სებ-ის ოპერაციები ახლა ისეთი გაუმჭვირვალეა როგორც არასდროს, შესაბამისად, არავინ იცის სავალუტო ბაზარზე რა ხდება
ქეთო გოგოხია
25.03.2024

ეროვნული ბანკის ინტერვენციები, მისი მონაწილეობა სავალუტო პლატფორმაზე და ბოლო პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრად შემცირების გადაწყვეტილება ლარის კურსისთვის საზიანო აღმოჩნდა. ფაქტია უკვე 2 კვრაა ეროვნული ვალუტა უფასურდება. სხვადასხვა ფაქტორს შორის სპეციალისტები ღიად ასახელებენ "ბიმატჩ" პლატფორმას, სადაც სებ-ის მოანწილეობა გარკვეულ ეჭვებს ბადებს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ამ რამდენიმე დღის წინ პირდაპირ განაცხადა, რასაც უკვე პირდაპირ თუ ირიბად ექსპერტებიც ადასტურებენ. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ლარის გაუფასურება ხდება მას შემდეგ, რაც სებ-მა  მკვეთრად შეარბილა მონეტარული პოლიტიკა, "ბიმატჩ"  პლატფორმის არასაკმარისი გამჭვირვალობა და ამ სისტემის მუშაობა სავალუტო ბაზრისთვის აშკარად უარყოფითი შედეგის მომტანია. კერძოდ, ის, რომ ეროვნული ბანკის მიერ "ბიმატჩ" განხორციელებულ ინტერვენციებზე ინფორმაცია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დახურულია, სებ-ს გზას უხსნის, რომ  თვითნებური მანიპულაცია მოახდინოს, რაც სავალუტო პროცესებზე ნეგატიურ გავლენას ხდენს.

თავად ეროვნულ ბანკში გაცვლით კურსთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ეს დროებითი რყევებია და ტენდენცია შეიცვლება. კერძოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას თქმით, ლარის მოკლევადიან რყევებს მნიშვნელოვანი ყურადღება არ უნდა მიენიჭოს, რადგან მცირე სავალუტო ბაზარზე, კურსის რყევა ზოგადად შეიძლება ერთი მსხვილი ტრანზაქციითაც იყოს განპირობებული.

„რაც შეეხება ჩვენი ვალუტის კურსს, ეს მხოლოდ ჩვენი შეფასება არ არის და ამას ამბობს სავალუტო ფონდიც, ლარის გაცვლითმა კურსმა ისტორიული გამყარება აჩვენა, რამაც ინფლაციის შემცირებაში დიდი წვლილი შეიტანა. ლარი კვლავ გამყარებული რჩება და მოკლევადიან რყევებს, რომელიც ახლა ჩვენს ბაზარზეა, დიდ ყურადღებას ნუ მივანიჭებთ, რადგან ეს ყოველთვის შეიძლება მოხდეს, ჩვენი სავალუტო ბაზარი მცირეა და შეიძლება, ერთჯერადმა მსხვილმა ტრანზაქციებმა მოახდინოს ეს რყევა.

მთლიანობაში ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს, სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში კვლავაც ძლიერია, იქნება ეს ტურიზმი, მომსახურების ექსპორტი თუ გზავნილები და ამ მხრივ დესტაბილიზაციას არ ველოდებით“, - განაცხადა თურნავამ.

ის, რომ კურსი მოკლევადიან რყევებს განიცდის, მოსაზრებას სპეციალისტებიც იზიარებენ, თუმცა "ბიმატჩ" პლატფორმის მიმართ გარკვეული უნდობლობა აქვთ. როგორც ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვილი აცხადებს, სებ-ს შეეძლო სავალუტო კურსზე ღია ოპერაციების მეშვეობით ზემოქმედება მოეხდინა.

"როცა რაღაც აქტივზე ფასი იზრდება, ფასი მიდის ზემოთ და არ ვიცით, სანამდე გაიზრდება მოტხოვნა. ამ შემთხვევაში ბევრმა შეიძლება იზარალოს, როგორც მოხდა ბიტკოინთან ან სხვა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით. ფასი იზრდებოდა, მაგრამ რაღაც მომენტში შეტრიალდა სიტუაცია  და დანაზოგები დაკარგა ხალხმა. ვფიქრობ, დღევანდელ ვითარებაში კურსი ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებული არ არის, უფრო მოკლევვადიანი ეფექტია, თან ყოველთვის ერთვება ,,ბრბოს ფსიქოლოგია", როცა დოლარის კურსი იზრდება ან უფასურდება. როგორც წესი, საჭიროა გარკვეული ბიძგი, რის შემდეგაც იწყება პანიკა, რაც საბოლოოდ კურსზე აისახება.

პროგნოზირება რთულია, მაგრამ ახლა, სავარაუდოდ, ბაზარზე მოკლევადიანი ეფექტია, მაკროეკონომიკაში ამას უკან ფუნდამენტური ფაქტორები არ დგას. სებ-მა უნდა მაოხდინოს ზემოქმედება სავალუტო კურსზე ღია ოპერაციების მეშვეობით, მაგრამ "ბიმატჩ" პლატფორმა ამის შესაძლებლობას არ იძლევა", - აღნიშნა ვახტანგ ხომიზურაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

მთავარი შენიშვნა, რაზეც სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ, "ბიმატჩ" სისტემის თავისებურებაა, კერძოდ, სავალუტო ოპერაციებზე ინფორმაციის წვდომის შეზღუდვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რის გამოც იგი ნახევრად გაუმჭვირვალე პლატფორმაა და გაუგებრობას იწვევს.

,,საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე პირდაპირ აცხადებს, რომ სტატისტიკის დაგვიანება ლარის კურსის ანალიზისთვის აშკარად  პრობლემას წარმოადგენს. 

,,საქმე ისაა, რომ "ბიმატჩ"-ი  ნაკლებად გამჭვირვალეა, გვიან ვრცელდება სტატისტიკური მონაცემები სავალუტო ინტევენციების თუ ოპერაციების შესახებ, ამიტომ  რომ ვიმსჯელოთ, თებერვალში რა ოპერაციები შესრულდა ამ პლატფორმის მეშვეობით 26 მარტამდე ვერ გავიგებთ. უცნობია ყიდულობდა თუ არა რეზერვებს ბანკი და ერეოდა თუ არა სავალუტო ოპერაციებში. ამდენად, სტატისტიკის დაგვიანება ანალიზისთვის არის პრობლემა. შესაძლებელია ინტენსიურად ჰყიდდეს ან ყიდულობდეს სებ-ი ვალუტას და ჩვენ გვიან გავიგოთ.

რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, ერთ-ერთი ფაქტორია, რომ თებერვალში დაიწყო დეპოზიტების გადატანა უცხოერ ვალუტაში, საპროცენტო განაკვეთი მცირდებოდა ანაბრებზე და ამან უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა გაზარდა. რეფინანსირების განაკვეთის შემცირებამ ამ მხრივ ნეგატიური გავლენა მოახდინა, თუმცა ეკონომიკისთვის უდავოდ დადებითი ფაქტორია. როგორც ჩანს, ეკონომიკისტვის ასეა საჭირო და  რა შედეგს მოგვცემს, მომავალში გამოჩნდება. როცა გვიან ვიგებთ ინფორმაციას, შესაფასებლად უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია", - განაცხადა კეპულაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

რაც შეეხება პარლამენტის წევრის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის  რომან გოცირიძის პოზიციას, მისი შეფასებით,  ეროვნული ბანკი ბაზარს დამახინჯებულ სიგნალებს უგზავნის. ამის შესახებ დეპუტატმ,ა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე უცხოური ვალუტა რომ იყიდოს ან გაყიდოს, იმავე დღეს ხდება ცნობილი. თუ იგივეს გააკეთებს სხვა ტიპის აუქციონზე, რომელსაც "ბიმატჩ" პლატფორმას ეძახიან, ინფორმაცია მომდევნო თვის 25 რიცხვში ხდება ცნობილი, ანუ ოპერაციის განხორციელებიდან დაახლოებით 25-55 დღის შემდეგ, იმის მიხედვით, წინა თვის რომელ რიცხვში ჩატარდა აუქციონი. ერთი და იგივე შინაარსის ოპერაციის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება ხდება დროის აბსოლუტურად განსხვავებულ ინტერვალში, რაც ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეროვნულმა ბანკმა მსგავსი მავნე პრაქტიკა და ისევე ოპერატიულად გაავრცელოს ინფორმაცია, როგორც ეს სავალუტო აქციონის მეშვეობით ვაჭრობისას ხდება,“ - წერს გოცირიძე.

დეპუტატის პოზიცია ირიბად დაადასტურა ,,თიბისი კაპიტალის" მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ, რომელმაც ისაუბრა რამდენიმე ფაქტორზე, რითაც დოლართან და ევროსთან მიმართებით ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება აიხსნება.

,,მიგრაციის პიკი გადავლილია, თუმცა იმის მიუხედავად, რომ მიგრაციის ეფექტი მცირდებოდა, წმინდა სავალუტო შემოდინებები არ იკლებდა, ესაა მნიშვნელოვანი, სხვა ფაქტორები აბალანსებდა. მარტის მონაცემები ჯერ არ გვაქვს, თუმცა თებერვალში წმინდა სავალუტო შემოდინებები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ასევე მნიშვნელოვანი არგუმენტია, რომ რეალურად ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკი დაუბრუნდა ვალუტის ყიდვას, ეს ნიშნავს, რომ სავალუტო ბაზარზე დოლარის მეტი მიწოდებაა, ვიდრე ლარის. მთლიანობაში, კურსთან დაკავშირებით ჩვენი პროგნოზი უცვლელია, გვაქვს მცირედი, მაგრამ გაუფასურების პროგნოზი. ჩვენი საბოლოო სცენარით, 2024 წლის ბოლოს ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.75-2.80-ის ფარგლებშია“,- თქვა ეკონომისტმა.

თებერვლის ბოლოდან მოყოლებული, უცხოური ვალუტის დეპოზიტები ლარის დეპოზიტებზე მეტად იზრდება, რაც ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით მოქმედებს, თუმცა ეს ფაქტორი, სავარაუდოდ, დროებითია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×