ელზა პაპოშვილი
19.03.2024

ოპოზიციურ ფლანგს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად, სულ მცირე  საარჩევნო ყუთთან გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიყვანა სჭირდება. ამისთვის კი, როგორც ანალიტიკოსები და თავად ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, დაქსაქსული ოპოზიციის გაერთიანება-გამსხვილებაა საჭირო. თუმცა, არჩევნებამდე 6 თვით ადრე გაერთიანებაზე საუბარი უკვე ერთგვარ შიდა ოპოზიციურ ბულინგში გადადის.

პირველ რიგში ასეთი მინიშნებები შედარებით რეიტინგული ოპოზიციური პარტიების მხრიდან კეთდება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პატარა პარტიები მათთან უნდა გაერთიანდნენ, რადგან სხვა გზა არ აქვთ. მეორეს მხრივ კი, ზოგ შემთხვევაში შედარებით წვრილი პარტიებიც ასეთივე ფორმით ცდილობენ შეახსენონ თავი უფრო რეიტინგულ პარტიებს.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ საუბრისას ამ ტენდენციის მიზეზებსა და შესაძლო შედეგებზე საუბრობენ. ისინი ოპოზიციას ურჩევენ, ერთმანეთის დამუნათებასა და ბულინგს თავი დაანებონ და იმ კომბინაციაზე იფიქრონ, რომლითაც წარსდგებიან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხებას შეძლებენ.

ვერ შემდგარი ერთიანობა 

როგორც „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, „ქართული ოცნების“ მთავარი სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ ოპოზიცია დაქსაქსულია, ერთმანეთს არ ენდობიან და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს აზარალებენ.

„ჩვენი საზოგადოების თუ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების მთავარ პრობლემად მივიჩნევთ იმას, რომ ოპოზიციაში მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რომელიც განპირობებულია მისკომუნიკაციით, უნდობლობით და იმ ისტორიით, რომელიც ოპოზიციას აქვს. 

„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის თუ რაღაცის შედეგად, ფაქტობრივად, არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მსგავსი 4-5 პარტია. შეიძლება მეტიც. ფაქტობრივად, ეს არის ოპოზიციის მთავარი სისუსტე, რომელშიც ვერ ლაგდება ისეთი კონფიგურაცია, სადაც შეიძლება პოლიტიკური თამაშის ადეკვატურად წარმოება. ვერ ხერხდება, რომ ოპოზიცია ერთ მაგიდასთან დაჯდეს, თუნდაც ცივილურ ფარგლებში იდებატოს და მოსახლეობა აჩვენოს, რომ თუ ის აღწევს წარმატებას შემდგომ არჩევნებზე, რა იქნება მოსახლეობის მომავალი“, - ამბობს მეგრელიშვილი. 

მისივე თქმით, შეუძლებელია, ასეთი ტყუილების და დაპირებების ფარგლებში თქვა, რომ „ჩვენ ვართ ოპოზიცია და ვაპირებთ ერთად მოვიგოთ“.

„ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა მოვიგო „ლელოსთან“ ერთად; რა არის ის შემთხვევა, როდესაც მე და ჩვენი პარტია, მაგალითად, „ლელოსთან“ ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.  

მეგრელიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო პერიოდი ოპოზიციამ გაატაროს მაქსიმალურად ერთმანეთთან დებატებში, რომ ამომრჩეველმა ის მაინც გაიგოს, საერთოდ ვინ ვინ არის. 

„ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის ფლაგმანი, გამარჯვების მთავარი პრეტენდენტია. გახარიას, „ლელოსა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ და ჩვენთვის მათთან ალიანსი გამორიცხულია, რადგან სხვადასხვა მიზანს ემსახურება კამპანია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების მთავარი ამოცანა უნდა იყოს საერთო ოპოზიციური სტრატეგიის ფარგლებში მოქმედება, საერთო გამარჯვების მიღწევა და არა „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა.   ‘

„ლელო“ დარწმუნებულია, რომ 5%-იან ბარიერს გადალახავს. როგორც პარტიაში ამბობენ, ამ ეტაპზე გამსხვილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არავისთან მიმდინარეობს, არჩევნებისთვის პარტია დამოუკიდებლად ემზადება. მაგრამ „თუკი პატრიოტული ინტერესი და საჭიროება მოითხოვს“, მზად არის „პარტიული იდენტობა მეორე ფლანგზე გადადოს“.

გახარიას პარტია გაერთიანებას კვლავ არავისთან აპირებს. „საქართველოსთვის“ დარწმუნებულია, რომ გადალახავს 5%-იან ბარიერს და, როგორც აცხადებს, საარჩევნო ბარიერის არათუ შემცირებას, არამედ კიდევ უფრო გაზრდასაც დაუჭერდა მხარს, რადგან „ეს პარტიებს გაძლიერების მეტ მოტივაციას მისცემს“.  

ფარული ბულინგი და მისი შესაძლო შედეგები

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ბულინგი ოპოზიციისთვის იარაღი პირველად არ არის და ისინი ხელისუფლებასაც ბულინგით ებრძვიან. ამიტომ, რასაც არიან შეჩვეული და უკეთ გამოსდით, ერთმანეთის წინააღმდეგაც იმას იყენებენ.

„ოპოზიცია არასდროს იბრძვის ციფრებით და არგუმენტებით, მათი ბრძოლის იარაღი მუდმივად ბულინგია. იგივე ზარბაზანი ერთმანეთს მოუშვირეს. ხელისუფლებასთან ბრძოლამ ბულინგით არაფერი შედეგი არ გამოიღო 12 წელია. თუმცა დასკვნა აქედან არ გააკეთეს და სხვა ტიპის ბრძოლაზე არ გადალაგდნენ. არადა პოლიტიკურ ბრძოლას სხვადასხვა საშუალებები აქვს. ერთმანეთთან ბრძოლაც იგივე იარაღს იყენებენ. შემობრუნდნენ და ბულინგით ცდილობენ ერთმანეთის დაკნინებას. 

„ეს კი ოპოზიციას ათითოკაცოებს და ჩვენს საზოგადოებას სწორედ ამისი ეშინია. თუმცა, გაერთიანების შემთხვევაშიც არ აქვთ შანსი. ჩვენი ოპოზიცია იმასაც ვერ მიხვდა, რატომ არ აძლევს მათ ხმას ამომრჩეველი. იძახიან - გავერთიანდეთო. ამომრჩევლისთვის კი ისინი მიუღებლები იმიტომ კი არ არიან, რომ ცალკე არიან, არამედ იმიტომ, რომ აგრესია, ბულინგი და დამცირება არ მოსწონს ხალხს. 

„მათი სტილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელია. ეს აგრესიული ტონი გრძელდება ისევ. ბულინგისტები მართვაში ჩვენს მოსახლეობას არ უნდა. ესენი არც მემარჯვენეები და არც მემარცხენეები არიან, ესენი არიან „მებულინგისტები“. ამიტომ არინ იმ მდგომარეობაში, როგორშიც ვხედავთ“, - ამბობს საყარელიძე. 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ბულინგი და ერთმანეთის დამუნათება ახლა ოპოზიციას ყველაზე მეტად ვნებს. როგორც ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, ოპოზიციას აღარ აქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ ერთმანეთს ებრძოლონ და ეს ყველაზე მეტად ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.   

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ არ აქვთ არანაირი ისეთი პრობლემა და განსაკუთრებული საზრუნავი ამომრჩევლების მოსაზიდად 2024 წლის არჩევნებისათვის, როგორიც პატარა პარტიებს აქვთ. ამიტომ ბულინგის დრო არ არის და საქმეს უნდა მიხედონ. 

„გადამწყვეტი სიტყვა აქ პატარა კი არა, დიდ პარტიებს ეკუთვნით. ეს დიდი პარტია, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, სულ სამია - გახარიას პარტია, „ლელო“ და გვარამია-მელია. ამათ უნდა იჩქარონ და თემა მათ უნდა წაიყვანონ. დანარჩენი პატარა პარტიები რას საუბრობენ, აზრი არ აქვს, რადგან 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ ამ სამ სუბიექტს აქვს, დანარჩენების შანსი ნულია. თუმცა, მელია-გვარამიასაც შესაძლოა პრობლემა შეექმნათ, რადგან ჯაფარიძე, ხოშტარია და „ევროპული საქართველო“ მათ ხმებს გაუყოფენ - ესენი სულ „ნაციოანლური მოძრაობის“ ელექტორტაზე მუშაობენ“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით,  როდესაც გაერთიანებაზე  საუბრობს, აქ  შუაშისტურ ამომრჩეველს გულისხმობს, რათა მათი ხმები არ დაიკარგოს. ამიტომ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ბულინგის ნაცვლად სჯობს, რომ თუნდაც „ლელო“ და გახარია გაერთიანდნენ და ერთიან ფრონტზე იბრძოლონ. 

„გახარია ცდილობს, რომ ცალკეულ პიროვნებებთან დაალაგოს ურთიერთობა და მას კიდევ აქვს შანსები. მაგრამ აქ „ლელო“ რჩება მარტო, რომელსაც ბულინგის დრო ნამდვილად  არ აქვს. დრო აღარ არის იმის, რომ ერთმანეთი ამუნათონ, სჯობია სწრაფად დაასრულონ გადალაგება და საზოგადოებას ეჩვენონ იმ საბოლოო სახით, როგორადაც 2024 წლის არჩევნებისთვსი წარდგენას აპირებენ“, - ამბობს ძაბირაძე.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×