დღიური მუშის ანაზღაურება 60 ლარზე ავიდა, მაგრამ მსურველი მაინც ძალიან ცოტაა
ირაკლი ლომიძე
15.11.2021

შრომის ბაზარზე ყველგან მუშახელის დეფიციატია. ერთი შეხედვით, თითქოს სამსახურს ბევრი ეძებს, ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია და დასაქმება პრობლემაა, თუმცა, მეორე მხრივ, ბიზნესი კადრების დეფიციტზე ჩივის. როგორც სამეწარმეო ბიზნესს, ასევე სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ფერმერებს სამუშაო ძალის პოვნა ძალიან უჭირთ. ასე თუ გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, უცხოელი იაფი მუშახელის საჭიროება გაჩნდეს ქვეყანაში და სხვა ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ჩინეთიდან, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოსულმა კადრებმა ადგილობრივები ჩაანაცვლონ, რომლებიც ნებისმიერ ფასად არიან მზად, დასაქმდნენ საქართველოში.

ამ პრობლემის ერთ-ერთ განმაპირობებელ გარემოებად სპეციალისტები სოციალურ შემწეობას მიიჩნევენ, რამდენადაც იოლი ფული და სტატუსთან დაკავშირებული შეღავათები ადამიანს შრომისადმი სწრაფვის სურვილს უკარგავს. ეკონომიკის დოქტორი სპეციალისტი, პროფესორი პაატა აროშიძე არ მალავს, რომ სოციალური შემწეობების გამო ადამიანები როგორც სოფლად, ასევე ქალაქშიც,  ფიზიკური შრომისგან მაქსიმალურად იკავებენ თავს.

,,ქალაქსა და სოფელში მუშახელის პრობლემა განსხვავებულია. ქალაქებში ადამიანს აქვს შემწეობა და არ უღირს, რომ მუშაობა დაიწყოს რომელიმე სექტორში, თუ გაცილებით მეტს არ მიიღებს. არიან ოჯახები, რომელთა ფულადი შემწეობა  500 ლარია და იგი 700-ლარიან ხელფასს არ დათანხმდება, რადგან ეშინია, სოციალური შეღავათი არ დაკარგოს. ასეთ ცხოვრებას ხალხი იმდენად მიეჩვია, რომ ერთჯერად სამუშაოზე დასაქმებაც არ სურთ, მიუხედავად იმისა, რომ იციან, ფულად დახმარებას არ დაკარგავენ. 

მთლიანობაში, ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილი მთავრობის ხელის შემყურეა და არ ცდილობს, გაექცეს სოციალურ შემწეობას. არის სამუშაო, დასუფთავებაში და სხვა სფეროში, სადაც 200-300 ლარით მეტი შეიძლება მიიღონ, მაგრამ ამ ფასად შეღავათის დაკარგვა არ უნდათ. საკმაოდ რთულად დგას ეს საკითხი საქართველოში. ვიღაცა თუ გადაწყვეტს, რომ შეურაცხმყოფელია სახელმწიფოს კმაყოფაზე ყოფნა და თავისი საქმე დაიწყოს, გადამზადების კურსი და სხვა შესაძლებლობებია, მონდომებულ ადამიანს წინ ვერაფერი აღუდგება და სწორედ ეს უნდა დაანახოს მათ სახელმწიფომ. 

დღეს სხვა გამოსავალი არ არის, რადგან ასე თუ გაგრძელდა, იძულებუილი გახდება ბიზნესი, რომ დეფიციტი გარე სამუშაო ძალით შეავსოს, რაც დემოგრაფიული თვალსაზრისით დროთა განმავლობაში უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება“, - განაცხადა პაატა აროშიძემ.

აგრონომები, დარგის ექსპერტები, ტექნოლოგები თუ სხვა მაღალი დონის სპეციალისტები ქვეყანაში ძალიან ცოტაა. რთულია მასშტაბური აგროპროექტების მენეჯერების, სპეცტექნიკის ოპერატორების, ტექნიკოსების თუ დამხმარე სპეციალისტების მოძიება. შესაბამისად, წარმოების ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება სერიოზული გამოწვევაა სოფლის მეურნეობაში.

შესაბამისად,  მსხვილი, საშუალო და მცირე მეწარმე, კომპანიები, ფერმერული მეურნეობები – ყველგან, სადაც კი პროდუქტი იქმნება, კადრების არნახულ დეფიციტს განიცდიან.

დასავლეთ საქართველოში წელს თხილის მოსავლის აღება გაუჭირდათ სწორედ იმიტომ, რომ ფერმერებს მუშახელის პოვნა გაუჭირდათ. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი თოდუა ამბობს, რომ  მკრეფავებს წელს დღიურ ხელფასად 50 ლარსაც კი სთავაზობდნენ, თუმცა მსურველი მაინც არ იყო. 

,,წელს თხილის მოსავალი კარგი იყო, მაგრამ ხარისხთან დაკავშირებით პრობლემა გაჩნდა, რადგან დროულად ვერ მოხერხდა მოსავლის აღება სწორედ მუშახელის ნაკლებობის გამო. თითქმის ყველა სოფელში დაგვიანდა მოსავლის აღება. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მხრივ გვაქვს დიდი პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ დღიური ხელფასი გაზრდილია, მუშაობის მსურველი ცოტაა. თხილის მკრეფავების ყოველდღიური შემოსავალი დაახლოებით 50 ლარია, მაგრამ ვერც ამან გამოიწვია სტიმული, ამ ფასადაც არ იმუშავა ხალხმა და საბოლოოდ მოსავლიანობაზე ცუდად აისახა. 

გარდა იმისა, რომ ხალხს არ უნდათ შრომა, შრომისუნარიანი ადამიანების მნიშვნელოვანი წილი გასულია უცხოეთში. პანდემიამდე მოსახლეობა თურქეთში თხილის კრეფაზე გარბოდა, მაგრამ სამშობლოში მუშაობას თაკილობენ, ფაქტობრივად მუშებს ვერ ვშოულობთ მოსავლის ასაღებად. ეს საკითხი თუ არ მოგვარდა, სერიოზული პრობლემა შეგვექმნება“, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ გიორგი თოდუამ.

ანალოგიური მდგომარეობა იყო წელს რთველზეც. მევენახეები კვირაობით ელოდნენ მუშებს, რომ დაებინავებინათ მოსავალი, ზოგ შემთხვევაში სხვა რაიონებიდან მოუწიათ ხალხის დაქირავება. წინანდალელი მეღვინის, ოთარ ბერძენიშვილის თქმით, სეზონზე იმერლებიც ჩამოყვანა გახდა საჭირო, რადგან ადგილზე მუშები ვერ მოიძებნა.

,,უცნაური სიტუაციაა, პანდემიამ მუშახელის მიმართ მოთხოვნა გაზარდა, მაგრამ ხალხის შოვნა გვიჭირს. ფასზეც აღარ არის უკვე საუბარი. კახეთის შემთხვევაში, ადგილობრივების დიდი ნაწილი ღვინის ქარხნებში დასაქმდა და ვენახებში დღიურ შრომას უკვე ვერ ახერხებენ, ვინც თავისუფალია, მუშაობა არ სურს. ხალხი სხვა რეგიონებიდან ჩამოგვყავს. 

შარშან ყველაზე მეტი სამეგრელოდან და იმერეთიდან ჩამოვიდა სამუშაოდ, წელს სამეგრელოშიც პრობლემა იყო, ამიტომ იმერლები დავიხმარეთ. 60 ლარზე იაფად არავინ იმუშავა, წინა წელს სეზონურ დასაქმებულებს 50 ლარს ვუხდიდით, შარშანწინ - 40 ლარს, გამოდის, რომ ყოველწლიურად ძვირდება დღიური მუშის შრომის ანაზღაურება“, - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ ოთარ ბერძენიშვილმა.

პრობლემაზე საუბრობს მსხვილი ბიზნესიც, რომელთა წარმომადგენლები იმასაც აღნიშნავენ, რომ გარკვეული ფიზიკური სამუშაოს შესრულება თვითონ უწევთ და ეს პრობლემა თანდათან მწვავდება. კომპანია ,,ჯაყელების ღვინოს“ დამფუძნებელმა ზაზა ჯაყელმა სეზონზე ქვევრის მრეცხავი ვერ იშოვა და იძულებული გახდა, თვითონ შესრულებინა სამუშაო.

,,ვენახსა და მარანში ყველა პროცედურას ხელით ვასრულებთ, რასაც ორგანული წარმოება მოითხოვს. წელს მეწარმეც მე ვარ და მუშაც, საქმემ ასე მოითხოვა. არც წინა წლებში იყო ამ მხრივ ნორმალური სიტუაცია, მაგრამ ახლა ყოველგავარ ზღვარს გასცდა. სამუშაოს დიდი ნაწილი თვითონ შევასრულე. მეწარმისთვის ეს მარტივი არ არის, ხალხი შრომას თუ არ მიეჩვია, არაფერი გამოვა, მუდმივად ერთ წრეზე ვივლით და ქვეყანა ვერც ეკონომიკურად განვითარდება“, - განაცხადა ზაზა ჯაყელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×