"პირველ ეტაპზე ეს გამოიწვევს დაბნეულობას, მაგრამ შემდეგ, როდესაც ბაზარი გადაეწყობა, მოთხოვნაზე გავლენას ვერ იქონიებს"
ირმა ჩიტაია
22.02.2024

რუსეთი ავტომანქანების იმპორტიორებისათვის ახალ რეგულაციებს აწესებს და ყველას თანაბარ პირობებში აყენებს. აქამდე თუკი ევრაზიული კავშირის წევრებისთვის შეღავათები მოქმედებდა და ამ გზით შესული ავტომანქანები არ იბეგერებოდა, კანონმდებლობა იცვლება. პირველი აპრილიდან  ევრაზიული კავშირის წევრებისთვისაც ავტომობილების  თვითღირებულების კორექტირება მოხდება. შესაბამისად, რუსებს მანქანის შეძენისას გაძვირებული საფასურის გადახდა მოუწევთ.??

სანქციების ქვეშ მყოფი სახელმწიფოს მხრიან  რეგულაციები  საქართველოსთვის საინტერესოა იმ კუთხით, რომ ჩვენგან ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებში (სომხეთი, ყირგიზეთი და ყაზახეთი)  მსუბუქი ავტომანქანების რეექსპორტს საკმაოდ დიდი წილი უჭირავს. როგროც ცნობილია, ამ მიმართულებით, მანქანების გარკვეული ნაწილი რუსეთის ტერიტორიაზე ხვდება. ახალი კანონი ავტომობილების გაძვირებას გამოიწვევს. ამას, შესაძლოა, მოთხოვნის კლება მოჰყვეს.

შეუძლია თუ არა ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს ბაზარი შეარყიოს? შეიქმნება თუ არა ავტომობილების რეალიზაციის პრობლემა? აღნიშნულთან დაკავშირებით ,,რეზონანსი" ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელს ალექსი ნონიაძეს ესაუბრა. მისი აზრით, ცვლილებებმა რეექსპორტზე დიდი გავლენა წესით არ უნდა მოახდინოს.

,,აპრილიდან რუსეთში  მანქანების თვითღირებულების კორექტირება ხდება. წესით ამან რეესქპორტზე მხრივ პრობლემები არ უნდა გამოიწვიოს, მაგრამ ფაქტია, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ბაზარზე თამაშის ახალი წესები შემოდის ეს გავლენას ახდენს, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში. ჩვენი ასოციაცია გადაჭრილად ვერ იტყვის, რომ მაგალითად ჩვენგან ყირგიზეთში გასული ავტომობილები მაინცდამაინც, რუსეთის ბაზარზე ხვდებიან, მაგრამ არც უამისობაა.

ამ ცვლილების ამოქმედებისას უნდა დავაკვირდეთ, რამდენად შეიცვლება ავტოდილერების მოლოდინი. თუ აპრილამდე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოდან გასული მანქანების საკმაო ნაწილი ხვდება რუსეთის ბაზარზე. თუკი მოთხოვნაში ცვლილება არ იქნა, მაშინ  უნდა ვიფიქროთ, რომ მანქანები შიდა მოხმარებისთვის მიჰყავთ და რუსეთში თითქმის არ გადის. მოკლედ, წინასწარი პროგნოზის გაკეთება ძნელია, რადგან კონკრეტული პროცენტულ მაჩვენებელს არ ვფლობთ", - განაცხადა ნონიაძემ.

მისი ინფორმაციით, რუსეთს მსუბუქი ავტომობილების დეფიციტი არა აქვს, ვინაიდან ჩინეთიდან და იაპონიიდან დიდი რაოდენობით ხერხდება ბაზრის მომარაგება. ამიტომაც, ახალი დადგენილება უფრო ბიუჯეტში თანხების მობილიზაციას უკავშირდება.

,,როსსტატის" მონაცემებით, ახალი ავტომობილების 80% ჩინეთიდან შედის. მეორეადი ავტომობილების 50% კი - იაპონიიდან. ამდენად, რუსეთს არა აქვს მსუბუქი ავტომობილების დეფიციტი. მას პრობლემა აქვს ბიუჯეტში თანხების მობილიზების მხრივ და ახალი დადგენილებაც სწორედ ამას ემსახურება. ცხადია, რომ 2-ჯერ მეტ გადასახადს იხდიან ავტომობილის მფლობელები რუსეთში. მაგალითისთვის, თუ ჩინეთიდან შესული ავტომობილი 8 მილიონი რუბლი ჯდება, იგივე ავტომობილი ყირგიზეთის გავლით თუ მოხვდება რუსეთში, დაახლოებით 5 მილიონი რუბლი დაჯდება.

ახალი კანონმდებლობით, თუ საქართველოდან ცენტრალური აზიის ქვეყნების გავლით ავტომობილი მოხვდა რუსეთში, ყაზახი თუ ყირგიზი ავტოდილერი  ვალდებული იქნება სხვაობა დაფაროს. პირველ ეტაპზე ეს უარყოფით  მოლოდინს შექმნის, გამოიწვევს დაბნეულობას, მაგრამ შემდეგ, როდესაც ბაზარი გადაეწყობა, მოთხოვნაზე გავლენას ვერ იქონიებს.

საბოლოო ჯამში, ამ სხვაობას  ავტოდილერი არ დაფარავს. მას  რუსეთის მოქალაქე გადაიხდის. პირობითად, თუ 5 მილიონი უჯდებოდა მანქანის შეძენა, ახალი დადგენილებით გაუძვირდება და რუსეთის მოქალაქის ჯიბიდან მილიონები ბიუჯეტში და ხაზინაში შევა", - განაცხადა ნონიაძემ.

ახალი კანონმდებლობის ამოქმედებაში საქართველოსთან მიმართებით პრობლემას ვერ ხედავს ყველაზე მსხვილი ავტოპიმპოირტიორი კომპანიის დირექტორი გიორგი სურგულაძეც. მისი ინფორმაციით, ევრაზიის ქვეყნების გავლით რუსეთში იმ რაოდენობით არ ხვდება მანქანები, რომ ახლა საკანონმდებლო ცვლილებამ ქართული ბაზარი შეარყიოს.

,,ვფიქრობ, ევრაზიული კავშირის ქვეყნებიდან იმ რაოდენობით არ ხვდება მანქანები რუსეთში, რომ იქ მომხდარმა საკანონმდებლო ცვლილებამ მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინოს ქართულ ბაზარზე. მათი პროცენტული რაოდენობა ციფრებში გამოსახული არც კი ვიცით. საქართველოს გავლით ტრანზიტულად სომხეთში მიმავალი მანქანები რუსეთში არ მოხვდება. არც ყაზახეთიდან მიდის რუსეთის მიმართულებით. რაც შეეხება ყირგიზეთს, რა მანქანებიც შედის, მისი გარკვეული ნაწილი შეიძლება გადავიდეს მეზობელ ქვეყანაში, მაგრამ მცირე რაოდენობით. ვფიქრობ, ეს არაა დიდი რიცხვი და არა მგონია რადიკალური გავლენა მოახდინოს. რუსეთში მანქანების დეფიციტია, ერთადერთი ხვრელი, სავარაუდოდ, ყირგიზეთია და გაძვეირება ამ კუთხით დიდ რყევას ვერ გამოიწვევს.

კანონის ამოქმედება მხოლოდ რუს მოსახლეობას დაააწვება მეტ ხარჯად. მათ სხვა ალტერნატივა არა აქვთ. ჩვენ ეს პროცესი არ დაგვაზარალებს. ვისაც მანქანის შეძენა უნდა, გაძვირებულ ფასსაც გადაიხდის.

რაც შეეხება ქართულ ბაზარს, რეექსპორტის კუთხით ცუდი მდგომარეობა არაა. მართალია, ცოტათი იკლო გაყიდვებმა, თუმცა ეს სეზონური პრობლემებითაა გამოწვეული. ყაზახეთი შორი გზააა და მკაცრი ზამთრის გამო სარეექსპორტო მანქანებს გზაში დიდი დროის გატარება უწევთ. გაზაფხულზე ვითარება გამოსწორდება", - აღნიშნა ,,რეზონანსთან" საუბრისას გიორგი სურგულაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×