ნატალია ჯვარიძე
04.04.2024

უმრავლესობის მიერ ხელახლა ინიცირებული „აგენტების კანონის" საპირწონედ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია პარლამენტში „ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" კანონპროექტს აინიცირებენ.

პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ეს ალტერნატიული კანონი სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს ყველა იმ ორგანიზაციის ან ადამიანის მიმართ, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის ძალას წარმოადგენს და რუსეთის ინტერესებით საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის მიზნების შეცვლას ცდილობს ან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ღიად/ფარულად ერევა. როგორც მან განაცხადა, კანონი ეხება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ყველა სახელმწიფოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს.

„ამ გამოსვლის შემდეგ, ჩენი საპარლამენტო გუნდი, დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიასთან ერთად აინცირებს „ოცნების" მიერ დარეგისტრირებული „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ", ანუ ე.წ. რუსული კანონის ალტერნატიულ კანონის პროქტს, კერძოდ, საქართველოს კანონის პროექტს „ოკუპანტი სახეკმწიფოს- რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ.

„მას შემდეგ, რაც ასობით ათასმა ჩვენმა მოქალაქემ, ტყუილებში ჩაკარგულ „ოცნებას" კანონი გააწვევინა, მათ თქვეს, რომ ისინი არასდროს დაუბრუნდებოდნენ ამ საკითხს. ამ ნაბიჯმა კიდევ ერთხელ ძალიან კარგად აჩვენა, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება", როცა კიდევ ერთ პირობასაც არღვევს. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს საზოგადოებას გამარჯვება გვაერთიანებს, ივანიშვილი გვყოფს და ცდილობს გააღრმაოს პოლარიზაცია.

„ჩვენ არავითარი პრობლემა გამჭვირვალობასთან არ გვაქვს, ერთადერთი ვისაც გამჭვირვალობა პრობლემას უქმნის, ეს არის თავად ხელისუფლება. დღეს, როცა ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება" მანიპულირებს, თითქოს იმით, რომ ის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას იცავს. ჩვენ შევახსენებთ მათ, რომ გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესი სტანდარტია, და ეს სტანდარტი ყველას უნდა ეხებოდეს, ენჯეოებსაც, პოლიტიკურ პარტიასაც და პირველ რიგში თავად ხელისუფლებას!

„მაშინ, როდესაც თითქოს გამჭვირვალობის მიზეზით, „ოცნება" იცავს მის კანონს, სინამდვილეში არა თუ ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტ სახელმწიფოსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, არამედ, ოკუპანტ ქვეყანაზე მეტად, ერჩის და ემუქრება სტრატეგიულ პარტნიორებს.

„მერე გამოხვალთ და ტყუილს დაარქმევთ იმას, რასაც ამ კანონს საქართველოს ასობით ათასმა მოქალაქემ თავად დაარქვა რუსული! ამიტომ „არა, არ არის რუსულის" ძახილის ნაცვლად, თუ ვინმეს გადარწმუნება გინდათ, ადექით და ალტერნატიული კანონის მხარდაჭერით დაარწმუნეთ. აბა, ეს ადამიანები რომ ოკუპანტ სახელმწიფოსა და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის გარანტორ ქვეყნებს შორის - ტოლობის ნიშანს არ სვამთ. ჯარიმებით კი არა, პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დევნით დასაჯეთ რუსეთის გავლენის აგენტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე!" - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ეს შეიძლება „ფუჭი გასროლა" აღმოჩნდეს.

„პირველ რიგში თეონა აქუბარდია გახარიას პარტიასთან მისასვლელ გზებს ეძებს, ამიტომაა მისი თანამონაწილეობაა ამ საქმეში. ამ კანონპროექტის მეორე შესაძლო მიზანი ალბათ ის არის, რომ იგი მიმართული იქნება იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ და სახელმწიფო კონტროლის გასაძლიერებლად, რომლებიც რუსეთთან დადებითი ურთიერთობას არ მალავენ, თუმცა ამის მიუხედავად, მე მაინც მგონია, რომ ეს ფუჭი გასროლა იქნება.

„არ ვიცი „ქართული ოცნება" როგორ მოიქცევა, შეიძლება უკან დაიხიოს, თუმცა ის კანონი, რასაც აინცირებენ აბსოლუტურად ზედმეტია, რადგან უკვე ინიცირებულ კანონში მკაცრად, შავი თეთრზე წერია, რომ ამაში მოიაზრება ნებისმიერი უცხოური დაფინანსება. რატომღაც ამ კანონის ოპონენტები აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ეს კანონი აშშ-დან ევროპიდან შემოსულ დაფინანსებას ეხება, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს მიაჩნია, რომ „გახარია საქართველოსთვის" და თეონა აქუბარდიას მიერ წამოწყებული საქმე სწორია, რადგან „ისინი ოცნებას" ამხელენ, რომ ეს კანონი არის ანტიდასავლური, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყვეს.

„არა მგონია ამ კანონპროექტს რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვეს. დარწმუბული ვარ, რომ მისი განხილვაც არ იქნება. ისე, სწორია, რასაც ესენი აკეთებენ და ასეც უნდა იყოს. მათ „ქართული ოცნება" უნდა ამხილონ, რომ მთლიანად ეს პროცესი ანტიდასავლურია და კიდევ ერთხელ აიძულონ, რომ უარი თქვან [„აგენტების კანონზე"]. არ გამოვრიცხავ, რომ თეონა აქუბარდია გახარიას პარტიასთან დაახლოებას ცდილობს, თუმცა გადაჭრით, რა თქმა უნდა, არ შემიძლია რამე ვთქვა. [„ოცნების"] კანონი რომ რუსულია და არა ამერიკული, ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. ამის ხელახლა დაინიცირება მოსალოდნელი იყო, რადგან ბოლო დროს ხელისუფლება დასავლეთის მიმართ კრიტიკას აღარ მალავდა," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×