წლის დასაწყისი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ასეთ სტარტს არავინ ელოდა
გვანცა წულაია
03.04.2024

2024 წლის ორ თვეში საქართველოს ეკონომიკამ ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. იანვარში ქვეყნის მშპ - 5.8%-ით, ხოლო თებერვალში 9.5%-ით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც საქართველომ პანდემიის დასრულების შემდეგ აიღო, არ განელებულა. მიმდინარე ორთვიანი სტარტის შემდეგ კი ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ 2024 წელი ორნიშნა ან მასთან მიახლოებული შედეგით დაიხუროს.

მართალია, 2021 და 2022 წლებთან შედარებით, 2023 წელს ტემპი შენელდა, მაგრამ მაჩვენებელი მაინც საკმაოდ პოზიტიური იყო. 2021 და 2022 წლებში საქართველოს ორნიშნა მაჩვენებელი ჰქონდა, 2023 წელს კი ზრდის ტემპი 7.5%-მდე შემცირდა. კარგად დაიწყო 2024 წელიც. მიმდინარე წლის პირველ თვეში ქვეყნის ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, ხოლო თებერვალში 9.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია 2024 წელს საქართველოს 5%-ზე მეტ მაღალ ეკონომიკურ ზრდას უწინასწარმეტყველებს. არჩევნების წლის მიუხედავად, მოლოდინი გაუმჯობესდა, მათ შორის არც საერთაშორისო პლატფორმაზე და სხვადასხვა ფინანსურმა ინსტიტუტებმა საკუთარი პროგნოზი ზრდის მიმართულებით შეცვალეს.

საქართველოს ეკონომიკას წინსვლასა და განვითარებაში სხვადასხვა გარემოებები ეხმარება. სწორედ ამ მიმართულებებზე ისაუბრა ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ, რომლის მოლოდინითაც მიმდინარე წელს შარშანდელ 7.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე უკეთესი შედეგი იქნება.

"2024 წლის თებერვალში საკმაოდ მაღალი - 9.5%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. პირველი ორი თვის შედეგის კარგია (საშუალოდ 7.7% იყო), არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირშიც. ჩვენ გასულ წლებშიც გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მაშინ ინლაციაც დიდი იყო. ამ გარემოებით, მაღალი ზრდის ეფექტი გაუფასურდა. წელს კარგი ტემპი გვაქვს, მაგრამ ინფლაციაა ფაქტობრივად განულებულია, 1%-ზე დაბალია მისი მაჩვენებელი, ანუ მიზნობრივზე ქვევითაა. ეს ძალიან კარგია ეკონომიკისთვის.

დაბალი ინფლაციის შედეგად სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი რამდენჯერმე შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის შერბილება ეკონომიკაში უფრო იაფი ფული შეშვებას გულისხმობს, რაც ეკონომიკური აქტივობის კიდევ უფრო მეტად მხარდაჭერის ინსტრუმენტს წარმოადგენს. ახლა ჩვენ გვაქვს მაღალი ტემპი, რომელიც ერთი მხრივ განპირობებულია მონეტარული პოლიტიკის ეფექტით და თანაც საყურადღებოა, რომ ექსპორტი არ არის გაზრდილი, პირიქით, ორი თვის მაჩვენებელი რომ ავიღოთ, გარკვეულწილად, შემცირებულიცაა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც უნდა განვიხილოთ ერთ-ერთ მასტიმულირებელ ფაქტორად. მართალია, არ არის გამოქვეყნებული, მაგრამ, ჩემი მოლოდინით, პირველ ორ თვეში ინვესტიციები იქნება გაზრდილი, წინა პერიოდთან შედარებით.

სავალუტო ფონდმა მარტში პროგნოზი გადასინჯა ისე, რომ პირველი კვარტალის დასრულებას არ დაელოდა. 4.8% ჰქონდა წლის დასაწყისში და გახადა 5.7%. ასევე პოზიტიური შეფასება აქვს "მუდისს". მიუხედავად იმია, რომ წელს საარჩევნო წელია და როგორც წესი, ამ პერიოდში გარკვეული სიფრთხილეა ხოლმე, მაგრამ შეფასებები პოზიტიურია, რაც ნიშნაბს იმას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები კარგ მაჩვენებელს ელოდებიან.

ჩვენც ველოდებით კარგ შედეგს და ალბათ, პირველ კვარტალს, სულ მინიმუმ, 7.5%-ით ჩავხურავთ. წლის განმავლობაში საკმაოდ კარგი შედეგი გვექნება. წინასწარ თქმა ძნელია, მაგრამ მგონია, რომ იმაზე გაცილებით უკეთეს მაჩვენებელს მივაღწევთ, ვიდრე შარშან იყო. გასულ წელს კი, როგორც ვიცით, დაკორექტირებული მაჩვენებლით მშპ 7.5%-ით გაიზარდა", - განუცხადა "რეზონანსს” ცუცქირიძემ.

ეკონომიკური მაჩვენებლები გამოსწორებულია სამეზობლოშიც. ეს კი რეგიონში სტაბილურობის გარანტიას იძლევა, რადგან ქვეყნებს ერთმანეთთან მჭიდო ეკონომიკური კავშირი გააჩნიათ, ამიტომ საქართველოსთვის მეზობელი ქვეყნების განვითარება მნიშვნელოვანია.

სომხეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის იანვარში ქვეყნის ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.7%-ით გაიზარდა. შედეგზე დადებითი გავლენა მოახდინა 108%-ით გაზრდილმა ექსპორტმა, რამაც იანვარში 934 მილიონი დოლარი შეადგინა.

2024 წლის პირველ ორ თვეში აზერბაიჯანის ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. საინტერესო, რომ მთავარი მამოძრავებელი ამჟამად არასანავთობო სექტორი აღმოჩნდა, რომელშიც 10%-ს მატება აღნიშნა.

თურქეთი ეკონომიკური ზრდის შედეგს ყოველთვიურ ჭრილში არ აქვეყნებს, იქ მხოლოდ კვარტალური მონაცემებია. შესაბამისად, ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ გასული წლის მეოთხე კვარტალის შედეგი, რაც 4%-იან რეალურ ეკონომიკურ ზრდას ასახავდა.

სტატისტიკის სამსახურის თანახმად, იანვარ-თებერვალში თურქეთმა უცხოეთში 41 მილიარდი დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელა, რაც წინა წელთან შედარებით 8.5%-ით მეტი იყო.

როგორც სტატისტიკოსი და ეკონომისტი გივი მომცელიძე მიიჩნევს, ეკონომიკური ზრდა კარგია, მაგრამ ყველაზე უნდა გადანაწილდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში ამოისუნთქებს ქვეყანა და ხალხიც არსად გაიქცევა.

"სიმართლე რომ ითქვას, იანვრისა და თებერვლის შედეგი არ არის ცუდი მაჩვენებელი. ასე თუ ისე სტაბილური ზრდა გვაქვს ეკონომიკის მიმართულებით, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ, როგორც ყოველთვის, საკითხავია დოვლათი თანაბრად ნაწილდება მოსახლეობაზე?

მაშინ, როდესაც 1600 ლარია საშუალო ხელფასი და ისიც რთულად საშოვნელია, ძნელია ახალგაზარდას მოსთხოვო, რომ აქ დარჩეს და ემიგრაციაში არ წავიდეს. ამიტომ მგონია, რომ მართლა გარღვევაა საჭირო. სტაბილური ზრდა, რომელიც ყველაზე არ ნაწილდება, არ არის კარგი. მხოლოდ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატება და მსხვილი ბიზნესის ბრუნვის ზრდა ნამდვილად არ მოგვიტანს ბედნიერებას.

ასე რომ, ეკონომიკური ზრდა კარგია, მაგრამ სიკეთე ყველაზე უნდა გადანაწილდეს. მაშინ ამოვისუნთქებთ და მოსახლეობა არსად აღარ გაიქცევა”, - განუცხადა გივი მომცელიძემ "რეზონანსს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×