"ქართველების მხრიდან შრომის მიმართ დამოკიდებულება ბევრ რამეში გვიშლის ხელს, სასურველ კადრებს ვერ ვშოულობთ"
ქეთო გოგოხია
22.01.2024

შრომის ბაზარზე უცხოელი მუშახელის მიმართ მოთხოვნა სწრაფად იზრდება. დეფიციტს განსაკუთრებით სამშენებლო სფერო და სამეწარმეო ბიზნესი განიცდის. არიან კომპანიები, რომლებმაც დანაკარგის შევსება ადგილზე კადრების გადამზადების გზით სცადეს, მაგრამ ვერც ამ მიდგომამ გაამართლა. საბოლოოდ ქართული კომპანიების ნაწილი იძულებული გახდა, რომ მუშახელი ქვეყნის გარეთ მოიძიოს და რიგ შემთხვევაში, სურვილი სისრულეში მოიყვანეს.

ერთ-ერთი პირველი, სადაც უცხოელი მუშახელი დასაქმდა, სამშენებლო ბიზნესია.  ამ დარგში ცვლილება თვალსაჩინოა, განსაკუთრებით ეს ეხება ქვედა რგოლს, სადაც კადრების სიმცირე დიდი გამოწვევაა. დეველოპერულ კომპანიებში ცოტა ხნის წინ იმაზეც საუბრობდნენ, რომ მსხვილი მასშტაბური პროექტების განხორციელება სწორედ კადრების სიმცირის გამო უჭირდათ. ახლა მდგომარეობა ცოტათი შეიცვალა იმ კუთხით, რომ უკვე უცხოელებს ამუშავებენ.

როგორც კომპანია “ინსის” დირექტორმა ზვიად თოიძემ განაცხადა, სამშენებლო სექტორმა რეგიონის ქვეყნებიდან კადრების დეფიციტის ფონზე მუშახელის შემოყვანა დაიწყო.  კადრებთან დაკავშირებული ცვლილება თოიძემ იმით ახსნა, რომ მიმდინარე პროექტების რაოდენობის ზრდისა და ემიგრაციის ფონზე ამ მიმართულებით მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება და სექტორს სხვა გამოსავალი არ აქვს.

კომპანიებმა კადრები თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და შუა აზიის ქვეყნებიდან შემოიყვანეს. ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე ეს გარდაუვალი მოცემულობა იყო.

,,არის პრეცედენტები, თურქეთიდან მუშახელი შემოჰყავთ. იცით, რომ თურქეთში დევალვაცია იყო, შესაბამისად, იქიდან მოხდა კადრების საქართველოში შემოყვანა. გამიგია, რომ აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, შუა აზიიდანაც შემოჰყავთ კომპანიებს მოსამსახურე პერსონალი.

მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ, მთავარია პროექტები განხორციელდეს. დარწმუნებული ვარ, არც ერთი კომპანია არ არის მოწადინებული ქართველი ჩაანაცვლოს უცხო ქვეყნის მოქალაქით, უბრალოდ, თუ არ იქნება საკმარისი, უნდა მოხდეს სხვადასხვა ქვეყნის მუშახელის გამოყენება,”- აღნიშნა ზვიად თოიძემ "ბიზნეს მედიასთან" საუბრისას.

როგორც გაირკვა, პრობლემა ერთი სექტორის ფარგლებს აღემატება და ძნელად მოიძებნება სფერო, სადაც ანალოგიური გამოწვევა არ არის. განსაკუთრებით  სამეწარმეო ბიზნესში. 

კომპანია ,,გეფერინი" ერთ-ერთია, რომელსაც რამდენიმე უცხოელი თანამშრომელი ჰყავს. გაზრდის თუ არა მათ რაოდენობას, კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფერიძე ვერ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ბაზარზე ვერანაირი პირობით ვერ მოიზიდეს თანამშრომლები, ამიტომ უცხოელი მუშახელის დასაქმების გადაწყვეტილება მიიღეს.

,,კომპანიის პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა, თუმცა, ერთია სურვილი და მეორე რეალობა. კადრების მხრივ ბიზნესს აშკარად პრობლემა აქვს. ქართველების მხრიდან შრომის მიმართ დამოკიდებულება ბევრ რამეში გვიშლის ხელს. პირველ რიგში იმ მხრივ, რომ სასურველ კადრებს ვერ ვშოულობთ. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ადამიანები არ საქმდებიან იმიტომ, რომ დაბალი ხელფასია, ასე ნამდვილად არ არის საქმე. აქ ხელფასი არ არის პრობლემა, მოსახლეობის დიდ ნაწილს რატომღაც ურჩევნია, სოციალური დახმარების შემყურე იყოს და მთავრობის კმაყოფაზე იცხოვროს, ვიდრე საკუთარი შრომით გამოიმუშაოს ფული", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" გეფერიძემ და დასძინა იმ პირობებზეც, რაც კომპანიამ დასაქმებულებისთვის შექმნა, მაინც გახდა აუცილებელი უცხოელი მოქალაქეების დასაქმება, რადგან ქართველების მხრიდან ინტერესი არ გამოიკვეთა.

,,შრომის ანაზღაურების და პირობების მხრივ პრობლემას არავის ვუქმნით, მაგრამ საჭირო კადრს მაინც ვერ ვშოულობთ. როცა საზოგადოებაში ისმის კრიტიკა, რომ ბიზნესი არ არის ხელგაშლილი და ვინმეს ხელფასზე პრეტენზია აქვს, ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ განვითარებული ქვეყნის პოლიტიკა აქ ვერ იმუშავებს.

,,გეფერინის" შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ მისაღები და საკმაოდ კარგი შრომის გარემო გვაქვს შექმნილი. უცხოელებს, ვინც მოდის და შრომა სურს, ყველას ვიღებთ, რამდენიმე თვის წინ ირანელები დავასაქმეთ. უკრაინელებსაც მივიღებთ, მთავარია, პირს საქართველოში ბინადრობის უფლება ჰქონდეს", - აღნიშნა გეფერიძემ.

პროფესიული კადრების სიმცირეს განიცდიან მრეწველობის დარგებიც. ერთ-ერთი ,,გრინპაკია",  რომელიც ქაღალდისა და მუყაოს პროდუქციის მწარმოებელი უმსხვილესი ქართული კომპანიაა. როგორც „გრინპაკის“ დამფუძნებელმა პაატა აბრამიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნა, განსაკუთრებით ტექნიკური დარგის მოძიება უჭირთ.

,,რეალურად ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელიც ამ დარგშია დასაქმებული და პროფესიული განათლება აქვს მიღებული. ძირითადად მაინც თვითნასწავლი კადრებია. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის მენტალური საკითხი. ყველა ცდილობს პოპულარული პროფესია შეარჩიოს, ხოლო როცა ამთავრებს სასწავლებლებს, ვერ იწყებს სამსახურს და მზად არიან, ,,ყველგან" დასაქმდნენ, ოღონდ ჰქონდეთ სამუშაო. სამეწარმეო კომპანიებში ასეთი კადრი არც ისე ცოტაა. თუმცა ესეც არასაკმარისია.  შესაბამისად, იძულებული ვართ, უცხო ქვეყნების მოქალაქეები დავასაქმოთ.

სამწუხაროდ, მოსახლეობის გადინებამ დიდი პრობლემა შეგვიქმნა. კადრების მწვავე  დეფიციტია. მინიმუმ 70 ადამიანი მჭირდება კომპანიაში საწარმოო პროცესისთვის, მაგრამ 30  თანამშრომელი გვყავს, ეს კი კომპანიის განვითარებას აფერხებს. ამიტომ ვფიქრობთ უცხოელი მუშახელის დასაქმებაზე, სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, - აღნიშნა პაატა აბრამიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×