ელზა პაპოშვილი
24.03.2024

მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაზე - ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით დაწყებული აჟიოტაჟი უკვე თბილისსა და ბრიუსელს შორის დისკუსიაში გადავიდა. ხელისუფლებამ ეს თემა დახურულად გამოაცხადა, თუმცა შაბათს ევროკომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ არაორაზროვნად განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება კეთილსინდისიერების შემოწმების განსაკუთრებული სისტემის შექმნა უმაღლესი პოზიციების მქონე პირებისთვის სასამართლო სისტემაში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.

პიტერ სტანოს განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან კონკრეტული მოსამართლეების მიმართ ბოლო დროს გაკეთებული კომენტარების გამო.

„სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური გამოწვევების მოსაგვარებლად, საქართველოს სჭირდება კეთილსინდისიერების შემოწმების განსაკუთრებული სისტემის შექმნა კანდიდატებისთვისა და უმაღლეს პოზიციების მქონე პირებისთვის სასამართლო სისტემაში - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოში და სასამართლოს თავმჯდომარეები, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომლებსაც გადამწყვეტი როლი ექნებათ პროცესში“,- ნათქვამია პიტერ სტანოს განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კი ევროკავშირისგან არგუმენტებს ითხოვს. ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ თუ ევროკავშირისგან არგუმენტები იქნება, მოისმენენ, თუმცა აქვე აცხადებს, რომ საქართველოს მიერ ძებნილი ზურაბ ადეიშვილი მის ქვეყნებში თავისუფლად დაიარება, რაც მისი თქმით, ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.  

ხელისუფლების პოზიცია

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება, რათა მოახერხონ სასამართლოზე საკუთარი გავლენების აღდგენა და ამას ხელისუფლება არ დაუშვებს.

„ეს განცხადებები, რასაც ოპოზიცია აკეთებს, აჩვენებს მათ დამოკიდებულებას სასამართლოს მიმართ. როცა ისინი ასე უყურებენ 300-ზე მეტ მოსამართლეს, რომ ხელისუფლებას შეუძლია ისინი მოაბილიზოს, ეს არის მათი დამოკიდებულება. ასე ამობილიზებდა თავის დროზე ადეიშვილი, სააკაშვილი მოსამართლეებს. ეს არ არის ჩვენი დამოკიდებულება, ეს არ არის ჩვენი ხელწერა, ეს არის მათი ხელწერა. 

„დღეს, მადლობა ღმერთს, ვერავინ ამობილიზებს 300-ზე მეტ მოსამართლეს, ეს არის დღევანდელი მიდგომა, დღევანდელი დამოკიდებულება. ამას ვერ ეგუებიან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და ამიტომ უნდათ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება იმისათვის, რომ მოახერხონ სასამართლოზე საკუთარი გავლენების აღდგენა და რა თქმა უნდა, ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.   

მისივე თქმით, ეს თემა დახურულია. ვეტინგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუცას და ეწინააღმდეგა სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს.

„ყველაზე მაღლა დგას სასამართლოს დამოუკიდებლბის პრინციპი და ვერავითარ შემთვევაში ვერ დავუშვებთ ამ პრინციპების უგულებელყოფას. ჩვენ ღია ვართ კონსულტაციებისთვის, მაგრამ როცა ჩვენ არგუმენტები გვაქვს, მეორე მხრიდანაც ველოდებით არგუმენტებს, სწორედ ეს არის ევროკავშირის ღირებულებები. არგუმენტები არ არის, ყველამ უნდა წარმოადგინოს არგუმენტები, როცა რაღაცას ითხოვს“, - ამბობს კობახიძე.

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი კი აღნიშნავს, რომ „ვეტინგი“ არ ყოფილა 9 პირობის შემადგენელი ნაწილი და ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი ასეთი დამოკიდებულება სამართლიანი არ არის.

„თვითონ ტერმინი „ვეტინგი“ არ უხსენებია, მაგრამ ყველა პუნქტი ჩამოთვალა და თქვა, რომ ეს არის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. ძალიან უცნაური და სიმპტომატური დამთხვევაა, რომ ეს მოხდა ზუსტად მაშინ, როდესაც პრაქტიკულად უკვე დავაინიცირეთ და ორშაბათს საჯაროდ გაჟღერდება კანონი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. როგორც ჩანს, ამაზე იციან ხალხის განწყობა, ამიტომაც ვერაფერი გვითხრეს ამ კანონთან დაკავშირებით, ამიტომ შემოგვიარეს მეორე კარიდან და გვეუბნებიან, რომ თუ ენჯეოების მიერ მოთხოვნილ ვეტინგს არ ჩაატარებთ, ამ შემთხვევაში, თითქოს საქართველოს რაღაც პრობლემები შეექმნება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. 

„ასეთი დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორების მხრიდან არ არის სამართლიანი, არ არის სწორი, მით უმეტეს, ვეტინგი არ მოუთხოვია ევროკავშირს, არ ყოფილა ეს 9 პირობის შემადგენელი ნაწილი. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ, რასაც ჩვენგან ითხოვენ, არ არსებობს. 

„ორი ქვეყანა იყო, უკრაინა და მოლდოვა, სადაც ჩატარდა და იქაც შეფასება არის აბსოლუტურად უარყოფითი, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ „ვეტინგმა“ არ გაამართლა. ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმაც კი, როგორიცაა ვენეციის კომისია, თქვეს, რომ ვეტინგმა უარესი შედეგები მოიტანა და რატომღაც ახლა საქართველოში ითხოვენ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ზაქარეიშვილი: „ჩვენ უკვე ავიღეთ ამის ვალდებულება“

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოს მხრიდან ითხოვს იმ საერთაშორისო კონცეფციაში ჩართვას, რასაც სასამართლო რეფორმა ჰქვია. მისივე თქმით, ჩვენ ამაზე თანხმობა უკვე განვაცხადეთ მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ.

„ჩვენ უკვე ავიღეთ ვალდებულება, რომ საქართველომ თავისი პოლიტიკა უნდა მოიყვანოს  ევროკავშირის ღირებულებების შესაბამისობაში. ამიტომ თუ ამას კონსტიტუციის შეცვლა სჭირდება, კეთილი ინებონ და შეცვალონ. თუ არ გამოუვიდათ, იმას მაინც იტყვიან, რომ ოპოზიციამ ხმა არ მოგვცაო. კონსტიტუციის შეცვლაზე იოლი რა არის, როცა ოპოზიციაც მზად არის ამისთვის. 

„თუმცა მათ არ უნდათ ამის გაკეთება. „ოცნებას“ არ სურს საქართველოს სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და ეჭქვეშ დადგეს ძალაუფლება სხვადასხვა პერიდოში, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ. არჩევნების დროს ძალიან ბევრი სარჩელი სასამართლოში წავა. ამიტომ ხელისუფლებას უნდა, რომ სასამართლო არ იყოს დამოუკიდებელი. აი, მაშინ გამოჩნდება, რომ ევროკავშირი მართალი იყო და შესაძლოა მაშინ დაბლოკოს და არ მიიღოს საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება.

„სასამართლო რეფორმა პირდაპირ ბმაშია არჩევნებთან. „ოცნება“ თუ დაუშვებს გადაცდომებს არჩევნების დღეს, ასეთი სასამართლო „ოცნებას“ მიემხრობა. ამიტომ არაფრის ფასად მისი დათმობა არ სურთ“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, ეს იქნება გამოწვევა ევროკავშირისთვის, რომელსაც მოუწევს უარი გვითხრას გადადგას შემდეგი ნაბიჯი ჩვენი გაწევრიანების მიმართულებით. 

„არავინ არ ითხოვს ევროპაში, რომ ცალ ფეხზე დადექითო, როგორც ამ ბოდვას მმართველი გუნდი ახმოვანებს. ეს არის მოგონილი ამბავი, რომლისაც თავად სჯერათ. ჩვენ მოგვცეს სტატუსი უკრაინელი ხალხის მსხვერპლის და ქართველი ხალხის თავგანწირვის გამო. ხოლო „ოცნება“ აქ არაფერ შუაშია. ღმერთმა ქნას და მაინც გაგვიხსნან მოლაპრაკების ფანჯარა. ამასაც  ხალხის დამსახურებით თუ გააკეთებენ.

„ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, ამომრჩეველი როგორ მოიქცევა არჩევნებზე და რა სიტუაცია იქნება“, - ამბობს ზაქარეიშვილი.   

საყვარელიძე: „ხელისუფლება იძლებულია ფრთხილად იყოს“

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან მოყვანილი არგუმენტი - რომ დასავლეთს სურს ქვეყნის სასამართლო სისტემის მართვაში ჩაერიოს ლოგიკურია. მისივე თქმით, ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა გახმაურებული შემთხვევა, როდესაც ქართველ მოსამართლეს აშშ-ის ვიზა იმის გამო არ მისცეს, რომ მის მიერ გამოტანილი განაჩენი არ მოეწონათ. 

„ზოგადად, მოსამართლეს განაჩენის გამო არ ედავებიან, მითუმეტეს არ სჯიან. სახელმწიფოც კი არ უნდა ჩაერიოს წესით. თუმცა ვნახეთ, რომ რადგან მიზანშეწონილად არ მიაჩნდა ამერიკის საელჩოს, როგორ დასაჯეს ეს მოსამართლე. ეს გვაფიქრებინებს, რომ მოსამართლეების ვინაობაზე და პოზიციებზე ამა თუ იმ ქვეყანას პრეტენზიები აქვს. ამიტომ ცდილობენ, რომ გავლენა იქონიონ. 

„ამ ფრაგმენტიდან გამომდინარე, ის მოთხოვნები, რომ ფაქტიურად უცხოელებმა წარმართონ შერჩევის პროცესი, ეს უკვე ხელისუფლებას აიძულებს ფრთხილად იყოს. თუკი არ იქნება რაიმე სხვა შემოთავაზებული, რომელიც ამ ბრალდებას უარყოფს, იქამდე ხელისუფლების პოზიცია ლოგიკურად მიმაჩნია“, - ამბობს საყვარელიძე. 

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, მოსამართლეებით თემა ასევე 2024 წლის არჩევნებთან არის დაკავშირებული, რადგანაც ოპოზიციისთვის, არჩევნების შედეგების არაღიარების კონტექსტში, სასამართლო საუკეთესო ბერკეტი იქნება.  

„ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ქართული ოპოზიციის ბირთვი და მთავარი წარმომადგენელია, მოსამართლეების კონტროლი შეეშლება?! ისინი სასამართლოს მიმართ  ნეიტრალურები არასდროს ყოფილან. ახლა რომ კონკრეტულ მოსამართლეებს იწუნებენ, განა მათი ხელისუფლების დროს ისინი სისტემას არ წარმოადგენდნენ? უბრალოდ მაშინ მათი ცოდვები „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობდა, ახლა კი აღარ აწყობს, რადგან მათი ერთგულები აღარ არიან. 

„ოპოზიციის განცხადება, რომ მათ სურთ სასამართლო სისტემაში ჩარევა, სახიფათოა, რადგან ამ ხალხს უკვე აქვთ მოსამართლეების მართვის გამოცდილება. ამიტომ არჩევნებზე თუკი ისევ ხელში ჩაიგდებენ ამ სისტემას, თუნდაც დასავლეთის დახმარებით, ამაზე უარს არ იტყვიან“, -ამბობს საყვარელიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×