პროგნოზები ცალსახად დადებითია, თუმცა ფინანსისტების აზრი მაინც ორად იყოფა
გვანცა წულაია
13.12.2022

უკვე ნახევარ წელზე მეტია, რაც ლარის კურსის გამყარება შეუქცევადია. აღნიშნული ტენდენცია წლის ბოლომდე გასტანს და არსებობს იმის მოლოდინიც, რომ ლარმა პოციზიები მომავალ წელს უფრო მეტად გაიუმჯობესოს. მიმდინარე წლისთვის კი სპეციალისტები ორ პროგნოზს აკეთებენ. ნაწილი თვლის, რომ 2022 წლის მიწურულს კურსი დღეს მოქმედ ნიშნულზე - 2.67-2.68-ზე შენარჩუნდება. მეორე ნაწილი კი პროგნოზირებს, რომ ლარი კიდევ გამყარდება და 2.60-იანი ნიშნულის ფარგლებში იქნება.

ლარმა დადებითი პოზიციების შენარჩუნება "სეზონური გაუფასურების” დროსაც კი მოახერხა. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში კურსს გაუფასურება ახასიათებს, თუმცა მოცემულობა სრულიად სხვაგვარია და ლარი დღითი დღე სტაბილურია.

"თიბისი კაპიტალის” მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ამბობს, რომ კურსი დოლართან მიმართებაში მყარდება, რაც მიგრანტების შემოდინების ფონზე გასაკვირი არაა. მეორე მხრივ, დოლარმა საერთაშორისო ბაზრებზე თავისი პოზიციები დათმო და ევრო წამოიწია, რომელსაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში გამყარების მეტი პერსპექტივა აქვს.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მაღალია და ლარის მყარი კურსი ინფლაციის შემცირებას ეხმარება, ამიტომ ეროვნული ბანკი ყიდულობს ვალუტას და კიდევ უფრო მეტ გამყარებას ადგილი არ აქვს, თუმცა ინფლაციის ასეთი მაღალი მაჩვენებელი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ასეთი მკვეთრი გამყარებაც არ მიგვეღო. ეს არის იმ ფაქტორების კომბინაცია, რამაც 2,68 მდე მიგვიყვანა”, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ და დასძინა, რომ წელს ლარი მეტად აღარ გამყარდება.

"რა იქნება მომავალში, ამის თქმა ცოტა რთულია, თუმცა ჩვენი შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ დოლარი მოკლევადიან პერსპექტივაში არ დასუსტდა, ეს  ლარის გამყარების პიკია და ლარი მეტად აღარ გამყარდება“, - დასძინა "კომერსანტთან” ნადარაიამ.

მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო შეფასებებიდან გამომდინარე, რამდენიმეწლიან პერსპექტივაში ევროს გამყარების დიდი პოტენციალი აქვს და მომავალში ევრო უფრო მყარი იქნება ვიდრე დოლარი, რაც ლარისთვის და საქართველოსთვის უფრო პოზიტიურია, რადგან საქართველო ევროპაზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე ამერიკაზე.

მიმდინარე პერიოდში სტაბილიზაციის ყველანაირი გარემოება იკვეთება და სულ მინიმუმ, იგივე მოცემულობა იქნება წლის ბოლოსთვის, ანდა უკეთეს შემთხვევაში კურსი 2-3 თეთრით კიდევ გამყარდება.  დღეისთვის, ერთი ამერიკული დოლარი 2.67 ლარი ღირს, ევრო კი 2.81 ლარი.

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოსთვის ლარმა 2.60-იანი ნიშნულის ფარგლებში იტრიალოს.

"ლარის კურსი რამდენიმე თვეა მყარდება, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონალურ ვალუტებს საკმაოდ დიდი რყევა ჰქონდათ, მაგალითად, თუნდაც თურქულ ლირას.

ლარის გამყარებება, პირველ რიგში, დამოკიდებულია ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებზე. ჩვენ ვნახეთ, რომ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ექსპორტის მაჩვენებელია გაზრდილი, ისე რეექსპორტიც. საგრძნობლად მომატებულია სავალუტო შემოდინებები. ტურიზმი, აღდა, ფაქტობრივადრად, 2019 წლის დონეზე, ხოლო ოქტომბერში ვნახეთ, რომ 2019 წლის მაჩვენებელზე მეტიც კი იყო. ზამთარშიც საკმაოდ დიდი იქნება მოთხოვნა ქართულ კურორტებზე.

მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელიც ყველა პროგნოზით იქნება ყველაზე მაღალი, 2017 წლის დონეზეც მეტი კი, რა დროსაც სარეკორდო 1,9 მლრდ ინვესტიცია შემოვიდა.

ზემოთ ჩამოთვლილ მაჩვენებლების გათვალისწინებით ლარის გამყარება არის ობიექტური და ემყარება ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს. გაუფასურების არანაირი წინაპირობა არ არსებობს და არც გლობალური შოკია მოსალოდნელი, რამაც შეიძლება ლარზე იმოქმედოს.

ახლა დეკემბრს შუა რიცხვებია და ეროვნული ვალუტა მაინც მყარდება. წლის ბოლოა და ლარზე მოთხოვნა ისედაც გარზდილია. ამიტომ იგი დეკემბერშიც გამყარდება და იანვარშიც და, დიდი ალბათობით, მომავალ წელსაც ეს ტენდენცია შენარჩუნდება, რადგან 2023 წელს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი დაიწყება საქართველოში.

არ არის გამორიცხული, რომ ლარის კურსი, წლის ბოლოს, 2.60-ის ფარგლებში იყოს, რადგან, როგორც გითხარით, ახალი წლის დღეებში ლარზე მოთხოვნა ისედაც მკვეთრად იმატებს. ვისაც დოლარში დანაზოგი აქვს ან უცხოურ ვალუტაში იღებს ფულად გზავნილებს, სამომხმარებლო ბაზარზე ფულს ხარჯავს. მოსახლეობა სამომხმარებლო ბაზარზე უხცოური ვალუტას ყიდის და ლარს ყიდულობს”, - განაცხადა "რეზონანსთან” გიორგი ცუცქირიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×