„არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა“
თამთა ჩაჩანიძე
03.04.2024

ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, ამისთვის უდიდესი მობილიზაციაა საჭირო. არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა, აქ საჭიროა მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ. ალბათ, რამდენიმე პარტიით, მაგრამ ერთი დროშის ქვეშ და ეს არის ევროპული დროშა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

ამავე დროს, პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას" და საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ დღეს ეს ორი ცნება ეროვნული და ევროპული ერთად არის და ამის გამიჯვნა შეუძლებელია. მისი თქმით, „ოცნებამ" თავისი ნაბიჯებით „ევროპას უთხრა არა".

პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი მას შემდეგ ჩანიშნა, რაც „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა „უცხოურ აგენტებზე" კანონპროექტს კვლავ აბრუნებს საკანონმდებლო ორგანოში. მდინარაძის თქმით, კანონპროექტი ზუსტად იგივე ტექსტით დაინიცირდება, რაც შარშან იყო, ერთადერთი განსხვავებით, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი", გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".

პრეზიდენტის მიმართვა

„მივმართავ საზოგადოებას, მაგრამ ამავე დროს მინდა მივმართო „ოცნებას" და მის წარმომადგენლებს - გილოცავთ ბატონებო, რამეთუ ქალები თქვენთან აღარ ითვლება, ან თუ ითვლება ისე მოიხსენიებთ, სჯობს არ მოიხსენიოთ. დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც თქვენთვის ძალიან სამწუხაროა. ყველაზე მოსალოცი ისაა, რომ თქვენ ის შეძელით, რომ დაამთხვიეთ თქვენი რუსული კანონის (ბოდიშს ვიხდი ბატონ პაპუაშვილთან, რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ ვიხმარ) ინიცირება იმ კვირას 31 მარტიდან, 9 აპრილამდე, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ეროვნული სულისკვეთებით ალბათ ყველაზე დატვირთულია. მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ, არც ეროვნული და არც ევროპული.

„დღეს ეს ორი ცნება ეროვნული და ევროპული ერთად არის, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას. თქვენ არ გინდათ დაინახოთ, არ გინდათ მოისმინოთ, რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულების ქვეშ - დამოუკიდებლობა გავამყაროთ, რუსეთი აღარასდროს არ დაბრუნდება აქ და ჩვენი ევროპული გზა გავამყაროთ.

„ოცნებამ" უკვე თავისი სახე გამოაჩინა. ერთი პერიოდი იყო 15 დეკემბრიდან ერთი თვე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ევროპული გადაწყვეტილებაო, ჩვენი დამსახურებაა, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთო და ეს ახალი რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ნათელია.

"ოცნებამ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა, ევროპას უთხრა არა ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციაში წერია, ყველა შესაძლო საკითხზე, რაც განაპირობებს ჩვენს ხვალინდელ დღეს და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, ყველა ამ მიმართულებით უთხრა მკაფიო უარი. ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს „ოცნება" არის დაკავებული ამ ჩვენი გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით, საბოტაჟი არის ერთადერთი სიტყვა, რაც მომაფიქრდა.

„არა იუსტიციის რეფორმას, არა როგორ შეიძლება. მე არ შევალ რომელიმე ფორმით ვეტინგით თუ სხვა, მაგრამ მტავარი ისაა, რომ მურუსიძე-ჩინცალაზეს არ გავწირავთო, საქართველო ევროპული მომავლის ნაცვლადაც კი. არა საქნცეიბთან შეერთებას, ან ევროკავსირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებას, რაზედაც გვეუბნებიან, რომ ეს აუცილებელია თუ გინდათ რომ ჩვენთან თანამეგობრობაში შემოხვიდეთო", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის შეფასებით, „ოცნების" ულტიმატუმი ამერიკას „სასაცილოც აროს".

„ულტიმატუმი ამერიკას, სასაცილოც არის, ძალიან მაგრები ვართო, არ უნდა ვაწყენინოთ რუსეთს. ეს არის ამ ყველაფრის სარჩული. არა სამართლიან არჩევნებს, ჩვენი და მხოლოდ ჩვენი წესები, ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ცესკოო, და ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ცესკოს თავმჯდომარეო. არა დიასპორის მონაწილეობას, ვინიცობაა ჩვენი არ იყოსო და როგორ შეიძლება (შეურაცხყოფაც ყოველთვის თან ახლავს) „ყოველ პადიეზდში ხომ არ გავხსნითო საარჩევნო უბანსო".

„არა" - ქალების უფლებებს და „არა", იმ ერთადერთ პრაქტიკულად შესრულებულ რეკომენდაციას, რაც გვქონდა გენდერულ თანასწორობაზე, უკან-უკან წავიდეთო და ქალები ბუტკაშიო. არა ანტიკორუფციულ ზომებს, პირიქით, თურმე არ უნდა ვიცოდეთ, როგორ მდიდრდებიან ჩვენი მოსამართლეები, სასამართლოების თავმჯდომარეები, თუ ყოფილი პრემიერები. მთავარია მდიდარი დედ-მამა ჰყავდეთ ან შვილები, ან ძმები და საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, ეს ყველაფერი გამოწვევაა საზოგადოების და პარტნიორების, რომლებმაც ავანსად მოგცეს კანდიდატის სტატუსი.

„არა და არა - ცხადია, დეპოლარიზაციას. რამეთუ პირიქით, გამწვავებისკენ იწვევენ მთელ საზოგადოებას, ამას ემსახურება ყველა ინიცირებული კანონი, ეს იქნება პროვოკაციული ლგბტ-ზე თუ დღეს, რუსული კანონის მეორედ შემოტანა. ვითომც და ისტორიაში ყველაფერი მეორდება.

ეს ყველაფერი პირდაპირი გამოწვევაა საკუთარი ხალხის, ამავე დროს ჩვენი პარტნიორების, რომლებმაც ავანსად მოგცეს კანდიდატის სტატუსი. ჩვენგან ელოდებიან გულწრფელ გამოხატულებას იმისას, რომ ამ გზაზე მივდივართ, არსებობს პოლიტიკური ნება ამ გზაზე სიარულისა.

რას ემსახურება გამოწვევა? არეულობა გამოიწვიოს, დესტაბილიზაცია და ყველა მოინათლოს რადიკალად, უცხოეთის აგენტად, ომის პარტიის მომხრედ და ასე შემდეგ. ეს ძალიან ცნობილი ხერხებია, ზოგიერთ ჩვენგანს გავლილი აქვს ბევრი წლის წინ, არაფერი ახალი არ არის ცის ქვეშ. ამიტომ, საზოგადოება მომზადებულია ამ ყველაფრისთვის, ვერავინ გადაახვევინებს თავის გზიდან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

„არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა"

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პასუხი „უცხოური აგენტების კანონის" შემობრუნებაზე არის დიდი მობილიზაცია არჩევნებისთვის.

„პასუხი ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე და ამ ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ჰქვია რუსული კანონი და რუსული მიმართულება, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი - ეს არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა. არჩევნები მოდის ცოტა ხანში, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, თუ რა არის რეალური ციფრები, ძალიან კარგად იცის, რომ არც კონსტიტუციური უმრავლესობა, არც მიშას დაბრუნება, ეს ყველაფერი უკვე მითები არის, რითაც უნდათ, რომ შეაშინონ საზოგადოება.

„რეალობა არის, რომ არსებობს ქვეყანაში დიდი უმრავლესობა, რომელმაც იცის, რა უნდა, უნდა ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი. ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, ამისთვის უდიდესი მობილიზაცია არის საჭირო. არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა, აქ საჭიროა მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ. ალბათ, რამდენიმე პარტიით, მაგრამ ერთი დროშის ქვეშ და ეს არის ევროპული დროშა.

„ევროპული სამოქმედო გეგმა, რომელზეც ვმუშაობთ და გავერთიანდებით. რაც არ ნიშნავს პარტიების მაინც და მაინც გაერთიანებას, მაგრამ ნიშნავს მათ გამსხვილებას და რაც მთავარია, ეს ნიშნავს საზოგადოების გაერთიანებას, ეროვნულ თანხმობა ევროპაზე. ამ დროშას ბოლომდე დავიჭერ და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ, ევროპამ და ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს მომავალ არჩევნებზე. ვერაფერი უზამს ამ გეგმებს თუ ხრიკებს, რასაც დღეს „ოცნება" ატრიალებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×