რეზონანსი
14.05.2021

მე და ჩემმა კოლეგებმა მხარი დავუჭირეთ და მოვუწონეთ მმართველ გუნდს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქვეყანამ 2024 წელს ევროკავშირში მომავალ წევრობაზე ოფიციალური განაცხადი უნდა გააკეთოს. ეს არ უნდა იყოს პროპაგანდა. მზადებას რეფორმები და ბევრი მუშაობა სჭირდება. ეს არის საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის წარმატებული ევროპული ინტეგრაციისთვის, ახლა პოლიტიკური ნების გამომჟღავნების საუკეთესო მომენტია.

„ახლა საუკეთესო მომენტია ქართველმა პოლიტიკოსებმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და საკუთარ მოქალაქეებს დაუმტკიცონ, რომ გააკეთებენ ყველაფერს 2024 წელს განაცხადის წარმატებით წარსადგენად. ეს არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის საქმე. ამ პროცესს ერთობლივი მუშაობა სჭირდება. თუ ქართული ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება ყველასთვის პრიორიტეტია, მაშინ ახლა არის დრო ამ მიზნის მისაღწევად შესაბამისი საქმიანობისთვის. ამისთვის კრიზისის დასრულებასთან ერთად საჭიროა, რომ კრიზისში ყოფნის განწყობაც წარსულს ჩაბარდეს. ყველა აცხადებს, რომ სურთ ქვეყანას ჰქონდეს წარმატება ევროპული ინტეგრაციის გზაზე და დადგა პოლიტიკური ნების გამომჟღავნების ყველაზე საუკეთესო მომენტი. ეს არის რეფორმებზე ერთობლივი მუშაობა და ამით ევროკავშირისთვის ჩვენება, რომ საქართველო არის და მომავალშიც იქნება საუკეთესო. ეს არის ერთადერთი გზა ევროინტეგრაციის გზაზე მიზნის მისაღწევად. პირდაპირ გეტყვით, საქართველოს შეუძლია ამ კუთხით გარღვევაც მოახდინოს და ამიტომ ვამბობთ საქართველოს მეგობრები, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია. გარღვევაში ვგულისხმობ ევროკავშირში ასოცირებული სახელმწიფოების მიმართ სტრატეგიის შეცვლას. ასოცირებულმა სახელმწიფოებმა და პირველ რიგში საქართველომ, როგორც ინიციატივის მონაწილე წამყვანმა, ლიდერმა ქვეყანამ, მასთან ერთად უკრაინამ და მოლდოვამაც, ორგანიზაციას უნდა მოსთხოვონ მკაფიო პასუხი ევროპულ პერსპექტივაზე. სამიტამდე აქტიურად ვიწყებთ განხილვებს რომანო პროდის ფორმულაზე - ყველაფერი ინსტიტუტების გარდა, რაც საქართველოს მისცემს უამრავ შესაძლებლობას, წვდომას ერთიან ბაზარზე, ეკონომიკური ინტეგრაციის ყველა სარგებელს. ხელს შეგვიწყობს ისიც, რომ ევროკავშირის თავმჯდომარეობა უწევთ საქართველოს მეგობარ ქვეყნებს და მათ შორის ლიეტუვას, პოლონეთს, ჩეხეთს, შვედეთს. შემოდგომაზე დაგეგმილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა შეიძლება ჩვენს ამბიციურ, მაგრამ სამართლიან მოთხოვნებთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხი არ გასცეს, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ერთად უნდა წავიდეთ წინ და წინ არის წარმატება. ყველამ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და თუ ამ დროს საქართველო კრიზისის განწყობაზე იქნება, მაშინ ვინ უნდა გააკეთოს საქმე. ჩვენ ხომ ვერ ვიქნებით ქართველებზე მეტად ამბიციურები“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×