ირაკლი ლომიძე
08.11.2021

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზამთარი ელის. გლობალურ ბაზრებზე მაღალი ფასები და სურსათის სიმცირე ძირითადი ფაქტორებია, რაც მოსახლეობას სურსათის მომარაგების მხრივ პრობლემას უქმნის. ამას ხელს უშლის ის გარემოებაც, რომ სოფლად მოწეული პროდუქტი არათუ სამომხმარებლო ბაზრისთვის, არამედ ოჯახისთვის საკმარისიც არ არის. გარდა ამისა, ადგილობრივი წარმოება არც ხარისხით იქცევს ყურადღებას. მთლიანობაში, რამდენიმე მიზეზია, რის გამოც მოსახლეობას წელს მასობრივად შეექმნება სურსათის მომარაგების პრობლემა. მართალია, დეფიციტი მოსალოდნელი არ არის, მაგრამ მაგრამ მაღალი ფასი ყველას სერიოზულ თავსატეხს გაუჩენს.

გლობალურ ბაზრებზე არნახული ფასებია და ტემპიც არ ნელდება, პირიქით, ვითარება უფრო და უფრო იძაბება. კატასტროფულად გაძვირდა ზეთი, შაქარი, მარცვლეული და სხვა. ქართული პროდუქცია ზამთარშივე ილევა და ხალხი მასობრივად იმპორტულ ძვირ სურსათზე ხდება დამოკიდებული.

ტოტალური სიძვირის მიზეზად, ძირითადად, საერთაშორისო ბაზარზე სურსათსა და ნედლეულზე ფასების ზრდა სახელდება. თუმცა ფასები მატულობს ყველაფერზე, ხშირად უსაფუძვლოდაც, რაც გაურკვეველი მოლოდინით არის გამოწვეული.

მიზეზზე, თუ რით არის გამოწვეული ქართული პროდუქტის დაბალი ხარისხი, სიმცირე და რით უნდა უშველოს ამ პრობლემას საქართველომ, ,,ბიზნეს-რეზონანსთან" სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტმა ანზორ მესხიშვილმა ისაუბრა. მისი შეფასებით, დაბალი კონკურენტუნარიანობა და ტექნიკის სიმწირე ძირითადი პრობლემაა, რაც ქვეყანაში აგროწარმოების ზრდას აფერხებს.

,,სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ აგრარული სექტორისკენ მიგვახედა, გამოწვევების საპასუხოდ საქართველო ჯერ კიდევ არ არის მზად. მთავარია, რომ სერტიფიცირებული პროდუქტის წარმოება შევძლოთ, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს. ასოცირების ხელშეკრულება პირდაპირ ითვალისწინებს ხარისხის სერთიფიკატს და ამ ვალდებულებას თუ შევასრულებთ, შედეგს უფრო მალე ვიგრძნობთ.

ცხადია ისიც, რომ აგრარული სექტორი საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს განვითარებას, რადგან ბევრი რამ ბუნების კანონებზეც არის დამოკიდებული. ტექნოლოგიურად უნდა განვითარდეს დარგი. ამავე დროს აქცენტი უნდა გაკეთდეს სტრატეგიულ სფეროებზე, როგორიცაა მემარცვლეობა, მაღალმთიან რეგიონებში - მეცხოველეობა და სხვა, რაც სურსათის წარმოებას გაზრდის.

სამწუხაროდ, კონკურენცია თითქმის არ არის, განსაკუთრებით ბოსტნეულის ბაზარზე. ამის მიზეზია ის, რომ იმპორტული პროდუქტი შემოდის დემპინგური ფასით, ადგილობრივი წარმოება დიდი ხნის განმავლობაში იგნორირებული იყო. მხოლოდ ახლა, პანდემიურ პერიოდში მიექცა ეროვნულ აგროწარმოებას ყურადღება, მაგრამ რაც მოჰყავთ, უმეტესი ნაწილი ექსპორტზე გააქვთ, ჩვენ კი უფრო მეტად ვხდებით იმპორტზე დამოკიდებული და უხარისხო პროდუქტის მომხმარებელი. საქართველოში ბოსტნეულის წარმოების დიდი პოტენციალი გაგვაჩნია, შეიძლება, მარცვლლეული ვერ ვაწარმოოთ საკმარისი რაოდენობით, მაგრამ ბოსტნეულის შემოტანა ნამდვილადარ უნდა გვჭირდებოდეს, მთელი აქცენტი ამისკენ უნდა მივმართოთ", - განაცხადა მესხიშვილმა.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სურსათის სიმცირე არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ზომების მიღება მოუწევს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს. ჩვენთან კი დეფიციტზე მეტ საფრთხე კალორიულობა და კვების რეჟიმი ქმნის. სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი ,,ბიზნეს-რეზონანსთან" სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ.

მეცნიერის შეფასებით, საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ გამოკვებოს საკუთარი მოსახლეობა და იმპორტზე მინიმალურად იყოს დამოკიდებული, რაც სულ პირიქითაა.

,,2021 წელს ყველაზე ძვირი ზაფხული გვქონდა და ზამთარიც, შესაბამისად, უმძიმესი გველის. ჯერ შემოდგომის ბოლოა და ვგრძნობთ, უკვე როგორ გვიჭირს. ფასების ზრდის პარალელურად, მძიმდება სოციალური ფონიც, ის, რომ ეკონომიკა გამოცოცხლდა, არანაირი შეღავათი არ არის, რადგან რეალური ზრდა არ გვაქვს. მალე მთელ მსოფლიოში სურსათის დეფიციტი გახდება დიდი გამოწვევა, მათ შორის, საქართველოსთვისაც, რომელიც მცირემიწიანი ქვეყანაა. ეს ჩანს გაეროს არაერთ კვლევაში. ორგანიზაციის ანგარიშებში საუბარია იმაზეც, რომ 2050 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა მსოფლიოში 10 მილიარდს მიაღწევს.

თქვენ წარმოიდგინეთ, დედამიწის 2/3 წყლებსა და ოკეანეებს უკავია, ერთი მესამედი ხმელეთს და მხოლოდ მისი 12% არის ვარგისი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის. დედამიწაზე პირველად მილიარდი მოსახლე 1820 წელს აღირიცხა, ხოლო ორას წელიწადში მოსახლობა უკვე თითქმის 7-ჯერ გაიზარდა, 30 წელიწადში 10 მილიარდი იქნება.

ცხადია ისიც, რომ მოსახლეობის ზრდასთან ერთად, სურსათის და წყლის მოპოვება სულ უფრო გართულდება, რაც საკვებზე ხელმისაწვდომობის შემცირებას, გლობალურ შიმშილობას გამოიწვევს. ზომების მიღება მოუწევს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, სადაც დეფიციტზე მეტ საფრთხე კალორიულობა და კვების რეჟიმი ქმნის", - განაცხადა კობა კობალაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

ამდენად, მთავრობის მხარდამჭერი ღონისძიებების მიუხედავად, აგრარული სფეროს მთავარი საკითხი - სასურსათო უსაფრთხოება კვლავ ნომერ პირველ პრობლემად სახელდება. კობალაძის თქმით, აქცენტი უნდა გაკეთდეს სტრატეგიულ დარგებზე, როგორიცაა მემარცვლეობა, მაღალმთიან რეგიონებში ასეთად შეიძლება განვიხილოთ მეცხოველეობა და სხვა, რაც სურსათის ადგილობრივ წარმოებას გაზრდის.

,,განსაკუთრებით ხორბლის მოსავლიანობის ზრდაზე უნდა ვიზრუნოთ. გლობალურ ბაზრებზე ფასები მატულობს, რაც ადგილობრივი პროდუქტების წარმოებაზეც აისახება, ამიტომ პრიორიტეტი უნდა გახდეს გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი პროექტების განხორციელება", - დასძინა კობალაძემ.

ცნობისთვის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშით, სურსათზე მსოფლიო ფასების ზრდის ტემპმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. კერძოდ, ფასები უკვე მესამე თვეა მატულობს და 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით 31,3%-ით გაიზარდა.

მარცვლეულის ფასები სექტემბრიდან 3.2%-ით გაიზარდა, ხორბლის ფასი კი 5%-ით (38.3% 2020 წლის ოქტომბრიდან), რაც დაკავშირებულია ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებში მოსავლიანობის შემცირებასთან.

მცენარეული ზეთი თვეში 9,6%-ით გაძვირდა, რაც ზრდის ისტორიული მაქსიმუმია, ხოლო რძის პროდუქტები - 2,6%-ით (15,5% წელიწადში).

შაქრის ფასების ექვსი თვის სტაბილური ზრდის შემდეგ, შეზღუდული მოთხოვნის გამო ის 1,8%-ით დაეცა (თუმცა წელიწადში 40%-ზე მეტით გაიზარდა).

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×