თამთა ჩაჩანიძე
08.04.2024

გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა რუსულია, გაუმჭვირვალობა - ევროპული. შარშან, მოახერხეს და საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა, ამას დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ორშაბათის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი სრულად გამართულია.

ამასთან, პრემიერმა საზოგადოებას რამდენიმე საკითხზე ინფორმაცია გაუზიარა - თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, მეორე საკითხი რაზეც ყურადღება გამახვილდა ის იყო, რომ პრემიერმა ეკონომიკის სამინისტროს გერმანიაში საფეხბურთო მატჩებზე დასასწრებად დამატებითი პირდაპირი ავიარეისებისა და ბილეთებზე ფიქსირებული, დაბალი ტარიფის უზრუნველყოფა დაავალა.

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალურად ათვისების ხელშესაწყობად, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება 800 მგვტ ჯამური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების განხორციელება.

ასევე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით. კანონპროექტის მიღების შემდეგ, 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება.

პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას.

ახალი აეროპორტი თბილისში

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, თბილისში, ვაზიანში ახალი, საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რომლის პროექტირება უკვე მომავალ წელს დასრულდება. მისი თქმით, ახალი აეროპორტი იძლევა 19 მილიონამდე მგზავრის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით.

„გუშინწინ გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით, 4- 4 ნახევარი მილიონი მგზავრი. იცით, რომ ძალიან დადებითი დინამიკა გვაქვს ტურიზმის სფეროში.

„მოსალოდნელია, მომავალშიც ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობის სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ. განვიხილეთ ორი ალტერნატიული ვარიანტი. ერთი ვარიანტი გულისხმობდა არსებული აეროპორტის გადიდებას. მეორე - ახალი აეროპორტის აშენებას ვაზიანში. გაფართოების ხარჯი დაახლოებით, 900 მილიონი დოლარი იყო, ახლის აშენების - მილიარდ 260 მილიონი დოლარი. გაფართოება იძლეოდა საშუალებას, რომ მგზავრთა ნაკადი მაქსიმუმ 15 მილიონ მგზავრამდე გაგვეზარდა და შემდგომი განვითარების პერსპექტივა აღარ იყო.

„რაც შეეხება ახალი აეროპორტის მშენებლობას, ეს გვაძლევს 19 მილიონამდე მგზავრის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით. ახალი აეროპორტი იქნება სრულ შესაბამისობაში უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან. არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, სწორედ ახალი აეროპორტის აშენების გადაწყვეტილება მივიღეთ. მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები.

„ამის შემდგომ უკვე რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი. ამ გადაწყვეტილებას ექნება ძალიან სეროზული ეკონომიკური ეფექტი. ჩვენი გათვლებით, 0,2%-ული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკის ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად, საშუალოდ 350 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფეხბურთი

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში მატჩებს გამართავს და დაიწყება მუშაობა დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით დამატებით პირდაპირ ავიარეისებზე, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ბილეთის ფასი იყოს ფიქსირებული და დაბალი ტარიფით.

„როგორც მოგეხსენებათ, 18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამართავს მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე. უკვე არის ძალიან დიდი მოთხოვნა ავიაბილეთებზე, რითიც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია, მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას, შესაბამისად, გაიზარდა ფასები თვითმფრინავის ბილეთებზე. რიგ შემთხვევაში რამდენჯერმე გაიზარდა ფასები.

„მინდა, ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული, დაბალი ტარიფით შეთავაზებული ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი როგორც გულშემატკივრისთვის, ისე საფეხბურთო ნაკრებისთვის.

„რაც მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება საფეხბურთო მატჩებს, რა თქმა უნდა, მით უკეთესია ნაკრების წარმატებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დაესწრება უზრუნველვყოთ საფეხბურთო მატჩებზე. დარწმუნებული ვარ, გუნდს შეუძლია ჯგუფიდან გასვლა და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, ამ მხრივ ჩვენი წვლილიც შევიტანოთ. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მარტივი გადაადგილება გერმანიისკენ, დაბალი ფასებით", - განაცხადა კობახიძემ.

ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტია

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს, სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით. მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შემდეგ 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება, ჯამში, 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება.

„ეკონომიკურ საბჭოზე ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტიის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. საქმე ეხება ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას. მადლობას გადავუხდი ფინანსთა სამინისტროს, რომ მოამზადა ეს საკითხი. მადლობა ფინანსთა მინისტრს.

„საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება და ამის გამო ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩამოვწეროთ შესაბამისი დავალიანებები, კერძოდ, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს, სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.

„როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს, 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება, ჯამში, 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, 145 ათას ჩვენს თანამოქალაქეს საშუალება ექნება, აქტიურად ჩაერთოს ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში, რაც ეკონომიკის განვითარებასაც წაადგება. მადლობა ფინანსთა მინისტრს ამ გადაწყვეტილების მომზადებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

განახლებადი ენერგიიის ოპტიმალური ათვისება

პრემიერის თქმით, მთავრობამ ეკონომიკურ საბჭოზე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალურ ათვისებას უკავშირდება. მისი თქმით,ეს მიდგომა ძალიან მომგებიანი იქნება ენერგეტიკული სექტორისთვის და განხორციელებული პროექტების კონკურენტუნარიანობას შეუწყობს ხელს.

„ეკონომიკურ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალურ ათვისებას უკავშირდება. მთავრობის მიერ შარშან მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება 800 მგვტ ჯამური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების განხორციელება. დღეისთვის უკვე არის დადგენილი კონკრეტული საშუალო მედიანური ფასი თითოეულ კატეგორიაში, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ენერგეტიკული პროექტების განხორციელება.

„ეს მთავრობას აძლევს შესაძლებლობას მეტი განახლებადი ენერგიის იდენტიფიცირებისა და მეტი ჯამური დადგმული სიმძლავრის ათვისების მიზნით ენერგეტიკულ სექტორს შესთავაზოს პროექტების განხორციელება ფიქსირებული ტარიფის მიხედვით, რომელიც განისაზღვრება კონკურენტუნარიან გარემოში აუქციონის შედეგად. ეს მიდგომა ძალიან მომგებიანი იქნება ენერგეტიკული სექტორისთვის და განხორციელებული პროექტების კონკურენტუნარიანობას შეუწყობს ხელს.

„ეკონომიკის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს ნორმატიული ბაზის შემუშავება ამ მიზნით. მადლობას გადავუხდი ეკონომიკის სამინისტროს ამ საკითხის მომზადებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი

როგორც პრემიერმა აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი სრულად გამართულია.

„ბოლო საკითხი, რაზეც საზოგადოების ყურადღების გამახვილება მინდა, არის კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. მე პირადად, ჩემი პოზიცია დავაფიქსირე ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით, ამიტომ დეტალურად არ ვისაუბრებ ამ საკითხზე, ზოგადად ვიტყვი, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესწყობილებაში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს, ვერავინ ასაბუთებს, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი.

„გუშინ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ/ მან განაცხადა, რომ შინაარსში არ უნდა შევიდეთო, შინაარსი არის ხელისუფლების ველი, ანუ უშინაარსობა ჩვენი ოპონენტების ველი, ამაზე უკეთეს აღიარებას, ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ ვინატრებდით. ნამდვილად ასეა, შინაარსში ყველაფერი გამართულია, კანონპროექტი თავიდან ბოლომდე გამართულია, ერთადერთი, რასაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს, წლიური დეკლარირებაა იმ ფინანსებისა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებებს აქვთ.

„გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა რუსულია, გაუმჭვირვალობა - ევროპული. შარშან, მოახერხეს და საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა, ამას დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ", - განაცხადა კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, არასამთავრობო ორგანიზაციები სოციალურ მედიაში ცენზურას ახორციელებენ.

„გაირკვა, რომ „ფეისბუქში", სოციალურ მედიაში ცენზურას ახორციელებენ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტ პარტიებთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, „ფაქტჩეკერი" და „მითების დეტექტორი", გვარებით რომ ვთქვათ - სერგი კაპანაძე და თამარ კინწურაშვილი. ეს ადამიანები თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ხელისუფლებასთან პირდაპირ აფილირებული, თავად აწარმოებდნენ ცენზურას მედიასაშუალებებში, დღეს, ამის საშუალება აღარ აქვთ, თუმცა, სადაც შეუძლიათ, იქ აწარმოებენ ცენზურას, ეს არის სოციალური მედია, რაც ამ დღეების განმავლობაში გაირკვა.

„საინტერესო ის არის, რომ ჩვენს ოპონენტებს შორის, ამ ცენზურას ძალიან დიდი პოზიტიური აჟიოტაჟი მოჰყვა, ეს აჩვენებს ხელწერას და ღირებულებებს. გაუმჭვირვალობა და ცენზურა ამ ადამიანებისთვის ევროპაა, ასე წარმოგვიჩენენ და საპირისპირო განცხადებები, რაც არის, თქვენ ძალიან კარგად იცით. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია როგორც გაუმჭვირვალობა, ასევე ცენზურა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დემოკრატიაში სწორედ გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის ღირებულებები, რომლებიც განმსაზღვრელი უნდა იყოს, ამიტომ მაქსიმალურად დავიცვათ, როგორც ერთ, ისე მეორე პრინციპს, ორივე ღირებულებას", - განაცხადა კობახიძემ.

„არასამთავრობოების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე"

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, არასამთავრობოების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, ვინ რისთვის ფინანსდება, მისი თქმით, ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „თითქოს ეს თანხები არის სრულიად გამჭვირვალე". მისი შეფასებით, 7 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც „რესურსულად ძლიერი და ექსტრემიზმით გამორჩეული არასამთავრობო ორგანიზაციებია, 2012 წლიდან მათ მაქსიმუმ 18% აქვთ დეკლარირებული იმ ფინანსების, რომელსაც ხარჯავენ".

„ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მთავრობისთვის და სამთავრობო დაწესებულებებისთვის ახლაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე, რაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის სიცრუე. ჩვენ ამოვიღეთ ინფორმაცია 7 არასამთავრობო ორგანიზაციის თაობაზე, ესენი არიან ყველაზე რესურსულად ძლიერი და ექსტრემიზმით გამორჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები, საიდანაც გაირკვა, რომ 2012 წლიდან მათ მაქსიმუმ 18% აქვთ დეკლარირებული იმ ფინანსების, რომელსაც ხარჯავენ.

„კერძოდ, მთლიანი თანხა, რაც ნაჩვენები იყო, ოღონდ დეტალების გარეშე, 85 მილიონ 400 ათასი ლარი იყო, ეს არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მინიმუმ ამდენი ხარჯი აქვს გაწეული შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა ჩვენ არანაირი ინფორმაცია ამ თანხების მიზნობრიობის და კონკრეტული წყაროების თაობაზე არ გვაქვს. აქედან დეტალური ინფორმაცია მხოლოდ 18%-თან დაკავშირებით გვაქვს, ანუ 15 მილიონ 400 ათას ლართან დაკავშირებით.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ 85 მილიონზე მეტიდან მინიმუმ 70 მილიონი მათ აქვთ დახარჯული ყოველგვარი დეტალური ინფორმაციის წარმოდგენის გარეშე, სრულიად გაუმჭვირვალე, არავითარი ინფორმაცია არ აქვს მთავრობასაც კი ამასთან დაკავშირებით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავისთავად ეს ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, ამიტომ მე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც კი ვერ ვაკონკრეტებ, შესაბამისად, საზოგადოებისთვის ნული ინფორმაციაა ხელმისაწვდომი ამ ყველაფერთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საზოგადოებას და მთავრობას არ აქვს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებზე და ასევე, მათ მიერ დახარჯულ თანხებზე.

„გარდა ამისა, მათი ხარჯებიდან დიდი ნაწილი საერთოდ არ არის ნაჩვენები ფინანსთა სამინისტროში, აქ არ შედის მაგალითად, სამივლინებო ხარჯები, ოფისის ქირის უდიდესი ნაწილი, ელექტრონული ზედნადების გარეშე განხორციელებული შესყიდვები, რაც არის საკმაოდ დიდი მოცულობა. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არა 82%, არამედ 90%-ზე ბევრად მეტი მათ მიერ დახარჯული თანხების არის სრულიად გაუმჭვირვალე.

„არამარტო საზოგადოებისთვის არის პრაქტიკულად სრულიად გაუმჭვირვალე, ასევე, მთავრობისთვისაც კი არის აბსოლუტურად ხელმიუწვდომელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რისთვის დაფინანსდა შესაბამისი ორგანიზაციები. არის ერთ-ერთი ფინანსურად ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც 0,4% აქვს მხოლოდ დეკლარირებული, არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც განსაკუთრებულად გამოირჩევა ექსტრემიზმით და მათ აქვთ ნული საერთოდ ნაჩვენები, საიდან და რა მიზნით მიიღეს დაფინანსების სახე", - განაცხადა კობახიძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×