მართალია, პიკი მაისის შუა რიცხვებში იქნება, მაგრამ შეზღუდვები არ გახანგრძლივდება
ირაკლი ლომიძე
05.05.2021

პიკური ეპიდემიური მდგომარეობის დროს შესაძლოა, ეკონომიკის ჩაკეტვის საკითხი დღის წესრიგში არც კი დადგეს. სპეციალისტები ამას ამართლებენ იმით, რომ ქვეყანამ, თუნდაც მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ისწავლოს. თანაც, კორონავისრუსის მესამე ტალღას ქვეყანა ფინანსური სახსრების გარეშე ხვდება, ხაზინას არ აქვს მცირე რესურსიც კი, რითაც შეიძლება, ეკონომიკური ჩაკეტვისას მოსახლეობასა და ბიზნესს დაეხმაროს. ეს მთავარი არგუმენტია, რის გამოც მთავრობა დამატებითი რეგულაციების დაწესებისგან თავს იკავებს. არადა, ვირუსის პიკი სწორედ მაშინ დადგება, როცა შეზღუდვები მოიხსნება, ანუ, დაახლოებით, 10 დღეში. 

სულ ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების უმაღლესი მაჩვენებლებია მოსალოდნელი. 

„წინასწარი პროგნოზით, მაისის შუა რიცხვები არის გათვალისწინებული პიკური მაჩვენებლებისთვის. დღევანდელი მონაცემები ეპიდემიის ზრდის ტენდენციების ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის, ეს დაგროვილი შემთხვევებია, რომლებიც სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ გამოვლინდა და მათი ანგარიშგება არ მოხდა, თუმცა ზრდის ტენდენცია მაინც აშკარაა და მაისის შუა რიცხვები გვექნება პიკი", - განაცხადა გაბუნიამ და იქვე დაამატა, რომ, ეპიდემიური სურათის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, ქვეყანაში დამატებითი ღონისძიებები გატარდეს.

მაისის შუა რიცხვები სწორედ ის პერიოდია, როცა  უქმე დღეები და სხვა შეზღუდვები უნდა მოიხსნას. სხვა გამოსავალი რეალურად არც არის, რადგან მთავრობაშიც აღიარებენ, რომ ეკონომიკა ნებისმიერ პირობებში უნდა მუშაობდეს, მაშინაც, თუკი პიკთან დაკავშირებით პროგნოზი გამართლდება. დადგება თუ არა ეს მოცემულობა, ამაზე, როგორც დეპუტატი ლადო კახაძე აღნიშნავს, პროგნოზის გაკეთება ჯერჯერობით რთულია.

,,მსოფლიო ჯერ პიკში არ შესულა და შესაბამისად - არც ჩვენ. აბსოლუტური ციფრები სხვაა და ტენდენცია _ სხვა. სტატისტიკას თუ მივყვებით, ზრდა სახეზეა. ბოლო დღეებში 7,8%-ია დადებითობის მაჩვენებელი, ამ კუთხით მესამე პიკის საფრთხე შენარჩუნებულია. მომხრე ვარ, რომ არა რეგულაციების, არამედ  აღსრულების  გამკაცრება მოხდეს. 

არსებული რეგულაციების დაცვის პირობებში ეკონომიკის ამუშავება მსოფლიომ დაუშვა. ეს გადაწყვეტილება ვაქცინაციით არის მოტივირებული, ამისგან ქვეყნებს სამაგალითო შედეგი აქვთ და ჩვენც შეგვიძლია, მათ რიგს შევუერთდეთ. მკაცრად დაცული რეგულაციის პირობებში შესაძლებელია, ეკონომიკაში მარწუხებს არ მოვუჭიროთ. თუ მოხდება დასაქმებულების აცრა ტურიზმის სექტორში და სხვადასხვა სფეროში, ეს უსაფრთხოებას გაზრდის. 

ჩვენ ჯერ კიდევ  შორს ვართ იმ პარამეტრებისაგნ, რომლებმაც უნდა დაგვიცვას. ბევრი ადამიანის აცრა უნდა მოხდეს, სხვა გამოსავალი არ გვაქვს და ვერც ეკონომიკას  ჩავკეტავთ“, - აღნიშნა „რეზონანსთან" ლადო კახაძემ. 

შეზღუდვების გახანგრძლივების წინააღმდეგია ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძეც. როგორც მან აღნიშნა, სჯობდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც ემუშავა ისე, რომ ადამიანების რაოდენობის გაკონტროლება შესაძლებელი გამხდარიყო. 

„პიკთან დაკავშირებით პროგნოზი ნაადრევია. 2 კვირაში გვეცოდინება, მოქალაქეებმა რამდენად დაიცვეს ან არ დაიცვეს რეკომენდაციები უქმეებში. რამდენად დავიცავით ის წესები, რომ თავი მოვარიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს, ქეიფსა და სხვა. არ ვიცი, შეზღუდვებმა რამდენად მოიტანა ეფექტი, წინასწარ ვერ იტყვი. 

ჩემი მოსაზრებაა, რაც შეიძლება მაქსიმალურად დავიცვათ წესები, რათა ნებისმიერი ტიპის შეზღუდვის დაწესება ავიცილოთ, რაც ცუდად მოქმედებს ქვეყანაზე, ეკონომიკაზე, ადამიანებზე ინდივიდუალურად. მაისის შუა პერიოდში როგორ შედეგსაც დავინახავთ, ამის მიხედვით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ეს იქნება ჩვენი ტაქტიკაც და სტრატეგიაც. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვას არ ვემხრობი. მობილობის შეზღუდვა მნიშვნელოვანია, მაგრამ სჯობდა, ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობა გაეკონტროლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა. ამის რესურსი, რატომღაც, ვერაფრით მოიძებნა“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ ზოიძემ.

რაც შეეხება ბიზნესს, კერძო სექტორი ამ მხრივ კატეგორიულია. როგორც ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა  ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, საქართველოს არანაირი რესურსი არ აქვს, რომ ეკონომიკის ჩაკეტვას გაუძლოს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი რეგულაციების დაცვა და ვირუსთან თანაცხოვრებაა, რაც მოქალაქეებმა და ბიზნესმაც უნდა ისწავლონ.

„ჩვენ ვართ მძიმე არჩევანის წინაშე. გასაგებია, რომ გვაქვს მესამე ტალღა, რასაც ნეგატიური ეფექტი აქვს, მაგრამ ვერ გავაჩერებთ ეკონომიკას, რადგან რესურსი აღარ არის. რა დახმარებასაც გასცემენ ევროპულ ქვეყნებში, მათგან ჩვენ ძალიან შორს ვართ. განვითარებულ სახელმწიფოებში შესაძლებლობა გაცილებით მეტია თუნდაც ის, რომ ემისიური ფულით მოხდეს დახმარებების გაცემა. ჩვენ დამატებითი მოცულობით ლარს ვერ დავბეჭდავთ იმის შიშით, რომ უფრო მეტად არ გაუფასურდეს. 

ეკონომიკის გაჩერება ვერაფრით მოხდება, რადგან კომპენსირება დღეს შეუძლებელია იმ მინიმალური მოცემულობითაც კი, რაც ეპიდემიის პირველი და მეორე ტალღების მიმდინარეობისას გავწიეთ. აქედან გამომდინარე, მოგვიწევს რამენაირად შეთავსება და პანდემიის პირობებში გაუჩერებლად მუშაობა", - აღნიშნა ვეფხვაძემ და დასძინა, რომ  მნიშვნელოვანია მიღებული გამოცდილება, რაც საქართველოს მთავრობას მომავალში ეპიდემიური სიტუაციის მართვისას უნდა დაეხმაროს.

„ახლა არ ვართ იმ მდგომარეობაში, როგორშიც აღმოვჩნდით 2020 წლის დასაწყისში, როცა არ ვიცოდით, როგორ გვემართა პანდემია. გამოცდილება უკვე არსებობს და, შესაბამისად, ჩაკეტვის აუცილებლობა არ დგას. რა აზრი აქვს,  კოვიდით დავიხოცებით თუ შიმშილით? მთავარია, სახეზე პირბადე გაიკეთო, ხელები დაიმუშაო, ამას ჩვენ მაგივრად ვერავინ გააკეთებს. რეგულაციებს თუ დავიცავთ და არ გადავყვებით ქეიფებსა და ერთმანეთის ჩახუტებას, ეკონომიკის ჩაკეტვის საფრთხე შეიძლება, საერთოდ მოიხსნას“, - განუცხადა „რეზონანსს“ ლევან ვეფხვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×