ვახტანგ იობაშვილი: უნდა მიმდინარეობდეს მუდმივი სისტემური მონიტორინგი და კონტროლი როგორც საცალო ქსელში, ისე ბაზებზე
ქეთო გოგოხია
25.03.2024

საქართველოში საწვავის ხარისხის კონტროლი ნავთობპროდუქტების ბაზრის საყურადღებო ელემენტად რჩება. ეს ეხება როგორც ბენზინს, ასევე დიზელის საწვავს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ხარისხის მაღალი სტანდარტი გააჩნია, საჭიროა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან საწვავის ხარისხის პერმანენტული კონტროლის განხორციელება როგორც იმპორტირებულ, ასევე საცალო ქსელში რეალიზებულ პროდუქტებზე. კვლევებიც ცხადყოფს, რომ ბაზარზე გარკვეული რისკები არსებობს, რაც დასაძლევია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი საწვავის ხარისხის გამო კომპანიების დაჯარიმების საკითხს გამოეხმაურა და ყურადღება გაამახვილა კონტროლის გამკაცრებაზე. როგორც ცნობილია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2024 წლის იანვრის ბოლო გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული დიზელის საწვავის 80 და საავტომობილო ბენზინის 20 ერთეული სინჯის შემოწმების შედეგად, 28-ში დარღვევა გამოვლინდა.

კომპანიებისთვის გამოწერილმა ჯარიმამ კი 2 მლნ ლარს გადააჭარბა. დეპარტამენტმა არ გაავრცელა ინფორმაცია, თუ რომელი კომპანიების ავტოგასამართ სადგურებზე გამოვლინდა საწვავის ხარისხთან დაკავშირებით დარღვევა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის შეფასებით კი, მსგავსი ქმედება კრიმინალია და მომხმარებელმა უნდა იცოდეს თუ სად იყიდება ცუდი ხარისხის საწვავი. რაც შეეხება უსაფრთხოების რისკებს, როგორც  მისი შეფასებით, ხარისხის ნორმების დარღვევით ხდება ნავთოპროდუქტების გაბევრება, ანუ იმპორტიორი/რეალიზატორი არასათანადო ნივთიერების შერევით აბევრებს შემოტანილ საწვავს. ამ დროს საწვავში ხდება ქიმიური ნივთიერებების შერევა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ საწვავის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ერთ-ერთი პირველი გადასადგმელი ნაბიჯია ეფექტური კონტროლის განხორციელება.

,,არსებობს მედლის ერთი მხარე, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია და მომავალშიც განისაზღვრება საწვავის ხარისხი, მაგრამ ერთია სტანდარტი და მეორეა, რა იყიდება რეალურად და რა ხარისხის საწვავი ასხია ავტომობილში. მნიშვნელოვანია შეიქმნას ეფექტური კონტროლის სისტემა ქვეყნის შიგნით, საწვავის ხარისხთან დაკავშირებით. უნდა დაიწყოს კონტროლი ქვეყნის საზღვრიდან და უნდა განხორციელდეს მუდმივი სისტემური კონტროლი როგორც საცალო ქსელში, ისე ბაზებზე, ავტოგასამართ სადგურებზე. დღეს გარემოს დაცვის სამინისტრო ახორციელებს კონტროლს და აუცილებელია უფრო მკაცრი მონიტორინგი დაწესდეს და ყველა დეტალი გაწერილი იყოს, სადაც ხარისხის ნებისმიერი კომპონენტი იქნება გათვალისწინებული“, - განუცხადა ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს".

მისი თქმით, მოცულობის გაზრდის მიზნით, საწვავში ურევენ დაბალი ხარისხის ბენზინს, ე.წ. ეთილს და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს.

„თუ არ გავაკონტროლეთ, რაც უნდათ, იმას გააკეთებენ. უკონტროლობა ქვეყნის დამღუპველია. მათ კომპანიები არ დაასახელეს, რასაც მე მოვითხოვდი. უნდა დასახელდეს კომპანიები და მომხმარებელმა იცოდეს. შემოტანილი საწვავი გააბევრა, დაუმალა სახელმწიფოს, მოატყუა მომხმარებელი - ესაა კრიმინალი, ყველამ პასუხი უნდა აგოს. ამას სახელმწიფომ თუ არ შეუშალა ხელი, სავალალო სიტუაციამდე მივალთ. ჯერ კიდევ ველოდები, რომ დასახელდება კომპანიები“,- განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

მისი შეფასებით, ქვეყანაში უხარისხო პროდუქციის შემოტანა და რეალიზაცია არ უნდა ხდებოდეს.

„ზოგადად, დიზელის საწვავის გამოყენების აკრძალვა გამორიცხულია, რადგან სწორედ დიზელს მოიხმარს სატრანზიტო გადამზიდველი სატრანსპორტო საშუალებები, სასოფლო-სამერნეო თუ სამხედრო ტექნიკა და ა.შ. თუმცა, თუ უხარისხო პროდუქციის შემოტანაზეა საუბარი, ამაზე, რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით. გარდა იმისა, რომ გარემოს აბინძურებს, არასტანდარტული, უხარისხო საწვავის რეალიზაცია კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პრობლემასაც აჩენს, “ - აღნიშნა იობაშვილმა.

მან ასევე საქართველოში საწვავის ხარისხის კონტროლის არსებულ მექანიზმზეც ისაუბრა. საკმაოდ მაღალია საჯარიმო სანქციები, როგორც ავტოგასამართი სადგურების, ისე მწარმოებელი თუ იმპორტიორი კომპანიების მიმართ.

„ხარისხის კონტროლის მექანიზმი საკმაოდ დახვეწილია, თუმცა სასურველია, ხარისხის კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდეს. კერძოდ, გაიზარდოს კონტროლის ზედამხედველობა და შემოწმება. ამასთან, სასურველია ზედამხედველობა ყველა ოპერატორის მიმართ ინტენსიურად განხორციელდეს.

ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ მსგავსი შემთხვევები გამოირიცხოს. გაბევრებული ნავთობპროდუქტი არის თაღლითობა, აღურიცხავი პროდუქცია და ზომა-წონაში მოტყუება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია კონტროლი გამკაცრდეს.

გარდა ამისა, ჩვენ გვყავდა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ოფიციალურად სახელმწიფოს მიერ იყო აკრედიტებული. საშუალება თუ იქნება, გვინდა, ხარისიხს კონტროლი განვახორციელოთ, რისი უფლებამოსილებაც ადრე გვქონდა. ამისათვის, მთავარია აკრედიტაცია აღვადგინოთ. გვყავს ძალიან კარგი პროფესიონალი, აკრედიტებული ექსპერტები. შპს ,,მაგი", რომელიც დღესაც არსებობს და ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორიაა.

უნდა ვიცოდეთ რას ვყიდულობთ და რაში ვიხდით ფულს. ამ მხრივ დიდ იმედს იძლევა ახალი პრემიერის ირაკლი კობახიძის საქმიანობა, რომელმაც უკვე გამოკვეთა, რომ კონტროლი სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერდება. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ხარისხის კონტროლის მიმართულებით გახდება საჭირო,“ - განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, დიზელი და ბენზინი საქართველოში ძირითადად რუსეთიდან შემოდის. 2023 წლის მდგომარეობით, რუსეთიდან საქართველომ 736 ათას ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტი იყიდა, რაც მთელი იმპორტის 60,9%-ს შეადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×