"მალე ზამთრის კურორტების ნაცვლად, გვექნება ბეტონის ჯუნგლები”
გვანცა წულაია
24.01.2024

დედაქალაქთან ერთად, განაშენიანების პრობლემებია საქართველოს კურორტებზეც, იქნება ეს ზამთრის თუ ზაფხულის დასასვენებელი ადგილი. განსაკუთებით ეს მცირე ზომის კურორტებზე ჩანს, სადაც ტერიტორია პატარაა და მიუხედავად ამისა, უამრავი სხვადასხვა ობიექტია ერთმანეთზე "მიწყობილი".

დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ზამთრის თუ ზაფხულის კურორტებზე მშენებლობა, პრაქტიკულად, შეუჩერებლად მიმდინარეობს და ყოველწიურად იმატებს დასასვენებელი ობიექტების ოდენობა. ეს კი კურორტების იარსახეს ამახინჯებს და თანაც, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ასეთ დროს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაც რთულდება.

სწორედ განაშენიანების პრობლემაზე ისაუბრა "რეზონანსთან" დედაქალაქის გენერალური გეგმის ერთ-ერთმა ავტორმა მერაბ ბოლქვაძემ და განაცხადა, რომ კურორტები, რიგ შემთხვევაში, ზედმეტად გადავსებულია.

"ზამთრის კურორტები კარგად მუშაობენ, მაგრამ არსებობს რაღაც პრობლემები. მაგალითად, ბაკურიანი ზედმეტად გაშენდა. ყველა კურორტს აქვს რაღაც რესურსი და უკიდეგანო მშენებლობა არ გამოვა. ყველა ტეროტორიას შეუძლია დასასვენებლად დაიტიოს ხალხის გარკვეული რაოდენობა და როცა ამ ნორმატიული მოთხოვნების გადაჭარბება ხდება, შემდეგ უკვე სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნებიც კი ირღვევა. ბაკურიანის ცალკეული მონაკვეთები ლამის გლდანის ერთ-ერთი მიკრორაიონი გახდა, იმდენი შენობაა და კიდევ მიმდინარეობს.

დედაქალაქის ირგვლივ სააგარაკე ტერიტრიებს რაც შეეხება, საზაფხულო მოთხოვნები უფრო არის და თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქირაობს ამ ადგილებში ბინებს.

გენერალურ გეგმაში და ზოგადადაც, ფიგურირებს ერთი ასეთი ტერმინი – ზაფხულის თბილისი. კიკეთიც კი დედაქალაქის საზღვრებში შედის, წყნეთი თავისთავად, კოჯორიც. იქ ზაფხულში მართლაც კარგი საცხოვრებელია, ამიტომ ზაფხულის თბილისზე, როგორც სასოფლო-სააგარაკო ტერიტორიებზე, მოთხოვნა ნამდვილად არის მოქალაქეების მხრიდან.

ზოგადი პოლიტიკა ასეთია, რომ ყველა სასოფლო-სააგარაკო ტერიტორია კომპაქტურად უნდა განვითარდეს, რომ ყველა დასახლებას შორის, თბილისის ფარგლებში, უნდა იყოს მწვანე საბრტყელი. არ არის მიზანშეწონილი სააგარაკო დასახლებები ერთმანეთს გადაებას ან შეერწყას თბილისის განაშენიანების პერიფერიას, რადგან სამართავადაც ძნელია”, - განუცხადა მერაბ ბოლქვაძემ "რეზონანსს”.

კურორტებზე რომ განაშენიანების პრობლემაა, ამაზე დაუფარავად ისაუბრა რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ და როგორც აღნიშნა, საქართველოში ზამთრის კურორტებზე იმაზე მეტი შენობებია, ვიდრე სინამდვილეში უნდა იყოს.

„ზამთრის კურორტები ფუფუნებად ითვლება ყველგან და ეს არაა მხოლოდ სუფთა ჰაერზე დასვენება. მას თან ახლავს სპორტული აქტივობაც, რომელიც შესაბამისად უნდა იყოს მიწოდებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტი არ გვეყოლება. ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელიც საქართველოს ზამთრის კურორტებს ახასიათებს, მრავლადაა. ინვესტიციები ამ პრობლემების მოგვარებისკენ უნდა წავიდეს და არა კორპუსების მშენებლობაში, რომელიც მთლიანად სპობს ინფრასტრუქტურას.

დღესდღეობით საქართველოში ზამთრის კურორტებზე იმაზე მეტი მშენებლობაა, ვიდრე შესაძლებელია რომ იყოს. მთლიანად ათვისებულია ბაკურიანის და გუდაურის ტერიტორია. ეს სრულიად ცვლის კურორტის ლანდშაფტს, სილამაზესაც და ქმნის ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. თუ პროფესიონალური მიდგომა არ ჩამოყალიბდა, ზამთრის კურორტების ნაცვლად, გვექნება ბეტონის ჯუნგლები”, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

უთავბოლო განაშენიანება, თბილისთან ერთად, თითქოს, კურორტების "საფირმო ნიშნადაც” იქცა. ტურიზმის სფეროს სპეციალისტ ნიკო კვარაცხელიას მიაჩნია, რომ საქართველოში არ არსებობს ერთიანი დასასვენებელი სისტემა, რაც პრობლემაა.

"მთავარია, არსებობდეს ზამთრის თუ ზაფხულის კურორტის განაშენიანების გენგეგმა. შეიძლება დეტალურიად არ იყოს გათვლილი, მაგრამ მითითება უნდა არსებობდეს, სად შეიძლება განთავდეს სასტუმრო, სად - გართობის ადგილი და ა.შ. ზოგადად, სახელმწიფო არ იძლევა ასეთ კონკრეტულ დირექტივებს, თუ როგორი სასტუმრო და როგორი ვიზუალით უნდა აშენდეს. ტურიზმის ინდუსტრიის წინაშე სახელმწიფო ხუთ რამეზე აგებს პასუხს. ესაა ინფრასტრუქტურული ნაწილი, ანუ, მან უნდა გაიყვანოს გზები, გაზმომარაგება, წყალმომარაგება, კანალიზაცია და სხვა. დანარჩენი უკვე კერძო სექტორის საქმეა, მაგრამ თუ ბიზნესი წარადგენს შეუფერებელ ნაგებობას, ეს არც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა და არც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არ უნდა მიიღოს.

ვის შეიძლება მოეწონოს მასობრივი განაშენიანება და ქაოსური სიტუაცია? სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ერთიანი დასასვენებელი სისტემა. ქართველებისთვის, რომელთა შემოსავალი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე უცხოელი ტურისტების, გვაქვს სხვა ტიპის სასტუმროები - იაფიანი, რომლებიც არც ერთ კატეგორიას არ განეკუთვნება. უცხოელიები, რომლებიც 2-3-ჯერ მეტ ფულს იხდიან, მათი დასვენების სასტუმროები ალბათ უფრო მოწესრიგებულია, მაგრამ ერთი სასტუმროს მოწყობა ყველაფერს არ ნიშნავს. გარდა ამის უნდა არსებობდეს დასასვენებელი ინფრასტრუქტურა. მაგლითად, ზღვაზე საკუთარი პლაჟი, რაც ძალიან ცოტა სასტუმროს აქვს. ასეა მთის კურორტებზეც, სადაც მოაზრება სასრიალო ტრასები”, - უთხრა "რეზონანსს” ნიკო კვარაცხელიამ.

საქმე იქამდეა მისული, რომ ტუროპერატორების ნაწილი, რიგ ადგილებში, ტურებს საკუთარი სერვის შეთავაზებიდან საერთოდ იღებს. როგორც „ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა, ბაკურიანი ბეტონის ჯუნგლებადაა ქცეული და კურორტის გარეკლამება არ ხდება.

„ბაკურიანს რაც შეეხება, დიდი ხანია ამოღებული გვაქვს ტურისტული პაკეტებიდან. ისეთ ბეტონის ჯუნგლებად გადაიქცა, რომ გვერიდება იქ სტუმრის ჩაყვანა და შესაბამისად, არ ვარეკლამებთ. სადაც ჩაგვყავს სტუმრები, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი მათ კომფორტსა და სიამოვნებაზე. სადაც ვთვლით, რომ არ არის მისაღები პირობები დასასვენებლად, იქ სტუმარს ვერ გავუშვებთ, რადგან ჩვენს იმიჯზე აისახება“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×