რეზონანსი
10.05.2021

„ტყითსარგებლობის ახალი წესის“ მიხედვით, 2023 წლიდან მოსახლოებას ტყეში შეშის მოჭრის უფლება აღარ ექნება და ისინი საშეშე მასალის შეძენას ე.წ „საქმიან ეზოებში“ შეძლებენ, რომლებიც მუნიციპალიტეტებში განთავსდება. 

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა "საქმის კურსს" განუმარტა, ტრანსპორტირების ხარჯის დაზოგვის მიზნით, სოფლის მოსახლეობას უკვე დამზადებული შეშის შეძენა უახლოესი ტყიდანაც შეეძლება, რომლის მოპოვებასა და დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ. აღნიშნული ორგანოები მოახდენენ ასევე შესაბამისი წესით ხის მერქნის დახარისხებას და "საქმიან ეზოებში" განთავსებას.

რაც შეეხება 2023 წლამდე პერიოდს, როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, კვლავ ნარჩუნდება აქამდე მოქმედი წესი ანუ საშეშე მერქნის მოპოვებას 7 კუბური მეტრის მოცულობით - ბარში, ხოლო 15 კუბური მეტრის მოცულობით მაღალ მთაში მცხოვრები ოჯახები ისევ სიმბოლური მოსაკრებლის გადახდის გზით შეძლებენ.

„2023 წლიდან ტყის ტერიტორიაზე შეშას მხოლოდ სატყეო სამსახურები დაამზადებენ და მოსახლეობას შეშის შეძენა/სარგებლობა შეეძლება ან პირდაპირი მიყიდვის წესით პირდაპირ "საქმიანი ეზოდან"  ან დამზადებულ მასალას ტყიდან წამოიღებენ ანუ 2023 წლიდან მოქალაქე ხეს აღარ ჭრის ტყეში, ვინაიდან რა, სად და როგორ უნდა მოიჭრას იცის მხოლოდ მეტყევემ და მისმა შეგირდმა. მოქალაქეს თუ სურს ტრანსპორტირების ხარჯი დაზოგოს, ის წამოიღებს დამზადებულ მერქანს ტყის კონკრეტული ადგილიდან ან იყიდის იმ მუნიციპალიტეტის საქმიან ეზოში“, - აცხადებს კარლო ამირგულაშვილი, სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

კითხვაზე - გამოიწვევს თუ არა ტყითსარგებლობის ახალი რეფორმა მოსახლეობისთვის საშეშე მასალის გაძვირებას, კარლო ამირგულაშვილმა თქვა, რომ კუბურ მეტრზე მოსაკრებლის მოცულობის გაზრდა არ იგეგმება, ხოლო მას შემდეგ, რაც შეშის ჭრა უფრო ორგანიზებული გახდება, დღეს არსებული საბაზრო ფასის გაზრდა მოსალოდნელი არაა.

bm.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×