თამთა ჩაჩანიძე
20.03.2024

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას გარკვეული გზავნილები აქვთ თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ ინტეგრაცია დაჩქარდეს. მათი შეფასებით, ვინაიდან საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა, პოლიტიკურმა ლიდერებმა კონსტრუქციულად, ერთად უნდა იმუშაონ, ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ახლა საქართველოს მომდევნო ეტაპზე, ანუ ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე გადასვლა მთლიანად 9 პუნქტის შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. იგივე გზავნილი აქვთ ელჩებსაც.

ელჩები იმ სიკეთეებზე საუბრობენ, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება - როგორც კი საქართველო ევროკავშირში შევა, მოქალაქეები ევროკავშირის მთელს ტერიტორიაზე სრული შრომითი უფლებებით ისარგებლებენ. გაწევრიანების პროცესში კი მათი თქმით, საქართველოს მთავრობას მოუწევს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შრომის სტანდარტებისა და სოციალური დაცვის კუთხით არსებული აცდენები გამოასწოროს.

ევროკავშირის გზავნილები საქართველოს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ როგორც კი საქართველო ევროკავშირში შევა, მოქალაქეები ევროკავშირის მთელს ტერიტორიაზე სრული შრომითი უფლებებით ისარგებლებენ.

„დავიწყებ იმით, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის საქართველოს მოსახლეობის მიერ მისი ევროპული მომავლის ძლიერი მხარდაჭერის აღიარება. საქართველოს მომავალი ევროკავშირში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის, ცნობილი 9 ნაბიჯის შესრულებას უკავშირდება. მათი შესრულება გადამწყვეტია საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას მოიცავს.

„ყველა ამ ნაბიჯის და ეტაპის მიზანი არაა, იყო „ბრიუსელის მოსაწონი"; მათი მიზანი საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება და საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაა. ვინაიდან საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა, პოლიტიკურმა ლიდერებმა კონსტრუქციულად, ერთად უნდა იმუშაონ, ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ევროკავშირი ამ გზის ყოველ ნაბიჯზე საქართველოს მხარს დაუჭერს. კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები უნდა იყოს საქართველოს კომპასი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა გაადვილებას, ევროკავშირი და საქართველო ერთად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაოსა და შრომის ბაზრის განვითარებაზე მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გაფართოების, შრომის პოლიტიკის გაუმჯობესების და მეწარმეობის სწავლების მხარდაჭერის საშუალებით.

„ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, საქართველომ დასაქმებისა და შრომის სფეროში არსებული მთელი თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონთა კრებულთან, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს და მისი აღსრულება უზრუნველყოს. ეს სამუშაო პირობებთან, სამუშაო საათებთან, დისკრიმინაციის აკრძალვასთან და თანამშრომელთა სხვა უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებულ დადებით ცვლილებებს მოიცავს.

„ვინაიდან ევროკავშირის წევრობა საბოლოო ჯამში „ოთხი თავისუფლების" - საქონლის, კაპიტალის, მომსახურებისა და ადამიანების გადაადგილების თავისუფლების მიღებას და ამ თავისუფლებებით სარგებლობას ნიშნავს - როგორც კი საქართველო ევროკავშირში შევა, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სრული შრომითი უფლებებით ისარგებლებენ.

„მათ შორისაა სოციალური დაცვა და სავალდებულო დაზღვევა, ოფიციალური დასაქმება, ხელფასები და პენსიები. გაწევრიანების პროცესში საქართველოს მთავრობას მოუწევს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შრომის სტანდარტებისა და სოციალური დაცვის კუთხით არსებული აცდენები გამოასწოროს", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ასუნსიონ სანჩეს რუისმა კი განაცხადა, რომ ევროკავშირი ყველა პოლიტიკურ ლიდერს: მმართველ პარტიას და ოპოზიციას, პოლარიზაციის დასასრულებლად კონსტრუქციული ჩართულობისკენ მუდმივად მოუწოდებს.

„ევროკავშირს კარგად ესმის, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოს მოსახლეობის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. საქართველოში არსებული პოლიტიკური კლიმატის შესახებ ბევრმა თქვენგანმა იკითხა. პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა, ფაქტობრივად, მესამეა იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე. პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია.

„ევროკავშირი ყველა პოლიტიკურ ლიდერს: მმართველ პარტიას და ოპოზიციას, პოლარიზაციის დასასრულებლად კონსტრუქციული ჩართულობისკენ მუდმივად მოუწოდებს. არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი საქართველოს ევროკავშირის გზის სასარგებლოდ, ამიტომ შეთანხმების საკითხია, ეს ეროვნული მიზანი როგორ იქნება მიღწეული. ჩვენი მუშაობის გამოცდილება იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირში უკვე შევიდნენ, არის ის, რომ ყველაფერი შეიძლება უფრო სწრაფად განხორციელდეს, როდესაც ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელ რეფორმებთან დაკავშირებით ეროვნული კონსენსუსი არსებობს.

„9 ნაბიჯს რომ შეხედავთ, თითოეული მათგანის შესრულება, დეპოლარიზაციას იწვევს: საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებით და საპარლამენტო ზედამხედველობით დაწყებული, დასრულებული დეზინფორმაციასთან ბრძოლით და ისეთი ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფით, როგორებიცაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ყველა ეს ნაბიჯი უნდა განხორციელდეს, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესში წინ წაიწიოს. ვიმედოვნებთ, რომ მთელი საზოგადოება ამ ამოცანას სერიოზულად მოეკიდება", - განაცხადა ასუნსიონ სანჩეს რუისმა.

რაც შეეხება რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას, რუისის თქმით, ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან და უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციასთან და ჩარევასთან ბრძოლა ევროკავშირის გზაზე საქართველოს 9 ნაბიჯიდან პირველია, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას, რომ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით წინ წავიდეს.

„დეზინფორმაცია კომპლექსური გამოწვევაა, რომელსაც უნდა გაუმკლავდეთ თანმიმდევრულად და მრავალი მხრიდან შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ფაქტების შემმოწმებლების, აკადემიური წრეების, მედიისა და სხვა ძირითადი აქტორების მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებით. ევროკავშირი მხარს უჭერდა და გააგრძელებს საქართველოში დეზინფორმაციისა და უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის აქტივობების მხარდაჭერას. ჩვენი ძალისხმევა ეხმარება საქართველოს საზოგადოების სიფხიზლის და მედეგობის გაძლიერებას და ხელს უწყობს მიდგომას, რომელიც მოიცავს მთელ საზოგადოებას, სადაც ყველას თავისი როლი აქვს.

„დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ძირითადი ადგილობრივი აქტორების შესაძლებლობებს ვაძლიერებთ და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობისა და ისეთი მნიშვნელოვანი უნარების გაუმჯობესებაში ვეხმარებით, როგორებიცაა მთავარი ფაქტების შემოწმება, მედია წიგნიერება და ციფრული წიგნიერება.

„ეს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის თემატური ტრენინგების საშუალებით კეთდება, მათ შორის ახალგაზრდებისა და უმცირესობებისთვის; ასევე მასწავლებლებისთვის და სხვა ძირითადი გამავრცელებლებისთვის აუცილებელი რესურსების მიწოდების მეშვეობით.

„ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს დამოუკიდებელ მედიასა და საგამოძიებო ჟურნალისტიკას და თანამშრომლობს ფაქტების შემმოწმებლებთან საინფორმაციო სივრცის სანდო, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციით შესავსებად და მცდარი წარმოდგენების აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, ჩვენი წარმომადგენლობა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები ასევე აქტიურად ურთიერთობენ საქართველოს საზოგადოებასთან, რომ ევროკავშირის, გაფართოების პროცესის და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

„ევროკავშირისკენ სვლის პროცესში, საქართველოს სჭირდება სრულყოფილი და ინკლუზიური ეროვნული სტრატეგია, რომელსაც თან ერთვის სექტორთაშორისი და გაზომვადი სამოქმედო გეგმა მკაცრი ზედამხედველობის მექანიზმებით. დეზინფორმაციასთან ბრძოლა როგორც ეროვნული, ასევე ევროპული უსაფრთხოების საკითხია", - განაცხადა ასუნსიონ სანჩეს რუისმა.

რას აკეთებს საქართველო 9 პუნქტის შესასრულებლად

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ 9 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ყველაფერი საჭიროებისამებრ მიდის და ეს შემაფერხებელი არ გახდება მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად.

„ყველა პუნქტი შესრულდება, ისევე, როგორც მანამდე შესრულდა რეკომენდაციები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მავნებლური პროპაგანდა შინ და გარეთ, რომ თითქოს „ქართული ოცნება" ევროინტეგრაციას აფერხებს, ძალიან დიდი ტყუილია, რომელიც დესტრუქციული კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან" მოდის. გუშინ მისმა წარმომადგენლებმა გიორგი ვაშაძემ, ანა წითლიძემ, თამარ კორძაიამ, გიორგი ბოტკოველმა ევრონესტში „ქართული ოცნების" რეზოლუციის ინიცირებას მხარი არ დაუჭირეს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ქვეყნის ტერიტორულ მთლიანობას ეხებოდა.

„ეს გაჯიუტება არის არა „ქართული ოცნების", არამედ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლაა და ხსენებული სუბიექტები 2008 წელს ევროპული საბჭოს 1633 რეზოლუციაზე ხელმომწერებისგან არაფრით განსხვავდებიან, როდესაც აღიარეს, რომ ცხინვალი პირველად საქართველომ დაბომბა.

„ცხრა ნაბიჯს პუნქტობრივად რომ მივყვეთ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ინსინუაციები იქნება, გააჩნია ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს. „ქართული ოცნება" რასაც პირნათლად, რუდუნებით და ბეჯითად ასრულებს, ყოველთვის მეორე-შავბნელი „ნაცმოძრაობის" მხრიდან, ტყული და დეზინფორმაცია მოჰყვება ხოლმე. იგივე ეხება მოსამართლეთა ე.წ. ვეტინგს და ა.შ.

„გავიხსენოთ რამდენიმე თვის წინანდელი კაკაფონია, როცა საუბარი იყო, რომ საქართველო ევროპულ სტატუსს ვერ მიიღებდა და არ ეკუთვნოდა, ვნახეთ რა შედეგიც დადგა. არ დავიწყებ იმას, თუ ესა თუ ის ნაბიჯი რა პროცენტით შესრულდა, რადგან ეს ძირითადად „ნაცმოძრაობასთან" აფილირებულ ექსპერტებს ახასიათებთ, რომლებიც ყოველთვის რუხ და შავბნელ ფერებში ხატავენ, რომ თითქოს პროგრესი არაფერში არაა, ან თითქოს ნატოს გზას გადავუხვიათ და ა.შ.

„ამ ნეგატიური კამანიის მიუხედავად, ყველაფერი საჭიროებისამებრ მიდის, ამის იმედისმომცემი ის პოლიტიკოსები კი არ არიან, თუნდაც მმართველი გუნდიდან, არამედ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან ის ნეიტრალური წონადი დასავლელი ლიდერები, რომლებიც მიმდინარე პროცესებს ობიექტურად აფასებენ და შესაბამის განცხადებებს აკეთებენ. მე მათი შეფასებები უფრო მაინტერესებს, ვიდრე აქ ნაცპროპაგანდის და მისი მოკავშირე უცხოელი ლობისტების",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლა მთლიანად 9 პუნქტის შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. მისი თქმით, პრობლემებია საარჩევნო თუ სასამართლო სისტემის და პოლარიზაციის დაძლევის მხრივ.

„პრობლემება პირველ რიგში საარჩევნო გარემოს უკავშირდება - იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნას არ ითვალისწინებს, ეს ბუნებრივია დიდ პრობლემებს აჩენს. თუნდაც ის ფაქტი, რომ ოპოზიციისთვის განკუთვნილი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უქმდება და სხვა ცვლილებები ხორციელდება.

„ასევე პრობლემურია საკითხი, რომელიც სასამართლოს ე.წ. ვეტინგის სისტემას უკავშირდება, როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ უცხოელ ესპერტემბა ქართველი მოსამართლეები არ უნდა დანიშნონ. არც არავინ არაფერს არ ნიშნავს, ესეც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, რადგან აქ საუბარია მოსამართლეთა კანდიდატების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე და ამაზე თუ უარს ამბობ, ე.ი. სასამართლო სისტემა კორუმპირებულია, ამას ადასტურებს თუნდაც აშშ-ის სანქციები.

„ასევე, პრობლემურია პოლარიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, რადგან ხელისუფლება ისევ ცდილობს აქცენტი ოპოზიციაზე გადაიტანოს, ყველა ენმ-სთან გააიგივოს და ამავე დროს „ნაცმოძრაობას" მკვლელები და სისხლიანი ჯალათები უწოდოს. ეს კი, რა თქმა უნდა, პოლაროზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს, არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ საზოგადიებაში ნერგავენ ზიზღს ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომ თითქოს ისინი გადატრიალებას აპირებენ.

„პოლარიზაციასთან, სასამართლო და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები მოუგვარებელია, ეს კი თავის მხრივ წინაპირობას არ ქმნის. საქართველო დღეს ევროკავშირის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე მშპ 8 ათასი დოლარია, რაც დაახლოებით სამჯერ ჩამორჩება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს",- განაცხადა ჩიტაძემ.

მისი თქმით, შესაძლოა ევროკავშირმა მოლაპარაკებებზე გადასვლის ეტაპის პასუხი გადადოს, თუ ქვეყანა წლის ბოლოსთვის მზად არ იქნება 9 პუნქტის შესრულების მხრივ.

„მოლდოვას და უკრაინას არ გადაუდეს, რადგან ისინი რეფორმებს აგრძელებდნენ, საქართველოს შესაძლოა მოლაპარაკებების პროცესი გადაუდონ, როგორც ეს სტატუსის შემთხვევაში მოხდა, უარი არ გვითხრან, მაგრამ პერსპექტივა მოგვცენ. ახლა მგონია, რომ მოლაპარაკებებზე გადასვლა მთლიანაც 9 პუნქტის შესრულებაზე იქნება და გეოპოლიტიკურ ვითარებას არ გაითვალისწინებენ.

„ახლა ჯერი ჩვენზეა და ასე მგონია ჯერ არჩევნებს დაელოდებიან თუ რამდენად დამოკრატიულად ჩავატარებთ და ესეც ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×