ნინო ქეთელაური
30.08.2017

 

 

დემირელის სკოლას ავტორიზაცია შეუჩერდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო. ამის გაპროტესტებას დემირელის სკოლის მმართველები არ აპირებენ, რადგან თვლიან, რომ მათი პარტნიორი სკოლები საქართველოში ისედაც რთულ ვითარებაშია და მდგომარეობის უფრო მეტად დამძიმება არ სურთ.

ამის ფონზე კი ამ სკოლის მოსწავლეებს სხვა სკოლებში გადასვლისას პრობლემები ექმნებათ.

"2 კვირაღა რჩება სწავლის დაწყებამდე. ჩვენთან მოვიდნენ შეშფორებული მშობლები და დამწუხრებული მოსაწავლეები. ბევრ სკოლაში ადგილიც აღარ არის. შეიძლება არც დაიჯეროთ, მაგრამ ერთ-ერთმა სკოლამ მათ ისიც კი უთხრა, რომ პირდაპირ დემირელიდან ნუ გადმოხვალ, ჯერ სხვა სკოლაში გადადი და მერე გადმოდი ჩვენთანო," აცხადების დემირელის სკოლის დირექტორი.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ ეს გადაწყვეტილება 29 აგვისტოს მიიღო. მათი თქმით, სკოლას გაუვიდა ავტორიზაციის 5-წლიანი ვადა და ამიტომ, ავტორიზაციაზე განაცხადი თავიდან ჰქონდა შემოტანილი, რაც არ დაკმაყოფილდა.

ცენტრში ასევე აცხადებენ, რომ ავტორიზაციის საბჭო დამოუკიდებელია, მის წევრებს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და საბჭოზე ცენტრს არანაირი გავლენა არ აქვს.

"რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უარყოფითად ვაფასებთ. ძალიან რთულია ასეთი სკოლის დახურვა. რაც შეეხება მიზეზებს, არის საკითხები, რომელთაც აბსოლუტურად არ ვეთანხმები და არის ხარვეზები, რომლის გამოწორებაც შეიძლებოდა. რასაც გარკვეულწილად შეიძლება დავეთანხმოთ, არის უცხოენოვანი მოსწავლეების სწავლების პროცედურებთან დაკავშირებით. თუმცა, ეს გამოსწორებადი იყო. ხოლო რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები, არის მეტიალურ-ტექნიკურ ბაზასთან და მატერიალურ რესურსთან დაკავშირებული საკითხები. მეტ დეტალებს ვეღარ ჩავუღმავდები, ძალიან შორს წაგვიყვანს," -აცხადებს დემირელის სკოლის დირექტორი ნინო კავთიაშვილი და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სკოლის დამფუძნებლები არ აპირებენ.

"გასაჩივრებას არ ვაპირებთ. ისედაც ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, ვიცით, რა რთულ პერიოდში უწევდა დემირელის სკოლას მუშაობა და დამფუძნებლების გადაწვეტილებაა, რომ ამ ეტაპზე არაფერს ვასაჩივრებთ. სკოლა შეწყვეტს ფუნქციონირებას. ალბათ, მომავალში იქნება იმის საშუალება, რომ ახლიდან გაიაროს აკრედიტაცია", - ამბობს ნინო კავთიაშვილი.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ დემირელის კოლეჯის უკვე ყოფილ მოსწავლეებს და მასწავლებლებს სკოლების მოძებნაში დაეხმარებიან, თუმცა, სკოლის დირექტორის თქმით, მათ მოსწავლეებს პრობლემები უკვე შეექმნათ.

"სამწუხაროდ, იმდენდჯერ გადაიდო საბჭოს დანიშვნის პროცესი, რომ ფაქტობრივად, 2 კვირაღა რჩება სწავლის დაწყებამდე. ჩვენთან მოვიდნენ შეშფორებული მშობლები და დამწუხრებული მოსაწავლეები. ბევრ სკოლაში ადგილიც აღარ არის. შეიძლება არც დაიჯეროთ, მაგრამ ერთ-ერთმა სკოლამ მათ ისიც კი უთხრა, რომ პირდაპირ დემირელიდან ნუ გადმოხვალ, ჯერ სხვა სკოლაში გადადი და მერე გადმოდი ჩვენთანო. ეს რა მიდგომაა, არ მესმის. ასე რომ, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნათ ამ ბავშვებს," - აცხადებს ნინო კავთიაშვილი.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელი, განათლების სპეციალისტი, შალვა ტაბატაძე ავტორიზაციის საბჭოს წევრი იყო. თუმცა, მან კომისია მაშინ დატოვა, როდესაც ბათუმის შაჰინის სკოლას ავტორიზაცია გაუუქმდა. ტაბატაძე კოლეგების გადაწვეტილებას არ ეთანხმებოდა.

"ამ საკითხზე ჩემი კომენტარი იყო საბჭოზე წინააღმდეგობის გაწევა და მერე კომისიის დატოვება. ამიტომ, ვცდილობ შეფასებები არ გავაკეთო, ფაქტი ერთია, რომ საბჭომ ავტორიზაცია არ მისცა სკოლებს, სადაც სწავლების ხარისხი მაღალია და წარმატებულია. რა იყო ამ გადაწყვეტილების მიღმა, ამ დისკუსიაში არ შევალ. მიღებული გადაწყვეტილებით საბჭომ დაასამარა საკუთარი თავიც და ხარისხის მართვის სისტემაც, როცა თქვა, რომ ხარისხიან სკოლებს ვხურავო. ამით ფაქტობრივად თქვა, რომ ის განათლების ხარისხს კი არ ემსახურება, არამედ, ბიუროკრატიული ინსტრუმენტია, რომელსაც მარტივად გამოიყენებენ, თუ საჭირო გახდა სხვადასხვა მიზნით. ასეთი ინსტრუმენტი კი, რა თქმა უნდა, არ უნდა არსებობდეს", - აცხადებს შალვა ტაბატაძე.

აქვე შეგახსენებთ, რომ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი უკვე მეოთხე თვეა, რაც თურქეთის მხარის მოთხოვნით, წინასაექსტრადიციო პატიმრობაშია. იგი საქართველოში მაისის თვეში დააკავეს. მისი ადვოკატის თქმით, ჩაბუქს "ტერორისტული ორგანიზაციასთან" კავშირს აბრალებენ.

2017 წლის დასაწყისში ბათუმში ავტორიზაცია ასევე შეუჩერდა დემირელის პარტნიორ შაჰინის სკოლა-ლიცეუმს. ამ ფაქტს წინ უძღოდა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ სკოლა ფეტჰულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×