„ბევრი ექსპერტობა არ სჭირდება, რომ მიხვდე, თუ როგორ მიმდინარეობს ამ თემის და მის გარშემო ყველაფრის კომერციალიზაცია“
სანდრო მდივანი
01.11.2021

საქართველოში დაიწყო თუ არა მეხუთე ტალღა, ჯერ კიდევ გაურკვევლია. ჯანდაცვის მინისტრი და კოვიდთან წინა ხაზზე მებრძოლი მედიკოსები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებენ. ფაქტია, რომ ინფიცირების რიცხვი კვლავ მაღალ ნიშნულზეა და როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ისევე სახლში და კოვიდ სასტუმროებში ასეულობით ადამიანი მკურნალობს. „ბიზნეს-რეზონანსი" დაინტერესდა, საშუალოდ რა უჯდებათ მოქალაქეებს და რა უჯდება სახელმწიფოს 1 ინფიცირებული პაციენტის მკურნალობა.

ტესტირებიდან სრულ გამოჯანმრთელებამდე გასაწევი ხარჯი ცხადია, ინდივიდუალურია და დიდწილად პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ჯანდაცვის მინისტრმა წლის დასაწყისში თქვა, რომ კონკრეტული თანხა დადგენილი არ არის, თუმცა ამავე პერიოდში თანხის დასახელება არ გასჭირვებია მის მოადგილეს.

„სახელმწიფოს ინფიცირების ერთი შემთხვევის მართვა, რაშიც ჰოსპიტალურ მართვას ვგულისხმობ, დაახლოებით, 2 000 ლარი უჯდება, მაგრამ ეს არის ძალიან უხეში გათვლა, რადგან რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 1 000 ლარი და მეტი და რიგ შემთხვევაში შეიძლება - 500 ლარი.

საშუალო შეფასებისთვის ვიყენებთ 2 000-ლარიან ნიშნულს. ეს არ ითვალისწინებს იმ ინვესტიციას, რომელიც გაწეულია და კიდევ უნდა იქნას გაწეული ჟანგბადის უზრუნველყოფისთვის, სუნთქვის აპარატების მობილიზებისთვის, პერსონალის ტრენინგისთვის, ანუ სისტემის მომზადებისთვის საინვესტიციო ხარჯი - ეს ცალკეა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ დეტალური დაინტერესების შემთხვევაში მას საინვესტიციო ხარჯების შესახებ ინფორმაციის გაზიარებაც შეუძლია.

ჩინეთის ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის ადმინისტრაციის სპიკერმა კი თქვა, რომ კოვიდ 19-ის ვირუსისგან დაავადებული, საშუალო მდგომარეობაში მყოფი სტაციონარული პაციენტის მკურნალობა 3000 დოლარი ღირს. დაავადების მძიმე ფორმებში განვითარების შემთხვევაში ხარჯი 21 000 დოლარამდე იზრდება.

კოვიდის გავრცელების პირველი ეტაპისაგან განსხვავებით, დღეს სახლში ბევრად მეტი ადამიანი მკურნალობს. ჰოსპიტალიზებული მხოლოდ პაციენტების, დაახლოებით, 20%-ია, რადგან სწორედ ამდენი ადამიანი მძიმდება. დანარჩენებს სახლში ტესტირებიდან გამოჯანმრთელებამდე, დაახლოებით, 400-დან 1000 ლარამდე თანხის გაღება უწევთ.

„ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას მოქალაქეები ამბობენ, რომ ხარჯს სახელმწიფო მენეჯმენტის არასათანადოობაც ზრდის.

თამუნა ტაბატაძე, ვინც თავად 2020 წელს იყო ინფიცირებული, ხოლო მისი ოჯახის წევრები _ 1 თვის წინ, ამბობს, რომ სახლის პირობებში კოვიდით მკურნალობის ხარჯი მუდმივად მზარდია.

„მე კოვიდით შარშან დავინფიცირდი, ე.წ. ბათუმის ტალღა რომ აფეთქდა, მაშინ. იმ დროისთვის ტესტირება, მათ შორის „პი-სი-არი" უფასო იყო. ახლა, როცა მთელი ჩემი ოჯახი დაინფიცირდა ერთი თვის წინ, პროცედურები ისეა გართულებული, რომ ფასიანი ტესტის გაკეთება მოუწიათ, რაც 80-დან 120 ლარამდე ჯდება სხვადასხვა კლინიკაში.

ასევე, გაძვირებულია ის მედიკამენტები, რომლებიც საჭიროა კოვიდისა და პოსტკოვიდისას. ვიტამინებზეც, რომლებსაც ვიღებდი შარშან, მახსოვს, როგორი იყო ფასები, ახლა კი 30-დან 50%-მდე დამხვდა გაზრდილი აფთიაქში მისულს. სატურაციის აპარატი აღარ დაგვჭირდა, რადგან ჩემი ინფირიების დროს ვიყიდეთ, მაგრამ ვისაც არ აქვს, უმეტესობა ამასაც იძენს და ნორმალური და სანდო, მინიმუმ, 50 ლარი მაინც ღირს. ჯამურად გამოდის, რომ კოვიდის სახლში მკურნალობა, მინიმუმ, 400 ლარი მაინც ჯდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ არაფერი გართულდა", - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს" თამუნა ტაბატაძემ.

სამედიცინო სფეროს დამოუკიდებელ ექსპერტს, მარინა ბერაძეს უჭირს ზუსტი რიცხვის დასახელება. იგი ამ თემებზე ახლა მუშაობს, თუმცა ადასტურებს, რომ ამ თემის (კოვიდის) კომერციალიზაცია აქტიურად მიმდინარეობს.

„ბევრი ექსპერტობა არ სჭირდება, რომ მიხვდე, თუ როგორ მიმდინარეობს ამ თემის და მის გარშემო ყველაფრის კომერციალიზაცია, ახლა ვმუშაობ ამ საკითხებზე კვლევის სახით და არ იქნება მართებული, იქამდე დილეტანტურად ვისაუბროთ. ფაქტია, კოვიდინფიცირებულებს სულ უფრო და უფრო მეტი თანხა სჭირდებათ იმისათვის, რომ იმკურნალონ და ცხოვრების ჩვეულ ტემპს დაუბრუნდნენ", -განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს" ბერაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2141 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 44 პაციენტი, თუმცა ეს ბოლო 24 საათის სტატისტიკაა და ე.წ. ორშაბათის ეფექტს უკავშირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×