვლენ, მაგრამ ეს არ გადაიზრდება მასშტაბურ აქციაში. რადგან ჩვენ მოვდივართ კომუნიზმის პერიოდიდან, სადაც ლგბტს ხსენებაც არ შეიძლებოდა, აქედან გამომდინარე მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა მოუმზადებელია ამ თემისთვის და ბევრ მათგანს მიაჩნია, რომ ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდი უბედურებაა", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

მისივე აზრით, წინასაარჩევნოდ ამ თემის გააქტიურება მმართველი პარტიის მხრიდან კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლის მიზიდვის მცდელობა უფროა, ვიდრე ოპოზიციისათვის ერთგვარი პოლიტიკური მახის დაგება.

„ქართული ოცნება" მართლა ოპონენტებზე კი არ ფიქრობს. ეს საარჩევნო პროპაგანდის ნაწილი, ერთგვარი პიარია, რადგან არჩევნებზე მიიღოს ხმები. მათ ძალიან კარგად იციან საზოგადოებას რა განწყობა აქვს ლგბტ თემაზე.

„ჯერ ოპოზიცია უნდა გაერკვეს, რა კანონპროექტია. თუ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, ამ შემთხვევაში ოპოზიციამ ხმა უნდა ამოიღოს და კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდეს. თუ არ არღვევს ადამიანის უფლებებს, მაშინ იმაზე უნდა იფიქროს, რამდენად ღირს ამ პროცესში ჩარევა, რადგან ამას ხელისუფლება აუცილებლად თავის სასარგებლოდ გამოიყენებს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×